Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

15:03 18.04.2018
მეხანძრე-მაშველი გმირია! - ადამიანები ჩვენი დროის ყველაზე სარისკო პროფესიიდან

“ვამაყობ, რომ ჩემი პროფესია ადამიანების გადარჩენაა. მახსოვს, ერთხელ გამოძახებაზე ვიყავით, ავტომობილების შეჯახების შედეგად ოთხი - 14-15 წლის გოგონა დაშავდა, მანქანის გახსნა მოგვიწია მათ გამოსაყვანად. მძიმე სამუშაოების ჩატარების შედეგად, ოთხივე მათგანი უვნებლად და დროულად გამოვიყვანეთ. ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია. ამ დროს მნიშვნელოვანია დროული და სწორი რეაგირება, რადგან შენს ქმედებაზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე''- ლევან ჟამერაშვილი - 26 წლის, მეხანძრე-მაშველი.

 

6 წელია მეხანძრე-მაშველად მუშაობს. პროფესიული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ბავშვობაში მიიღო. მაგალითი კი ძმისგან აიღო.

 

„მის თვალებში შიშს ვხედავდი, მეხვეწებოდა, რომ სიკვდილი არ დამეშვა,“- ლაშა ჟღენტი - 27 წლის, მაშველი.

 

5 წელია მაშველად მუშაობს. თავიდანვე იცოდა, რომ საქმე საინტერესო პროფესიასთან ჰქონდა. ფორმის გარეშეც უწევდა ადამიანების დახმარება, თუმცა როდესაც ფორმა ჩაიცვა, მიხვდა, რომ განსაკუთრებული როლი დაეკისრა - მას ადამიანები უნდა გადაერჩინა.

 

"ეს არის ბრძოლა ადამიანების გადარჩენისათვის, საიდანაც, აუცილებლად გამარჯვებული უნდა გამოხვიდე. ცხადია, არის ისეთი შემთხვევებიც,რომელიც ფატალურად სრულდება. ასეთი ამბები ცხოვრების ბოლომდე შენს მეხსიერებაში რჩება და მოსვენებას არ გაძლევს.

ჩვენი პროფესია არ არის მხოლოდ ცეცხლის ჩაქრობა ან კარის გაჭრა. მეხანძრე-მაშველი ზოგჯერ ფსიქოლოგიც არის.”- ალეკო გახარია - 24 წლის, მეხანძრე მაშველი რუსთავიდან.

 

ალეკო სახანძრო-სამაშველო სამსახურში სულ რაღაც 2 წელია მუშაობს. თუმცა, საინტერესო გამოცდილების დაგროვება უკვე მოასწრო. მეხანძრე-მაშველობა ბავშვობის ოცნება არ ყოფილა, პროფესიული არჩევანი გააზრებულად გააკეთა. მუშაობის პროცესში დარწმუნდა, რომ იქ მოხვდა, სადაც შეუძლია სიამაყის გრძნობით ყოველდღიურად აივსოს.

 

"როდესაც მეკითხებიან, - რამდენი ადამიანი გადავარჩინე და რა შემთხვევა მახსოვს, ვიბნევი ხოლმე. ასეთ მომენტებს ვერ ვიმახსოვრებ, რადგან ეს ჩემთვის ყოველდღიურობაა. ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ჩემი მოვალეობაა და ამ საქმეს, CV-ში ჩასაწერად არ ვაკეთებ.

მთავარი არ არის სტატუსი, ის, თუ რა ჰქვია შენს პროფესიას, უფრო მნიშვნელოვანია ცხოვრების წესი. ადამიანების დახმარება სიამოვნებას უნდა განიჭებდეს და  გინდოდეს, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია.”- ვალერი ბეგლარაშვილი - 39 წლის, მეხანძრე-მაშველი.

 

კიდევ უამრავი ისტორიის მოყოლა შემიძლია და ბევრი გმირი გვყავს ამ ადამიანების სახით გასაცნობი. ისინი საკუთარი სიცოცხლის ფასად, ჩვენი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ. მათი გამოჩენა მძძიმე სიტუაციებში იმედის დიდი ნაპერწკალია...

 

მათ იციან, რომ ეს არის პროფესია, სადაც ყოველთვის სიფრთხილის ზღვარზე გადიხარ, მათი ნებისმიერი ქმედება მნიშვნელოვანია და სწორედ ის განსაზღვრავს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას.

 

ბოლო დროს, საქართველოში მომრავლებული ხანძრებიდან გამომდინარე, რეალობამ ეს ადამიანები ერთგვარ გმირებად წარმოაჩინა და უკეთესად დაგვანახა მათი წვლილი გარემოსა და ადამიანების გადარჩენაში. 

 

 

სად და როგორ საწავლობენ ამ თავგანწირვას? რა უნარებს უნდა ფლობდე იმისათვის, რომ მეხანძრე-მაშველი გახდე? ამ და სხვა საკითხებზე „ჯორჯიან თაიმსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, - მიშა ფეიქრიშვილი ესაუბრა.


- სად და რამდენ ხანში ისწავლება მეხანძრე/მაშველის პროფესია?

 

- ამ დროისათვის, ჯერ-ჯერობით, ასე ხდება, რომ მსურველები თავდაპირველად ერთგვარ სპორტულ ნორმატივებს აბარაბენ და შემდეგ უკვე  ადგილზე გადამზადდებიან, რის შემდეგაც, მათი ოფიციალურად მიღება ხდება და მეხანძრე-მაშველები ხდებიან. თუმცა, ამ მხრივ, უახლოეს მომავალში  სიახლეებიც გევქნება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გეგმავს, რომ შექმნას სპეციალური სასწავლო ცენტრი.  მეხანძრე- მაშველის ვიწრო სპეციალიზაციის მომზადება მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლების დახმარებით მოხდება. ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან უცხოელები, რათა მოხდეს მაღალ დონეზე მომზადება, მუდმივი ტრენინგები და გაცვლითი პროგრამები. ეს სიახლე მიმდინარე წელსვე უნდა ამოქმედდეს. 

 

საგანგებო სიატუაციების მართვის სამსახური წელს, პირველ იანვარს შეიქმნა. მთლიანად გამოეყო ყველა დაწესებულებას და პირდაპირ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარა. შეასაბამისად, ახლა მზადდება რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება. რეფორმების პაკეტით წარვდგებით პარლამენტში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები მთავრობის შიგნით. 

 

- რა უნარებს უნდა ფლობდე, რომ მეხანძრე-მაშველი გახდე?

 

- სამუშაო სპეციფიკიდან, ბუნებრივია, ადამიანი უნდა იყოს ფიზიკურად კარგად მომზადებული, გაუძლოს სამუშაოს გამოწვევებს და მოახდინოს  ეფექტური რეაგირება ამა თუ იმ გამოწვევაზე. ფიზიკურად კარგად მომზადებული მეხანძრე არ ნიშნავს, რომ ის კარგი მეხანძრე იქნება.  ეს გარკვეულ პროფესიულ უნარ-ჩვევებს მოითხოვს. სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, როდესაც ვიწრო სპეციალიზებულ გადამზადებას ვგულისხმობთ. პროფესიული უნარ-ჩვევები უნდა ჩამოყალიბდეს და იყოს თანამედროვე სტანდარტების. ახლა თუ რამდენიმე თვიანი ტრენინგის ფარგლებში ხდება ამ ადამიანების მომზადება, ახალ სასწავლო ცენტრში, უკვე იქნება პერნამენტული და შეიძლება რამდენიმე წლის განმავლობაშიც კი ისწავლებოდეს. 

 

- რა რისკებთანაა დაკავშირებული ეს პროფესია?

 

- სულ რისკებთანაა დაკავშირებული. გამომდინარე იქიდან, რომ რისკები მაღალია და დროთა განმავლობაში უფრო იმატებს, გარემო ფაქტორების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ მეხანძრე-მაშველმა არ დაიზიანოს თავი და შემდეგ უკვე შეძლოს სხვისი გადარჩენა. საფრთხე მუდმივად არის და მე რასაც ვუყურებ, ყოველდღიური შეხებით ამ ადამიანებთან, ერთ-ერთი რისკიანები არიან. რთულ პირობებში უწევთ მუშაობა... თუნდაც ბოლო შემთხვევა რომ გავიხსენოთ, თერგის ბაზრობის ხანძარი... კადრებიც იყო ტელევიზიაში, როდესაც მეხანძრე-მაშველები იდგნენ შენობის სახურავზე, რის ქვეშაც უშველებელი ცეცხლი ენთო. არსებობდა დიდი რისკი, რომ ჭერი ჩანგრეულიყო და ცეცხლში ჩაცვენილიყვნენ. მეხანძრეს ნებისმიერ ტერიტორიაზე და შენობაში შეუძლია უცებ ჩააქროს ცეცხლი, გაანადგუროს მთლიანი შენობა წყლით. როცა ვამბობთ, რომ დაიწვა 2 000 კვ.მ, არ ნიშნავს, რომ 2 000 დაიწვა, დანარჩენი ტერიტორიაც დაზიანდა, გამომდინარე იქიდან, რომ დასველდა წყლით და ჩაირეცხა. ამ ბოლო ხანძრის დროსაც, იმდენად სარისკო სამუშაო გაწიეს მეხანძრეება, რომ არ მომხდარიყო ხანძრის გავრცელება ისეთ სარისკო ტერიტორიაზე, სადაც ფოიერვერკისა  და ავტომანქანების ზეთის საწყობი იყო. ამ ადგილებამდე რომ მიეღწია ცეცხლს, უფრო მასშტაბური იქნებოდა და დაიფერფლებოდა შენობა, აფეთქებაც კი შეიძლება მომხდარიყო. აი, ასეთ სარისკოა ეს პროფესია.

 

- როგორაა განვითარებული ეს პროფესია უცხოეთსა და საქართველოში?

 

- ერთ-ერთი გამოწვევა, რის წინაშეც სახანძრო-სამაშველო  სამსახური დგას, ეს არის ტექნიკა. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წლებში ავტოპარკი ასე თუ ისე განახლდა, მაინც ბევრად მეტია გასაკეთებელი, რომ შეიცავლოს მთლიანად. ამასთან დაკავშირებით უკვე გამოვაცხადეთ ტენდერი, რომ  10 მილიონი ლარის ფარგლებში ზაფხულამდე უნდა შევიძინოთ 19 ერთეული სახანძრო მანქანა. ეს ავტომანქანები იქნება ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილი. გადანაწილდება 17 რაიონში. 

 

განვითარებულ ქვეყნებს ტექნიკის მხრივ ჯერ კიდევ ბევრად ჩამოვრჩებით. 

 

 

- უცხოეთში თუ აგზავნით მეხანძრეებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად?

 

- დიახ, ასეთი პრაქტიკა არსებობს.  ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ჩვენი 40 კაციანი ჯგუფი ბულგარეთიდან, სადაც გაიარეს ტრენინგი. ტრენინგზე რამდენიმე ქვეყნის მეხანძრე-მაშველები იყვნენ, რომლებიც ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ. იყო დავალებები და კონკრეტულ შემთხვევებზე აგებული სცენარები. ასევე, ძალიან ბევრი ქვეყანა გამოთქვამს სურვილს, რომ ჩვენი მეხანძრე-მაშველები გადაამზადოს. 

 

- რამდენად არის დაფასებული საქართველოში ეს პროფესია?

 

- ვფიქრობ, რომ დაფასებულია. ვერ ვიტყვი, მეხანძრე და მაშველი ქართველ საზოგადოებას არ უყვარდეს. იმდენად სარისკოა,  ეს ადამიანები რომ არ გრძნობდნენ ხალხის მხარდაჭერას, ალბათ იმედგაცრუებულები იქნებოდნენ. თუმცა, ეს ასე არ არის და ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა გავუმახვილოთ საზოგადოებას ყურადღება და უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, თუ რამდენს მუშაობენ და კარგ საქმეებს აკეთებენ ისინი.  

 

როდესაც ვამბობთ, რომ მეხანძრე-მაშველი გმირია, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები.  ეს არის კონკრეტული გვარი და სახელები და საქმეები, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად აკეთებენ. ვისურვებდი უფრო მეტი მხარდაჭერა იყოს საზოგადოების მხრიდან. თუმცა, არც ამის დეფიციტი არ გვიგვრძნია.“ - აცხადებს ჩვენთან საუბარში მიშა ფეიქრიშვილი.

 

 

გოჩა მისრიაშვილი - 58 წლის, მეხანძრე-მაშველი

 

,,მე მდიდარი ადამიანი ვარ, ეს სიმდიდრე ჩემი პროფესიის დამსახურებაა. თითოეული გადარჩენილი ადამიანი სიცოცხლეს მმატებს და მაჯერებს, რომ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურები.

 

მთელი ცხოვრებაა ამ საქმეს ვემსახურები, არც კი მახსოვს რამდენ გამოძახებაზე ვარ ნამყოფი. ბუნებრივია, რაოდენობას არც აქვს მნიშვნელობა, მთავარი ხომ ჩვენი მიზანია, ნებისმიერ ფასად გადაარჩინო ადამიანის სიცოცხლე და მათ დანებების უფლება არ მისცე.

 

მახსოვს, ჩემი კარიერის დასაწყისში, დიღმის საავადმყოფოში ვიყავი გამოძახებაზე, ავადმყოფები და ექიმები გამოგვყვავდა შენობიდან. მაშინ ჩემ თავს პირობა მივეცი, არასდროს დავიხევ უკან და მათი თვალებიდან წამოსულ იმედის გრძნობას ყოველთვის გავამრთლებ. 28 წელია ვცდილობ, ეს პირობა ავასრულო.“

 

 

/ ნინო ოთარაშვილი /

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge