Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

15:38 15.03.2018
სტივენ ჰოკინგის ცხოვრების საინტერესო ფაქტები

ფიზიკიოსი და ასტროფიზიკოსი, სტივენ უილიამ ჰოკინგი, რომელიც კოსმოლოგიასა და კვანტურ გრავიტაციაში მოღვაწეობდა, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მოწინავე მეცნიერი გახლდათ.  იგი დაიბადა 1942 წლის 8 იანვარს, ინგლისის ქალაქ ოქსფორდში.

 

როგორც ცნობილია, სტივენ ჰოკინგი იტალიელი ფიზიკოსის, ასტრონომისა და ფილოსოფოსის, გალილეო გალილეის გარდაცვალების დღეს დაიბადა და  ფიზიკოს-თეორიკოსის, ალბერტ აინშტაინის დაბადების დღეს დაიღუპა.

 

მიუხედავად მამის სურვილისა, შეესწავლა მედიცინა, მან ფიზიკის სწავლა არჩია და სწავლობდა ოქსფორდის საუნივერსიტეტო კოლეჯში. 1962  წელს კი მან კემბრიჯის უნივერსიტეტში სადოქტორო  ნაშრომის დამუშავება დაიწყო კოსმოლოგიაში.

 

1963 წელს, 21 წლის ასაკში, გამოჩენილ მეცნიერს მოტონეირონული დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ჰოკინგს მხოლოდ 2 წლის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. დაავადება ძლიერდებოდა, სტივენ ჰოკინგს გადაადგილება უჭირდა, რის გამოც სავარძელს იყენებდა.

 

კემბრიჯში სწავლისას ჰოკინგი  ჯეინ ვაილდს შეხვდა. მათ 1965 წელს იქორწინეს და სამი შვილი შეეძინათ.

 

სტივენ ჰოკინგი სამყაროს წარმმართველ ძირითად კანონებს სწავლობდა. გამოჩენილი მეცნიერის მოსაზრებით, თუ სამყაროს აქვს დასაწყისი-დიდი აფეთქება, აუცილებლად ექნება დასასრულიც. მას მიაჩნდა, რომ გაერთიანებული უნდა ყოფილიყო აინშტაინისა და კვანტური თეორიები. 1970  წელს მის მიერ იქნა დადგენილი, რომ შავი ხვრელები გამოყოფენ რადიაციას, რომელსაც „ჰოკინგის რადიაცია“ უწოდეს. ასევე მეცნიერმა დაადგინა, რომ შავ ხვრელს შესაძლოა ენერგია და ნაწიკალები გაექცეს.

 

1974 წელს სტივენ ჰოკინგი სამეფო საზოგადოებაში  და მეცნიერთა მსოფლიო გაერთიანებაში მიიღეს. მისი აღმოჩენით, შავი ხვრელი წარმოქმნის შემდეგ, ენერგიას ასხივებს და მასის დაკარგვას იწყებს. მეცნიერის ვარაუდით შავი ხვრელი შეიძლება ოდესმე აორთქლდეს. 1979 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტში მსოფლიოში ყველაზე მაღალი აკადემიური სტატუსი მიენიჭა-ლუკასიელი პროფესორის ხარისხი მათემატიკაში.1982 წელს, მის მიერ იქნა წამოყენებული გალაქტიკათა წარმოქმნის  თეორია.

 

1988  წელს  ჰოკინგის წიგნი გამოქვეყნდა- „დროის მოკლე ისტორია“ რომელიც ნათარგმნია 35 ენაზე. აღნიშნულ წიგნში ,ჰოკინგი პასუხის გაცემას ცდილობს კითხვებზე სამყაროს დაბადებისა და სიკვდილის შესახებ. მისი მორიგი წიგნი, სახელწოდებით „შავი ხვრელები და ჩვილი სამყარო“ 1993 წელს გამოქვეყნდა, რომელშიც ჰოკინგი  სამყაროს მოქმედების პრინციპებს აღწერს. 2002 წელს კი მეცნიერმა ყველაფრის თეორია გამოაქვეყნა: სამყაროს წარმოშობა და ბედი.

 

2004  წელს  სტივენ ჰოკინგმა შავი ხვრელის პარადოქსი ამოხსნა. იგი წერდა, რომ შავი ხვრელები არაა კოსმოლოგების ტრადიციული გაგების შესაბამისი. მეცნიერის თეორიამ შავი ხვრელის „მოვლენათა ჰორიზონტის“ არსებობა უარყო და ივარაუდა „ხილული ჰორიზონტის“ არსებობა.


სტივენ ჰოკინგის თქმით, მას სიკვდილის არ ეშინოდა, თუმცა მასთან შეხვედრას არც ჩქარობდა:


„სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ არ მეჩქარება მასთან შეხვედრა. ჯერ უამრავი რამ მაქვს გასაკეთებელი“ - ამბობდა სტივენ ჰოკინგი.

 

/ლიკა თორთლაძე/

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge