Powered by Jasper Roberts - Blog

14:21 09.02.2018
„მე შენი ძმა ვარ“ - ათი წლის შემდეგ, თბილისში, ბუბა კიკაბიძესთან

«Новое время» (რუსეთი), 09 თებერვალი, 2018 წელი

https://www.novayagazeta.ru/articles/2018/02/09/75441-ya-brat-tvoy-eti-slova-skazal-ne-ya

 


სტატიაში საუბარია მომღერალ ვახტანგ კიკაბიძის შესახებ, რომელიც 2008 წლამდე რუსეთში ხშირად დადიოდა და კონცერტებში მონაწილეობდა, მოსახლეობის სიყვარულით სარგებლობდა, მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ მან რუსეთში გასტროლები შეწყვიტა და უარი განაცხადა რუსული ორდენის მიღებაზე (ავტორი - იური როსტი).


„ბუბა კიკაბიძე ჩვენთვის მშობლიური ადამიანი იყო თავისი ჩახლეჩილი, ხრინწიანი ხმით, თავისი სიმპათიური კინოგმირებით, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრნენ... იგი ჩვენთვის მაინც მშობლიური დარჩა. ალბათ, ყველასათვის არა, მაგრამ მათთვის ნამდვილად, ვისაც ახსოვს ჩვენი ქვეყნების 200-წლიანი მეგობრული ურთიერთობა. საქართველო ჩვენთვის ყველა მეზობელთან შედარებით უფრო ახლოს იყო - სტუმართმოყვარეობით, კულტურით, სარწმუნეობით. ყველაზე ცნობილი რუსი პოეტები თავიანთ თარგმანებში გვაცნობდნენ ქართული პოეზიის სიღრმეს და ბრწყინვალებას. ჩვენ ვიცით და ვაფასებთ ქართულ მუსიკას, კინოს, პროზას და ფეხბურთსაც. ძველ დროს ქართველი თავადები სავალდებულოდ მიიჩნევდნენ რუსეთის იმპერიის არმიაში სამსახურს. ქართულ მიწაზე ჩვენთვის ძვირფასი საფლავებია - მთაწმინდის პანთეონში ალექსანდრე გრიბოედოვი და მისი მეუღლე ნინო ჭავჭავაძე განისვენებენ...


დღეს არსებული დამამცირებელი სავიზო რეჟიმით ვრისკავთ, რომ მშობლიური ხალხი დავკარგოთ. ქართველებს კი არ სურთ მათი დაკარგვა, ვინც უყვართ და ამიტომ ამბობენ - „ჩამოდით, ბიჭებო, ჩვენთან! გულღიად და სიხარულით მიგიღებთ, დიდებულად და მშვიდობიანად, გაგიღიმებთ. გეტყვით „გამარჯობას“ ჩვენთვის ნაცნობ და საერთო რუსულ ენაზე, რომელზეც ქართველების უმრავლესობა კვლავ მშვენივრად ლაპარაკობს.

 

ამ ზამთარს, ახალი წლის შემდეგ, მე თბილისში თვითმფრინავით ჩავედი, რომელიც რუსებით იყო სავსე. ვამჩნევდი, რომ ისინი რაღაც დაძაბულები იყვნენ. ალბათ, იცოდნენ, თუ რა რთულია ქართველისათვის რუსეთში გამგზავრება და ელოდნენ, როგორ შეხვდებოდა მათ უვიზოდ თბილისი. თვითმფრინავიდან გადმოსვლისას მათ ფრთხილად წარუდგინეს თავისი რუსული პასპორტები თავაზიან კონტროლიორს... ერთი წუთიც არ გასულა და ისინი საქართველოს სტუმრები გახდნენ, მესაზღვრისაგან კი საჩუქრად სანაქებო „საფერავი“ მიიღეს. აი, ასე უბრალოდ და მარტივად.


ეს ადამიანები დაბრუნდნენ აწ უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, რომელიც ოდესღაც ჩვენი საერთო სამშობლოს ნაწილი იყო. და ასეთმა საქართველომ, მათ გასაკვირად, რუსი მეგობრების მიმართ სიყვარული შეინარჩუნა.


ჩვენი კავშირების ერთ-ერთი მტკიცე სიმბოლო, რომელსაც პოლიტიკური კოროზია ვერაფერს უზამს, ანსამბლ „ოერას“ ყოფილი წევრი, მშვენიერი მომღერალი და მსახიობი ვახტანგ კონსტანტინოვიჩ კიკაბიძეც არის. იგი დიდი ქვეყნის კერპი, სატაყვანო ადამიანი იყო. იგი ქართულ და რუსულ სიმღერებს მღეროდა. მას ვუყვარდით და გვემეგობრებოდა. მას დღესაც ვუყვარვართ.


გმადლობთ, ბუბა! ჩვენც შენნაირები ვართ! ის წლები, რომლებიც ერთად გავლიეთ, როგორც შენს სიმღერაშია, მართლაც ჩვენი საერთო სიმდიდრეა“.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge