Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:30 21.10.2017
ალეკო ელისაშვილი საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს. 



ელისაშვილის თქმით, ხელისუფლება იყენებს იმავე მეთოდებს, რაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“. 



ელისაშვილის თქმით, მის შტაბს ათეულობით დარღვევის ფაქტზე აქვს ინფორმაცია, რომელიც ახლა მოწმდება. 



„დილიდან თვალყურს ვადევნებთ იმას, რაც წინა ხელისუფლების დროს საშინლად არ მოგვწონდა და გვაცოფებდა ხოლმე. დღეს ხდება თბილისში შეხვედრა წარსულთან. ყველა საარჩევნო უბანთან მობილიზებული არიან შავებში ჩაცმული ადამიანები, აფორიაქებული სახეებით, საწერი კალმებით, ფურცლებით, სიებით, დაარბენინებენ აქეთ-იქით საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს, გაშმაგებულები ეზიდებიან ხალხს კოორდინატორები, უზარმაზარი ადმინისტრაციული მანქანა არის დაქოქილი იმისთვის, რომ საკუთარი მხარდამჭერები მოიყვანონ საარჩევნო უბნებზე. რა თქმა უნდა, ამის ორგანიზატორია ხელისუფლება, „ქართული ოცნება“. სწორედ ეს არ მოგვწონდა თითოეულ ჩვენგანს წინა ხელისუფლების დროს, რომ ასე არჩევანის უფლებას აკარგვინებდნენ მოქალაქეებს. ათეულობით ფაქტი გვაქვს დაფიქსირებული, მოდის ინფორმაციები, რომ არის „კარუსელების“ მცდელობა და ახლა ჯგუფებია გასული ამ ფაქტების გადასამოწმებლად. არაერთი საჩივარი დაწერეს ჩვენმა დამკვირვებლებმა“, - განაცხადა ელისაშვილმა. 



მისივე თქმით, ასეთი ქმედებები მოწმობს იმას, რომ მმართველ გუნდს მეორე ტურის ეშინია. 


„ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს გული უსკდება მეორე ტურის პერსპექტივაზე, იმაზე რომ ეს პერსპექტივა რეალურია და ამ ყველაფრის წამალი არის ამომრჩევლების აქტიურობა. მინდა მივმართო თითოეულ ამომრჩეველს, ვისთვისაც სულ ერთი არაა, როგორ ქალაქში, როგორ ქვეყანაში გაიღვიძებს ხვალ - მოდით არჩვენებზე და წყალში ჩავუყაროთ ეს უზარმაზარი ბინძური ძალისხმევა ხელისუფლებას“, - განაცხადა მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge