Powered by Jasper Roberts - Blog

13:24 11.10.2017
საგამოძიებო სამსახურმა მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვის ფაქტზე შვიდი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით, დიდი ოდენობით ქონების გადამალვის ფაქტზე 7 მეწარმე სუბიექტი ამხილეს.


საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ჩატარებული საგადასახადო შემოწმებებისა და ინვენტარიზაციების შედეგად, აღნიშნულ საწარმოებს ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 602 395 ლარი დაერიცხათ. დარიცხული გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, მეწარმე სუბიექტები თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგების გზით, სისტემატურად ახორციელებდნენ მათზე რიცხული ქონების ოჯახის წევრების და ახლობლების სახელზე რეგისტრირებულ საწარმოებზე გასხვისებას. შედეგად, შემოწმებული საწარმოების ბალანსზე არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება აღარ ფიქსირდებოდა და შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები  ვეღარ ახდენდნენ ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული გადასახადების და ჯარიმების იძულების წესით ამოღებას, რამაც სახელმწიფო ბიუჯეტს  მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.  


საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ხსენებული საწარმოების ხელმძღვანელმა  პირებმა  თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგებით ჯამში 120 876 ლარის ღირებულების ქონება გადამალეს.


 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების  აღკვეთას ვადით 6- დან 9 წლამდე ვადით.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge