Powered by Jasper Roberts - Blog

14:58 08.09.2017
,,შემოდგომის თბილისზე“ ანსამბლ ,,შავნაბადას“ სოლო კონცერტი გაიმართება!

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“, რომელიც  წელს 25 წლის იუბილეს აღნიშნავს, 27 სექტემბერს ანსამბლი ,,შავნაბადა“ სოლო კონცერტით წარსდგება! ტრადიციულად ფესტივალის ფარგლებში ერთ-ერთი საღამო ქართულ ფოლკლორს ეთმობა. ამ დღეს ანსამბლი ,,შავნაბადა“ განახლებული რეპერტუარით და  ცნობილი ხალხური სიმღერების უნცობი ვარიანტებით წარსდგება მსენელის წინაშე. ,,შავნაბადა“ გამორჩეული ანსამბლია მისი განსაკუთრებული წევრების დამსახურებით, მათ მიერ შესრულებული ცნობილი ხალხური სიმღერები სრულიად განსხვავებული და რაც მთავარია სასიამოვნო მოსასმენია. კონცერტს საპატიო სტუმრებიც ეყოლება, რომელთა ვინაობასაც ანსამბლი სიურპრიზად ტოვებს.  საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი“ წელს 17 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, ტრადიციულად ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში გაიმართება, ფესტივალის წარმდგენია ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი და თბილისის მერია. 

 

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი `შემოდგომის თბილისი~დაფუძნდა 1993 წელს კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ. ფესტივალის სულის ჩამდგმელი გახლდათ მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დირიჟორი ჯანსუღ კახიძე. მისი ჩანაფიქრი იყო დაეარსებინა საერთაშორისო დონის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი, რომელიც საქართველოში არსებულ საკონცერტო ცხოვრების მდიდარ ტრადიციებს ააღორძინებდა. თავისი არსებობის მანძილზე `შემოდგომის თბილისი~ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პოპულარულ მუსიკალურ მოვლენად იქცა. გარდა ამისა, ფესტივალს უკვე კარგად იცნობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ – ბევრი სოლისტი თუ მუსიკალური კოლექტივი გამოთქვამს მასში მონაწილეობის სურვილს. 

 

ფესტივალის პროგრამა მეტად მრავალფეროვანია და აერთიანებს კლასიკური მუსიკის, ფოლკლორისა და ჯაზის კონცერტებს. უნდა აღინიშნოს, რომ ფესტივალის კლასიკური ნაწილი ყოველთვის გამოირჩევა სხვადასხვა ჟანრისა და სტილის მუსიკალური შედევრების სიმრავლით. გარდა ამისა ფესტივალი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებისა და ქართული ტრადიციული მუსიკის წარმოჩინებას.

 

ყოველწლიურად ფესტივალს მსოფლიოს გამოჩენილი მუსიკოსები სტუმრობენ. აგრეთვე დიდი ყურადღება ეთმობა ქართული საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებასა და ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლების ხელშეწყობას.

 

 

 

 

 

აფხაზეთის სიმღერის ანსამბლი ,,შავნაბადა” 2005 წელს ჩამოყალიბდა. მისი წევრები ანსამბლების “მართვესა” და “ბიჭების” აღზრდილები არიან. ანსამბლის რეპერტუარი მოიცავს, ქართულ ხალხურ სასიმღერო, ინსტრუმენტულ და საეკლესიო მუსიკას. ანსამბლი მუდმივად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც მართავს კონცერტებს, ატარებს ქართული სიმღერა-გალობის მასტერკლასებს, ლექცია-კონცერტებს და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ფესტივალში. ,,შავნაბადას” საქართველოს საზღვრებს გარეთ ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის კონცერტები 30-მდე ქალაქში აქვს ჩატარებული. არაერთხელ მოხვედრილა სხვადასხა მედია საშუალების ყურადღების ქვეშ, მათ შორის იყო “BBჩ”-ს არა-ერთ გადაცემაში, სადაც წარმოადგინა ეროვნული კულტურა.

 

“შავნაბადამ” წარმატებით ითანამშრომლა მსოფლიოში გამოჩენილ მსახიობებთან და მუსიკოსებთან ერთობლივ პროექტებში: რიშარ გალიანო, უეჰარა ჰირომი, რალფ ფაინსი, სარა კობამა, ჯენი სმიტი და ა.შ. ასევე წარმატებით ითანამშრომლა ქართულ-კორსიკული ექსპერიმენტული მუსიკის შემქნაში მარსელის, ლიონისა და კორსიკის სახელმწიფო ანსმაბლებთან ერთად. 2016 წელს ანსამბლი მიწვეული იყო მსოფლიოში ცნობილ დარბაზში, ლაიპციგის ,,გევანდჰაუსში” სადაც წარმატებით ჩაატარა რამდენიმე კონცერტი, რომელიც გადაიცემოდა გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით.

 

ანსამბლ “შავნაბადას” მიერ საქართველოში ჩატარებული ექსპედიციების შედეგად აღდგენილია არაერთი მუსიკალური ნიმუში. ექსპედიციებისა და პუბლიცისტური სამუშაოების შედეგად გამოცემული აქვს ბიოგრაფიული წიგნები, სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერის აუდიო ალბომები და აქტიურად მუშაობს ქართული გალობა-სიმღერის რაიონული სკოლების დაარსებაში.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge