Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

15:40 12.03.2018
რატომ იმეტებენ მოზარდები ერთმანეთს სასიკვდილოდ? - ბავშვთა ფსიქოლოგის მოსაზრება

მოზარდებს შორის დაპირისპირებისა და ძალადობის ფაქტები დღითიდღე მატულობს. ბოლო პერიოდში გახმაურებულმა შემთხვევებმა, არაერთი მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. რატომ იმეტებენ ისინი ერთმანეთს სასიკვდილოდ? საიდან მოდის აგრესია? ძალადობის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, „ჯორჯიან თაიმსს“ ბავშვთა ფსიქოლოგი, - ნანა გოგიჩაშვილი ესაუბრა:

 

„ამ საკითხთან დაკავშირებით ცალსახა პასუხი არ არსებობს. მოზარდებს შორის აგრესიისა და ძალადობის მიზეზად შეიძლება დასახელდეს მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტი, ასევე პირადი კონკურენცია და ნეგატიური დამოკიდებულება მეორე მოზარდთან, ამის  შემდგომ კი უკვე აგრესიის ფორმით გამოვლინება“ - აცხადებს ნანა გოგიჩაშვილი. 

 

- რამდენად  აისახება  მოზარდის  ფსიქიკაზე  კომპიუტერული  თამაშები და კინოფილმები, რომლებიც ძალადობის სცენებს მოიცავს?


- ერთის მხრივ, ასეთი ტიპის კომპიუტერული თამაშები მათთვის ერთგვარი განტვირთვაა აგრესიული ენერგიისაგან, ხოლო მეორე შემთხვევაში, ზუსტად ეს აგრესიული ენერგია, მათ  რეალურ ურთიერთობებში გადმოაქთ. დიდი დოზით ასეთი თამაშები ნეგატიურად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე.

 

მინდა აღვნიშნო, რომ  გარდატეხის ასაკში, მოზარდი თავისთავად, ბევრი პრობლემის წინაშე დგება.  ამ დროს ყალიბდება ახალი უნარები და ინტერესები, მოზარდებს უნდათ ახალი სოციუმი და საკუთარი თავის განსხვავებული კუთხით დანახვა. ისინი ფიქრობენ, რომ ძალადობის გამოვლინებისა და დინების საწინააღმდეგოდ სიარულის შემთხვევაში, თავის დამკვიდრების გარკვეული პოზიცია ექნებათ და ეს, რა თქმა უნდა არასწორია.


- რამდენად მიზანშეწონილად მიიჩნევთ მოზარდების მობილურ ტელეფონებთან მიჯაჭვულობას?


მე ცალსახად მივიჩნევ, რომ მოზარდებს არ უნდა ჰქონდეთ ძვირადღირებული მობილური ტელეფონები. თუ მათ ასეთი ტელეფონები აქვთ, ეს, პირველ რიგში,  არის მშობლების შეცდომა. მოზარდის მობილურ ტელეფონთან მიჯაჭვულობა  მშობლის არასრულფასოვნების კომპლექსზე მეტყველებს. მოზარდები სწორედ ასეთ მობილურ ტელეფონებზე ხდებიან დამოკიდებულნი და ესეც დიდ როლს თამაშობს იმ აგრესიის გამოწვევაში, რასაც ისინი ერთმანეთთან მიმართებაში ავლენენ.


- როგორ უნდა მოარიდონ მშობლებმა შვილები  კონფლიქტსა და  აგრესიას, რომლებიც ხშირ შემთხვევაში  მათი სიკვდილის მიზეზი ხდება?


მოზარდი აუცილებლად უნდა იყოს დაკავებული სპორტით ან ხელოვნების რომელიმე სფეროთი, - რა თქმა უნდა,  მისი ინტერესებიდან გამომდინარე. ეს შეამცირებს იმ აგრესიას და კონფლიქტს, რაც აღნიშნულ ასაკში ბუნებრივი და თანმდევია. შეიძლება ითქვას, რომ  ეს მოზარდთან  მისასვლელი გზების მოძიებაა. ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია მამის როლიც. განსაკუთრებით - ბიჭისათვის. როგორც უკვე აღვნიშნე, საკითხი ძალიან მრავალფეროვანია, ამიტომ ერთი კუთხით ვერ შევხედავთ.

 

/ლიკა თორთლაძე/

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge