Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:07 12.01.2018
მორიგი დაპირისპირება ზაქარია ქუცნაშვილსა და თამაზ მეჭიაურს შორის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, „თიანეთის მერიის გულგრილობის და არაკომპეტენტურობის გამო, მე-11 დღეა, რაც მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერებულია“.



როგორც ქუცნაშვილი აცხადებს, 2 დაბის და 80 სოფლის მოსახლეობა იძულებულია თოვლში და სიცივეში ფეხით გადაადგილდებოდეს. 



„ბოლო 4 წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მუნიციპალური ტრანსპორტი თიანეთის მერიის გულგრილობის და არაკომპეტენტურობის გამო გაჩერდა. წარმოიდგინეთ, რომ თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი ავტობუსების ან მეტროს სახით, თუნდაც ერთი დღე გაჩერდეს. ეს სრულ სატრანსპორტო კოლაფსს და ხალხის სრულიად სამართლიან უკმაყოფილებას გამოიწვევდა. თიანეთის მუნიციპალიტეტში კი უკვე მე-11 დღეა, რაც ეს მდგომარეობაა. ამ დროს ადამიანს ცნობის ასაღებად, იუსტიციის სახლის ოთხასამდე სერვისიდან რომელიმეს მისაღებად, უცხოეთიდან საბანკო ანგარიშზე გადმორიცხული დახმარების მოსახსნელად, კომუნალური გადასახადის გადასახდელად, წამლის თუ საკვების შესაძენად, სოფლის ექიმის ბავშვთან ან მისი ოჯახის სხვა წევრთან გასასინჯად მისასვლელად და ასევე, ბევრი სხვა ადამიანური საჭიროებისათვის, იაფი მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდღიურად სჭირდება“, - წერს ქუცნაშვილი Facebook-ის გვერდზე.



მისი თქმით, აღმაშფოთებელია ასეთი გულგრილობა და არაკომპეტენტურობა, როდესაც ხელთ გაქვს ყველა საჭირო ფინანსური სახსარი და მარტივი პროცესის ორგანიზებას ვერ ახდენ. 



„აღმაშფოთებელია როდესაც თავად გამთბარ კაბინეტში ზიხარ, ხოლო საკუთარი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინიტრაციულ ერთეულებში მომუშავე 30-მდე საჯარო მოსამსახურეს გაყინვისათვის სწირავ. თიანეთში მე-3 თვე დაიწყო, რაც დაბალი რგოლის თანამშრომლებს საშეშე მერქანს არ უგზავნიან. თიანელები წარსულში დაბრუნებას და მითუმეტეს, ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ“, - აცხადებს ქუცნაშვილი.



შეგახსენებთ, რომ თავად თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის განმარტებით, შეშის მომარაგება ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში უნდა მომხდარიყო, თუმცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას „ქართული ოცნებიდან“ ეს არ გაუკეთებია. მეჭიაურის თქმით, სატყეო სააგენტოს მერქნის გამოყოფაზე მიმართეს და პრობლემა უახლოეს პერიოდში გადაიჭრება.

 

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური ადასტურებს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაში შეფერხებებია, თუმცა საბოტაჟში ქალაქის საკრებულოს და ზაქარია ქუცნაშვილის ”კადრებს” ადანაშაულებს.



როგორც თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, შეფერხებები გამოწვეულია იმით, რომ თიანეთის საკრებულო მერიის სტრუქტურას და ბიუჯეტს არ ამტკიცებს.



„მერიის სტრუქტურის არ დამტკიცება არის იმის მიზეზი, რომ დღემდე არსებული სამსახურების აბსოლუტური უმრავლესობა ბატონი ზაქარია ქუცნაშვილის პერიოდში არის დანიშნული, ზოგიერთი მათგანი დღესაც მისი გავლენის ქვეშაა. ხედავენ რა, რომ სტრუქტურების დამტკიცებას არ დაადგა საშველი, ისინი კვლავ მის წინაშე ანგარიშვალდებულად თვლიან თავს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს არის ამ თაღლითის საბოტაჟის გეგმის ერთ-ერთი ნაწილი და ასეთი ქმედებებით ცდილობს, რომ ჩიხში შეიყვანოს მერიის საქმიანობა. პრაქტიკულად მე ვარ და მხოლოდ ორი მოადგილე მყავს ჩემი დანიშნული მერიაში. მე არ ვამბობ, რომ სტრუქტურის დამტკიცების შემთხვევაში ყველას შევცვლიდი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისინი ანგარიშვალდებულები იქნებოდნენ ჩემს წინაშე. რწმუნებულები ტერიტორიულ ერთეულებში საქმით კი არა, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიით იყვნენ დაკავებული და როცა მე გავხდი მერი, შვებულებაში გასულები დამხვდნენ და მხოლოდ დეკემბერის მეორე ნახევარში დაბრუნდნენ“, - განაცხადა მეჭიაურმა.



მისი თქმით, ყოველივე ზემოაღნიშნულს პირდაპირი კავშირი აქვს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების საკითხთანაც.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge