Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

12:06 21.02.2018
"აშშ შავ ზღვაში ახალ ფლოტს ქმნის - საქართველო-ნატო-ს წვრთნებს საზღვაო კომპონენტი ემატება"

ნატო-ს ყოველწლიური მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "მებრძოლი სულის" ფარგლებში შესაძლოა, საქართველოს საზღვაო კომპონენტიც დაემატოს. ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ანგარიშის წარდგენისას თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.

 

ანალიტიკოსების თქმით, სავარუდოდ, ეს იქნება აშშ-ის მე-6 ფლოტის ბაზაზე შექმნილი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ კარგად უნდა გააანალიზოს, რომ, ამის პარალელურად, ჩვენი ქვეყნისთვის საზღვაო ფლოტის აღდგენაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, თავის დროზე ნატო-ში იყო იდეა, რომ მუდმივმოქმედი სამხედრო-საზღვაო დაჯგუფება შექმნილიყო, მაგრამ იდეა ჩავარდა, ამიტომ აშშ-მა ცალმხრივად გადაწყვიტა შავ ზღვაში ფლოტის შექმნა. ეს არ იქნება მეექვსე ფლოტი, მაგრამ, სავარაუდოდ, მის ბაზაზე მოხდება ახალი დაჯგუფების შექმნა.

 

"ნატო-ში იყო ასეთი იდეა, რომ შექმნილიყო მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ძალების დაჯგუფება. ეს გახმოვანდა ჯერ ვარშავის, შემდეგ ბრიუსელის სამიტზე, მაგრამ ამის წინააღმდეგ წავიდა ჯერ ბულგარეთი (შემდეგ ბულგარეთი დაითანხმეს), შემდეგ კი უცებ თურქეთმა განაცხადა უარი. შესაბამისად, ეს იდეა მერე ყველამ დაივიწყა.

 

"როგორც ჩანს, ამერიკელებს ეჩქარებათ ძალიან და სწორედ მეექსვე ფლოტის ბაზაზე შეიქმნება მობილური სამხედრო საზღვაო დაჯგუფება. ეს იქნება წმინდა ამერიკული, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მას მოგვიანებით სხვა სახელმწიფოებიც შეუერთდნენ. ეს უკვე ორმხრივი მოლაპარაკების საქმეა", - ამბობს ვახტანგ მაისაია.

 

ამასთან, სამხედრო ექსპერტი აცხადებს, რომ უნდა მოხდეს საქართველოს საზღვაო ფლოტის აღდგენაც, რადგან ეს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

"საქართველოში საზღვაო ფლოტის აღდგენაზე ახლა არც არის საუბარი, თუმცა ეს აუცილებელია და მეტიც, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. თავდაცვის სამინისტროს დღევანდელ არაკომპეტენტურ ხელმძღვანელობას ეს არათუ არ ესმის, არც იციან, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას საქართველოსთვის.

 

"ჩვენ იმ ძვირფას დროს ვკარგავთ, რომელიც შეიძლება, სახელმწიფოებრიობას მოვახმაროთ. მით უმეტეს, როდესაც რუსეთ-ამერიკას ურთიერთობა დაეძაბა და შავი ზღვის აკვატორია გახდა მათი დაპირისპირების პირდაპირი არენა.

 

"ამის გათვალისწინებთ, ჩვენ თუ არ აღვადგინეთ სამხედრო საზღვაო ძალები და თუნდაც, ფორმალურ დონეზე არ მოვახდინეთ მათი ყოფნა შავი ზღვის აკვატორიაში, შეიძლება, საკმაოდ მძიმე შედეგებამდე მივიდეთ და რუსებმა დაგვასწრონ.

 

"ამერიკელებმა უკვე ინტენსიურად დაიწყეს შავი ზღვის აკვატორიის ათვისება, ცალმხრივად შექმნეს თავისი სამხედრო საზღვაო დაჯგფება, რომლის ფუნქცია იქნება ის, რაც ნატო-ს საზღვაო დაჯგუფებას უნდა ჰქონოდა", - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

 

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ კარგია, რომ სწავლებაში "მებრძოლი სული" საზღვაო კომპონენტიც ჩაერთვება. თუმცა ჩვენი მხრიდან ჩართულობის რიცხოვნობა, როგორც ადამიანური რესურსებისა, ასევე შეიარაღებისა და ტექნიკის მხრივ, არასაკმარისია.

 

"რეზონანსთან" წინა ინტერვიუში ზუსტად ეს ვიგულისხმე, რომ ნატო-სა და ამერიკასთან ერთობლივი სწავლებების მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება. თუმცა, ჩვენი მხრიდან ჩართულობის რიცხოვნობა, როგორც ადამიანური რესურსებისა, ასევე შეიარაღებისა და ტექნიკის მხრივ, არასაკმარისად მიმაჩნია."

 

"ამ მიმართულებით მეტი ძალისხმევაა საჭირო. ამ კუთხით კარგია, რომ სწავლება "მებრძოლ სულში" საზღვაო კომპონენტიც ჩაერთვება. თუმცა ჩვენი მხრიდან სამხედრო-საზღვაო კომპონენტში ვინ მიიღებს მონაწილეობას? სანაპირო დაცვა?"

 

"კარგია, რომ სანაპირო დაცვა ვითარდება, მაგრამ სამხედრო ფლოტს ის ვერ ჩაანაცვლებს. ეს იგივეა, სახმელეთო საზღვრის დაცვის პოლიციამ შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარები რომ ჩაანაცვლოს. შეძლებს? ვერა."

 

"სანაპირო დაცვის ხომალდებს, საერთაშორისო სამართლის თანახმად, შეზღუდული შეიარაღება გააჩნიათ, მხოლოდ 40 მმ-მდე ტყვიამფრქვევები. ასევე სანაპირო დაცვის უფლებამოსილება შეზღუდულია ზღვის სიღრმეში."

 

"აგვისტოს ომის შემდეგ ეტყობა, არასრულყოფილების სინდრომი გაგვიჩნდა, გავაუქმეთ საჰაერო ძალები, ფლოტი. 2014-ში საჰაერო ძალები აღვადგინეთ, სამხედრო ავიაციაზე ვამბობთ უარს, შარშან კი საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტი გავაუქმეთ გენერალურ შტაბში.

 

"ახლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა თუნდაც ამ დეპარტამენტის მონაწილეობა, რათა ნატო-ელ მეზღვაურებთან ჩვენს სამხედრო მეზღვაურებს ჰქონოდათ ურთიერთობა, ერთად დაეგეგმათ სწავლებები", - ამბობს ამირან სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ ფლოტის უქონლობის პირობებში, გარდა პოლიტიკური დატვირთვისა, ამ სწავლების საზღვაო კომპონენტით, ვერაფერს ვიღებთ.

 

"ყველას წარმოუდგენია, რომ როცა ფლოტზე ვსაუბრობთ, აუცილებლად კრეისერები და ავიამზიდები უნდა გაგვაჩნდეს. როდის უნდა განვასხვაოთ, რომ სამხედრო ფლოტსა და სანაპირო დაცვას საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო ამოცანების აბსოლუტურად განსხვავებული სფეციფიკა აქვს?"

 

"იქნებ ვინმემ ამიხსნას, როგორ ვაპირებთ ზღვის მიმართულებიდან სახელმწიფოს დაცვას? იქნებ გავაანალიზოთ, რა განსხვავებული უფლებები აქვს ზღვაში სამხედრო და პოლიციურ ხომალდებს?"

 

"წლები დასჭირდა ამ სკოლის ჩამოყალიბებას, უმძიმეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ პირობებში. ჩვენ, ფაქტობრივად, 2010 წელს, ამ სკოლის განადგურებას მოვაწერეთ ხელი. ოდესმე, საქართველოს მოუწევს სამხედრო ფლოტის შექმნა, ისევე როგორც ავიაციისაც, ოღონდ - სუფთა ფურცლიდან", - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

 

ნინო ქეთელაური

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი