Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

21:05 16.04.2018
„არჩილ ტატუნაშვილს შინაგანი ორგანოები ამოცლილი აქვს და შესაძლოა გართულდეს სიკვდილის მიზეზის დადგენა

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ე. წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, გარდაცვლილი ჯარისკაცის შინაგანი ორგანოების გადმოცემას, ასევე, სამედიცინო და სამართლებრივი დოკუმენტაციის მოწოდებას ითხოვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მცხეთის რაიონული პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა თამარ ავალიანმა განუცხადა. თამარ ავალიანი გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მამასთან, გივი ტატუნაშვილთან ერთად 11.00 საათიდან საგამოძიებო ორგანოში იმყოფებოდა. როგორც მან პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადა, დაზარალებული მხარე ოფიციალურად გაეცნო გამოძიების მიმდინარეობას და დღეს მათთვის ცნობილი გახდა, რომ გამოძიება აღნიშნულ საქმეზე ორი მუხლით მიმდინარეობს:



“ეს არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა ორი ან მეტი პირის მიმართ, ასევე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა. დღის პირველ ნახევარში ჩვენ შევხვდით საქმის პროკურორს, გამომძიებლებს და საგამოძიებო ჯგუფს, ასევე, საოლქო პროკურორს. მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ველით ექსპერტიზის პასუხებს, მაგრამ პროკურატურაში განგვიცხადეს და ჩვენც ვიცით, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ არჩილ ტატუნაშვილს შინაგანი ორგანოები ამოცლილი აქვს, შესაძლოა გართულდეს სიკვდილის მიზეზის სრულყოფილი შედეგის დადგენა. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია. ჩვენ გამომძიებლებს ვუთხარით, რომ ვითხოვთ ყველა საერთაშორისო ფორმატში საქართველოს ხელისუფლება დაეხმაროს საკუთარი ქვეყნის გამოძიებას და დააყენოს შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხი. ამასთანავე, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ვნახეთ, რომ ცხინვალის მხარეს არ გადმოუცია ქართული მხარისთვის სამედიცინო დოკუმენტაცია. ქართველმა სამართალდამცველებმა და გამომძიებლებმა მზაობა გამოთქვეს ჩვენთან, რომ ისინი სამომავლოდ ითანამშრომლებენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან”, - განაცხადა თამარ ავალიანმა.

საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა ასევე არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გივი ტატუნაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge