Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:54 27.02.2018
რატომ ემტერებოდა ქალაქის პროკურატურა „ჯორჯიან თაიმსს“?

გასულ წელს შეჭმული ტყემალი...

 

გახსენება


ია დანელია

 


ეს ამბავი გასულ ზაფხულს მოხდა. რედაქციაში მკითხველი გამოცხადდა და თბილისის პროკურატურაზე, მისი პირველი პირების დანაშაულებრივ საქმიანობასა და მსხვილ კორუფციულ ფაქტებზე რამდენიმე საინტერესო ამბავი მოგვიყვა. „ჯორჯიან თაიმსი“, რასაკვირველია, ამ ინფორმაციას ბოლომდე მიჰყვა, დაკითხა თბილისის პროკურატურის მაღალჩინოსნები, მოიძია სხვა მეტად მნიშვნელოვანი მასალები და თვის ბოლოს ძალზე საინტერესო ჟურნალისტური გამოძიება შესთავაზა მკითხველს.

 


სამწუხაროდ, ამ მასალებით იმ პერიოდში მხოლოდ ჩვენი მკითხველი თუ დაინტერესდებოდა, თორემ არც ხელისუფლება მისი რომელიმე რგოლით და არც გენერალური პროკურატურა ჩვენ მიერ მოძიებულ ფაქტებზე რეაგირებას არ მოახდენდა. არც გვქონდა ამის ილუზია...

 


როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე, ქალაქის პროკურატურა „ჯორჯიან თაიმსის“ ჯერაც გამოუქვეყნებელმა მასალებმა ძალზე შეაწუხა და ააფორიაქა. კრიტიკულ მომენტში მაღალჩინოსნები და დანაშაულში ბრალდებული პირველი პირები არასოდეს ჩანან. მოქმედებენ პრეს-მდივნები, რომლებიც სპეციალურად ინიშნებიან ხოლმე სახელმწიფო უწყებებში დირექტორების, პროკურორების, პოლიციელებისა თუ  მოსამართლეების დანაშაულებრივ საქმეთა დასაფარად, ან „გასაიმასქნებლად“.

 


მასალა გვერდში იყო ჩასმული და როგორც მოსალოდნელი იყო, ქალაქის პროკურატურის პრესცენტრის უფროსი, ქალბატონი ნანა ლომაია შუაღამისას ამოქმედდა. მაშინ მთავარი რედაქტორი ვიყავი და, ეტყობა, ქალბატონ ნანას ჩემთან უშუალოდ დაკონტაქტება და, თანაც ასეთ საქმეზე, მოერიდა. ახლობლის პირით გარიგება შემომთავაზა, ნუ გაუშვებთ სტატიას და პატივისცემა ჩვენზე იყოსო.

 


უკან დახევას არ ვაპირებდით, გაზეთი უკვე სტამბაში იყო, მაგრამ ჟურნალისტურმა ცნობისმოყვარეობამ მაინც მძლია და „პატივისცემის“ მასშტაბით დავინტერესდი. „მასშტაბებმა“ მართლაც რომ გამაოგნა. ფულად ნიშნებში ის 3-დან 5 000 დოლარს უახლოვდებოდა. გააჩნია, როგორ ვივაჭრებდი იმ 2000 დოლარისთვის.

 


აწრიალებული პროკურატურა, მაშინ „ჯორჯიან თაიმსმა“ პირში ჩალაგამოვლებული დატოვა. სტატია დაიბეჭდა... თუმცა, პროკურატურის მაღალჩინოსნებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ და ათასი ბინძური ჭორი დაყარეს „ჯორჯიან თაიმსის“ ჟურნალისტებსა და პირადად ჩემზე.  ქალბატონმა ნანა ლომაიამ ჩემს უახლოეს მეგობრებს განუცხადა, რომ მე ქალაქის მთავარ პროკურორს ფულს ვძალავდი და როცა ეს არ გამომივიდა, ამ გამოგონილი ცილისწამებით შური ვიძიე პროკურატურაზე.

 


გამიკვირდა, აღვშფოთდი კიდეც, თუმცა არავითარი სურვილი აღარ მქონდა, ქალბატონი პრესმდივნის ცილისწამებისთვის მეპასუხა, უბრალოდ, პროფესია ჰქონდა ასეთი და ისიც მოქმედებდა როგორც შეეძლო.

 


გავიდა ხანი, ქვეყანაში რევოლუცია მოხდა, შეიჩვალა გენერალური პროკურორი, თუმცა უცვლელი დარჩა თბილისის პროკურარურის პრესცენტრის უფროსი, რომელიც ვალერი გრიგალაშვილს  „მზითევში“ ერგო, ყველა ძველი, ბიუროკრატიული ინტრიგით, დაგროვილი ბოღმით და შურისძიებისა თუ რევანშის წყურვილით.

 


მას შემდეგ „ჯორჯიან თაიმსმა“ ქალაქის პროკურატურას კიდევ არაერთხელ შეახსენა თავი. ერთადერთი ოპოზიციური გაზეთის ამპლუაში ყოფნა ძლზე არასახარბიელოა, მით უფრო ამ ქვეყანაში, როცა ოპოზიციური აღარც პარტია არსებობს და აღარც რამე სხვა ოპოზიციური ძალა. ძველი წყენა ნანა ლომაიასთან ერთად ახალ ქალაქის პროკურორსაც მემკვიდრეობით გადმოჰყვა.

 


იყო შემთხვევა, როცა ვალერი გრიგალაშვილი პირადად გვემუქრებოდა ანგარიშსწორებით. ჩვენ არც მაშინ შევშინებულვართ და არც მის შემდეგ ვაოპირებთ ფარ-ხმალის დაყრას, იმიტომ, რომ ჩვენს უკან სიმართლეა, იმიტომაც, რომ ვერაფრით გაუმტყუვნებთ იმედებს ჩვენს ერთგულ მკითხველს, რომლებიც მუდმივად გვამხნევებენ, გვირეკავენ, გვერდით გვიდგანან.

 


 

უკან ვერ დავიხევდით კიდევ იმიტომაც, რომ ქვეყანაში ვიღაცამ მაინც უნდა თქვას სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა, როგორი მძიმე მოსასმენიც უნდა იყოს სიმართლე ქვეყნის ხელისუფლებისთვის, განსაკითრებით ისეთი პატარა და სწრაფად წარმავალი ჩინოვნიკებისთვის, როგორც ბატონი ვალერო გრიგალაშვილია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge