Powered by Jasper Roberts - Blog

15:13 02.02.2018
დღეიდან 3 აპრილის ჩათვლით, ეროვნული გალერეა მიქელანჯელოს გრაფიკულ ნამუშევრებს უმასპინძლებს

დღეიდან 3 აპრილის ჩათვლით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა რენესანსის ეპოქის იტალიელი მოქანდაკის, მხატვრის, არქიტექტორისა და პოეტის მიქელანჯელო ბუონაროტის (1475-1564) 6 გრაფიკულ ნამუშევარს  უმასპინძლებს. ფლორენციის „კაზა ბუონაროტის“ მუზეუმში, კოლექცია, მიქელანჯელოს სხვა შედევრებთან ერთად, 200-ზე მეტ ჩანახატსა და ხელნაწერს ინახავს.


ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი იქნება მიქელანჯელოს მიერ 1508-1510 წლებში სიქსტეს კაპელის მოხატულობაზე მუშაობის პერიოდში (1508-1512) შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები.


„დღეიდან 3 აპრილის ჩათვლით, ეროვნულ გალერეაში, მიქელანჯელოს ნამუშევრების გამოფენა იქნება. ექსპოზიციაში არის  გრაფიკული ნამუშევრიები, რომელიც მან  სიქსტეს კაპელის მოხატულობაზე მუშაობის დროს შექმნა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოფენა, სადაც საგანმანათლებლო კომპონენტია წარმოგდენილი, უდიდეს ინტერესს გამოიწვევს ფართო საზოგადოებაში. ის, რომ ეროვნული გალერეა და ეროვნული მუზეუმი მასპინძლოს მაღალი დონის გამოფენებს, აღარავისთვისაა ახალი ამბავი. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ჩართული იყო ამ გამოფენის ორგანიზებაში. პირველ რგში ეროვნულ მუზეუმს, იტალიის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს“ განაცხადა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა–მიხეილ გიორგაძემ.


დამთვალიერებელი იხილავს ადამიანის სახისა და სხეულის გრაფიკულ დეტალებს, მათ შორის ხელის გამოსახულებას ფრესკისთვის „ადამის შექმნა" და ფიგურებს ფრესკისთვის ,,სამოთხიდან განდევნა“. ექსპოზიციაში ჩართული იქნება მულტიმედია. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ დოკუმენტური ფილმი „მოგზაურობა მიქელანჯელოს აღმოსაჩენად."

 


„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს იტალიელ პარტნიორებს, ამ დიდი ნდობისთვის. იმისთვის, რომ ჩვენ ვმასპინძლბთ მსოფლიო შედევრებს.  ეს არის გაგრძელება იმ პროცესის, რომელიც წინა წელს დაიწყო.დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მნახველი გვეყოლება. ისინი ემოციებთან ერთად ცოდნას მიიღებენ. პირველ რიგში ეს გამოფენა ემსახუება, იმას რომ ყველა ჩვენგანმა შეიგრძნოს, რომ მსოფლიოს ნაწილი ვართ და ჩვენი იდენტობა გაგვაჩნია,– აღნიშნა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ.


გამოფენა, რომლის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და  იტალიის საელჩო საქართველოში, სხვადასხვა ინსტიტუციებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. საქართველოს მხრიდან: კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის პროექტი ,,Check in Georgia” და სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია"; იტალიის მხრიდან კი: იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, იტალიის კულტურის სამინისტრო, პროგრამა „VivereALL'italiana". გამოფენა ხორციელდება მუზეუმთან „კაზა ბუონაროტი" და კულტურულ ასოციაცია „მეტამორფოზისთან" თანამშრომლობით.


„მოხარულები ვართ, რომ შემოგთავაზოთ ასეთი მნიშვნელოვანი გამოფენა. ეს არის ორი ქვეყნი სხვადასხვა ინსტიტუციების თანამშრომლობის შედეგი. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და კულტურის სამინისტროს. მნიშვნელოვანია, რომ  ქართველი ახალგაზრდები ეზიარებიან ისეთი გენიოსის ნამუშევრებს, როგორიც  მიქელანჯელო იყო. ეს არის მოსამზადებელი ნახატები სქსტეს კაპელისთვის, “– განაცხადა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში იტალიის ელჩმა – ანტონიო ერნიკო ბარტოლიმ. 

 

 

/ ნინო ოთარაშვილი /

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge