Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:24 12.01.2018
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2017 წელს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2017 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა და 954 397 შეადგინა, - ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.



მათივე ინფორმაციით, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა, ხოლო ქართველების - 28%-ით. ვიზიტორთა 57% ქართველი, 43% კი უცხოელია.



ყველაზე პოპულარული ტერიტორიების ხუთეული ასე გამოიყურება - პრომეთეს მღვიმე - 163 941; მარტვილის კანიონი - 147 374; ყაზბეგის ეროვნული პარკი - 154 085; სათაფლია - 85 526; ოკაცეს კანიონი - 73 113. 



ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე - მაჭახელას ეროვნული პარკი - ზრდა 147%; მარტვილის კანიონი - ზრდა 136%; ალგეთის ეროვნული პარკი - ზრდა 74%; თბილისის ეროვნული პარკი- ზრდა 47%; მტირალას ეროვნული პარკი - ზრდა - 41%; ოკაცეს კანიონი - ზრდა - 40%; პრომეთეს მღვიმე - ზრდა - 19%. 



უწყების ინფორმაციით, 2017 წელს დაცულ ტერიტორიებს ვიზიტორები მსოფლიოს 97 ქვეყნიდან ესტუმრნენ, მათგან ყველაზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა - გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. წელს ვიზიტორთა რაოდენობა განსაკუთრებით, 203%-ით გაიზარდა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, 64%-ით ინდოეთიდან, 63%-ით ლატვიიდან, 48%-ით ლიტვადან და რუსეთიდან. საქართველოს დაცულ ტერიტორიებს პირველად ესტუმრნენ ვიზიტორები ლიბანიდან, ლიბიიდან, ტაჯიკეთიდან, იემენიდან, ტუნისიდან, სამხრეთ სუდანიდან და ნეპალიდან.



„20 ადმინისტრაციიდან მხოლოდ 5 დაცული ტერიტორიის წვლილი საქართველოს ეკონომიკაში შეადგენს 86 542 878 ლარს, რაც მოიცავს როგორც ეკოტურისტული სერვისების, ისე ადგილობრივი ბიზნესის შემოსავლებს. კვლევა დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაკვეთით, პროექტის „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო“ ფარგლებში გერმანელმა ექსპერტმა ყაზბეგის, ლაგოდეხის, მარტვილის, მტირალას და პრომეთეს დაცულ ტერიტორიებზე ჩაატარა. კვლევა ეფუძნება საქსტატისგან, ვიზიტორებისა და ადგილობრივი ტურისტული სერვისების მიმწოდებლებისგან მიღებულ ინფორმაციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge