Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:50 12.05.2018
ბათუმში, „თეთრი ხმაურის“ მხარდამჭერ აქციაზე სამი მოქალაქე დააკავეს

ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე, აქციაზე მსვლელობისას სამი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. აქციის მონაწილეებმა აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს და 6 მაისის პარკში გადაინაცვლეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი თანამოაზრეები მშვიდობიანი მსვლელობისას უსამართლოდ დააკავეს. ისინი ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას გეგმავენ.



ამ დროისთვის ბათუმში აქციაზე შეკრებილები თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მხარდამჭერებს სოლიდარობას უცხადებენ. აქციის მონაწილეებმა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე გადაინაცვლეს შეძახილებით “სისტემა უნდა დაინგრეს”. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი მიემართებიან წინასწარი დაკავების იზოლატორთან, სადაც მათი სამი თანამოაზრეა გადაყვანილი. შეგახსენებთ, რომ წუხელ თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, შსს-ს ცნობით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, „რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერი“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge