Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:52 12.01.2018
თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ”სითი ინსტიტუტს” დედაქალაქის მერიამ ვადა დღის ბოლომდე მისცა

თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ”სითი ინსტიტუტს” დედაქალაქის მერიამ ვადა დღის ბოლომდე მისცა, რათა მათ დაასახელონ გონივრული ვადა, თუ როდისთვის შეძლებენ სრულყოფილი დოკუმენტის წარდგენას.



როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქალაქის განვითარების დოკუმენტი ჯერ კიდევ დაუსრულებელია და მთელი რიგი მიმართულებით საფუძვლიანი სამუშაოებია გასაწევი, რათა ამ სახით გენგეგმის მიღებამ მომავალში დამატებითი პრობლემები არ შეუქმნას ქალაქს. 



”მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ გენგეგმის შესამუშავებლად არქიტექტურის სამსახურსა და ”სიტი ინსტიტუტს” შორის ხელშეკრულება ორი წლის წინ არის გაფორმებული, გაწეულია მნიშვნელოვანი სამუშაოები. მისი ნაწილი რეალური და გამოსადეგია ქალაქის განვითარებისათვის, თუმცა დოკუმენტი ჯერ კიდევ დაუსრულებელია და მთელი რიგი მიმართულებით საფუძვლიანი სამუშაოებია გასაწევი, რათა ამ სახით გენგეგმის მიღებამ მომავალში დამატებითი პრობლემები არ შეუქმნას ჩვენ ქალაქს.



კონტრაქტიორ კომპანიას ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით რამდენჯერმე ეცნობა ჩვენი პოზიცია. თუმცა, სამწუხაროდ გენგეგმის მეექვსე დასკვნითი დოკუმენტი ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს. 



მინდა გაცნობოთ, რომ ხელშეკრულების თანახმად ჩვენ სწორედ დღეს გვეწურება ვადა, მივიღოთ გადაწყვეტილება მიიღებს თუ არა თბილისის მერია ”სიტი ინსტიტუტის” მიერ შემუშავებულ გენერალურ გეგმას, მის დასკვნით დოკუმენტს. ვაცნობიერებთ რა გენგეგმის მნიშვნელობას ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენ ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას დავუშვათ შეცდომა, წავიდეთ კომპრომისზე და მივიღოთ არასრულყოფილი დოკუმენტი. ჩვენ ვითვალისწეინებთ ფაქტობრივ მოცემულობას და იმ სამუშაოებს, რომელიც უკვე გასწია კომპანიამ ამ პროცესში. პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის და ზოგადად ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის მიღება. ყველაფრის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას საკუთარი რესურსების გათვალისწინებით დღის ბოლომდე წარმოადგინონ გონივრული ვადა, თუ როგორ და რა ვადებში შეძლებენ ამ დოკუმენტის სრულყოფას. ჩვენი მხრივ, მერია და მერიის მთელი სამსახურები სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ მათთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, რათა იქნას მიღებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა”, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge