Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:22 11.01.2018
"სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა, თუმცა სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად"

პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესია, რომ პროკურატურის ობიექტურმა და ეფექტიანმა გამოძიებამ საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გასცეს პასუხი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ანტიტერორისტულ ოპერაციებსა და თემირლან მაჩალიკაშვილზე საუბრისას განაცხადა. 



პრემიერმა სამძიმარი გამოუცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს.



„ტერორიზმი არის გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის და ჩვენი სახელმწიფოც აკეთებს ყველაფერს ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. რა თქმა უნდა, როდესაც ამ გამოწვევასთან საკუთარ ქვეყანაში გიწევს ბრძოლა, მით უფრო როდესაც საკითხი ეხება ჩვენს მოქალაქეებს, არის ძალიან მგრძნობიარე და საფრთხილო. ჩვენმა სპეცსამსახურებმა ჩაატარეს რამდენიმე სპეცოპერაცია და სწორედ ტერორისტული საფრთხეების აცილებას ეხებოდა თითოეული მათგანი. ამ ოპერაციებს შეეწირა ჩვენი სპეცსამსახურების ერთი თანამშრომელი, დაგვეჭრა ოთხი. ეს ბიჭები საკუთარი სოცოცხლის ფასად იცავდნენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას. მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ პირველ რიგში სწორედ ხელისუფლების ინტერესია, რომ პროკურატურის ობიექტურმა და ეფექტიანმა გამოძიებამ საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გასცეს პასუხები, ამიტომაც დღეს ამ ვითარებაში წინასწარი განცხადებების თუ წინასწარი დასკვნების გაკეთება აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს.

 

სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშილის გადარჩენა, თუმცა სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მე მინდა სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს.

 

მინდა, ასევე, ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს ქისტ თანამემამულეებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში, თავიანთი დამოკიდებულებით, არაერთხელ დაამტკიცეს საქართველოსა და მისი  ინტერესების ერთგულება. ამ სიმტკიცეში არავის შეაქვს ეჭვი და გარწმუნებთ, რომ  აქ ბზარის შეტანა შეუძლებელია.


ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმის, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ჩვენი სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ ამ უპირველესი ვალდებულების უზრუნველსაყოფად“, - განაცახდა პრემიერ-მინისტრმა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge