Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:00 14.05.2018
Deutsche Welle: რატომ დაბრუნდა ივანიშვილი პოლიტიკაში

გავლენიანი გერმანული რადიოსადგური «Deutsche Welle», ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას ვრცელ მასალას უძღვნის, რომლის ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი გთავაზობთ:

 

საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ყრილობაზე მილიარდერი და ქვეყნის ექს-პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ისევ ამ პოლიტიკური ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს. როგორც თვითონ აღიარა ყრილობაზე (იგი საკმაოდ დაბნეული ჩანდა), პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება რთული იყო და ეს მის გეგმებში არ შედიოდა. ასეთი ნაბიჯის ძირითადი მიზეზი, ისევე როგორც 2011 წელს, ექს-პრემიერის თქმით, იყო „საქართველო, ქართველი ხალხი, მისი კეთილდღეობა და ღირსეული მომავალი“. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილმა ახსენა „ქვეყნის არასახარებიელო ეკონომიკური მდგომარეობა“, „ოპონენტთა დესტრუქციული კამპანია“ და „ხელისუფლების შიგნით არსებული, მართალია სუსტი, მაგრამ მაინც სრულიად არასაჭირო, უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები“ ბიძინა ივანიშვილის თქმით, იგი ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს.

 

„წავიდა, რომ დარჩენილიყო“

 

ასე და ამრიგად, ბიძინა ივანიშვილი დიდ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდა, ყოველ შემთხვევაში, უკვე ოფიციალურად: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ისედაც არ წყდებოდა მითქმა-მოთქმა, რომ ქვეყანას არაფორმალურად კვლავ მილიარდერი მართავსო. მართალია, დე-იურედ ბიძინა ივანიშვილს, მთავრობის მეთაურის პოსტიდან წასვლის დღიდან, არანაირი სახელმწიფო თუ პოლიტიკური თანამდებობა აღარ ჰქონდა დაკავებული, მაგრამ დე-ფაქტოდ, როგორც დამკვირვებლები ამბობენ, პარტიაში თავისი თანამოაზრეების მეშვეობით, მან მაინც შეინარჩუნა გავლენა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე, მაგრამ ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე. თვითონ „ქართული ოცნების“ ლიდერები, მაგალითად, ამჟამად უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ მალავდა გავლენის ფაქტებს ჩრდილოვანი ლიდერისა და პარტიის დამაარსებლის მხრიდან.

 

მკითხველს შევახსენებთ, რომ წარმატებული ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში 2011 წელს გამოჩნდა, ჩამოაყალიბა ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება, გაიმარჯვა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში და სათავეში ჩაუდგა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტს. 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის გამარჯვების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი მთავრობის მეთაურის პოსტიდან გადადგა, უარი თქვა პარტიის ლიდერობაზეც და პოლიტიკიდან ოფიციალურად წავიდა.

 

„მეორედ მოსვლა“

 

ბოლო წლებში მილიარდერი სულ უფრო იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში, თუმცა პერიოდულად, საარჩევნო კამპანიების დროს, „ქართულ ოცნებას“ საჯაროდ მხარს უჭერდა. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის კატეგორიულად უარყოფდა ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობას, თუმცა მან ერთხელ ტელეკომპანია „იმედი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დაბრუნდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, „თუ უბედურება მოხდება“ და ეს იქნებოდა მისი „მეორედ მოსვლა“.

 

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ ხალხს ჯერ კიდევ 26 აპრილს აცნობა. იგი და მისი თანამოაზრეები სიხარულს ვერ მალავდნენ და „ქართული ოცნების“ დამაარსებლის დაბრუნების მიზეზად პარტიის განახლებისა და გაძლიერების სურვილს ასახელებდნენ: „პარტია ევროპული ტიპის ორგანიზაციად უნდა გადაიქცეს, რათა უფრო მეტად შეუწყოს ხელი ქვეყანაში რეფორმების განხორციელებასო“.

 

ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების ფაქტს „ქართულ ოცნებაში“ და ქვეყანაში არსებული კრიზისით ხსნის: ბოლო თვეებში სულ უფრო თვალსაჩინო გახდა უთანხმოება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის, რომელიც პარლამენტში ხშირად ხდებოდა და საჯარო შეხლა-შემოხლაში გადაიზრდებოდა ხოლმე.

 

დეფიციტი პარტიაში

 

„დოიჩე ველეს“ მიერ გამოკითხული ქართველი ექსპერტებისათვის პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება მოულოდნელი აღმოჩნდა. მაგალითად, გია ნოდიას თქმით, ყოფილი პრემიერის მოქმედება სპონტანურ ნაბიჯს ჰგავს, რომლის მიზეზს შიდაპარტიული კრიზისი წარმოადგენს. ექსპერტი მილიარდერის მოქმედებას დამარცხების ნიშნად მიიჩნევს: „არაფორმალური მართვის ტიპი, რომლის დემონსტრირება ბიძინა ივანიშვილმა ბოლო წლებში მოახდინა, არაეფექტური აღმოჩნდა. იგი საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩნდებოდა, მასთან უშუალოდ შეხვედრა „ქართული ოცნების“ მხოლოდ რამდენიმე ლიდერს შეეძლო’, - ამბობს გია ნოდია, - „რიგითი დეპუტატები კი ბიძინა ივანიშვილის არყოფნის დეფიციტს განიცდიდნენ: მათთვის მილიარდერი გამაერთიანებელი ძალა, ავტორიტეტია. მათთვის მნიშვნელოვანი იმის გაგება, თუ რა მოსწონს ბიძინა ივანიშვილს და არ მოსწონს, მათ სურთ უშუალოდ ივანიშვილისგან გაიგონ, თუ რა მანდატს ფლობენ პარტიის ლიდერები“.

 

გია ნოდიას თქმით, ასეთი ვითარება პარტიის შიგნით მრავალ კითხვას და უთანხმოებას აჩენდა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს წესრიგის დასამყარებლად დაბრუნება მოუწია. „მას სურდა ისე გაეკეთებინა, როგორც ბიზნესში: მიიღებ კომპანიას საკუთრებაში, მოაწესრიგებ საქმეებს, მიდიხარ, თუმცა საკონტროლო პაკეტს იტოვებ და, რა თქმა უნდა, დისტანციურად გავლენას ინარჩუნებ. შესაძლოა, ასეთი მოდელი ბიზნესში მუშაობს, მაგრამ სახელმწიფოს არ მიესადაგება“, - აღნიშნავს გია ნოდია.

 

არაფორმალური მართვის დასასრული?

 

თავის მხრივ, საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების მთავარი მიზეზი გამოიხატება მის სწრაფვაში - ბოლო მოუღოს ბრალდებებს არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით. ექსპერტის აზრით, შიდაპარტიული კრიზისი შეიძლებოდა კულუარულად მოგვარებულიყო და საპრეზიდენტო არჩევნებსაც „ქართული ოცნება“ მოიგებდა, მისი დამაარსებლის დაუბრუნებლად. ბიძინა ივანიშვილს, როგორც პარტიის ლიდერს, მისივე ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობები აქვს: მმართველი პარტია დღეს ხელისუფლების ყველა შტოს აკონტროლებს, - ამბობს ნიკა ჩიტაძე და ვარაუდობს, რომ ქვეყანაში არაფერი არ შეიცვლება: იმდენი პრობლემაა უკვე დაგროვილი, საქმეს ისეთი ქარიზმატული პიროვნებაც ვერ გამოასწორებს, როგორიც ბიძინა ივანიშვილია. 

 

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება გამოწვეულია მიზეზების მთელი კომპლექსით, მათ შორის „ქართულ ოცნებაში“ შექმნილი ვითარებითაც. „პარტიაში ბრძოლა დაიწყო ძველ და ახალ თაობებს შორის, გაჩნდნენ ჯგუფები, რომლებმიც თამაშს ბიძინა ივანიშვილისაგან დამოუკიდებლად ეწევიან და საერთოდ, „ქართულ ოცნებას“ დაშლის საფრთხე შეექმნა.

 

ამასთან, პოლიტოლოგი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯის ლოგიკა, რადგან ჯერ-ჯერობით იმ „უბედურების“ - ანუ პოლიტიკაში მისი დაბრუნების მიზეზის - ნიშნები არ ჩანს, რის შესახებაც ამბობდა ოლიგარქი. ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, მიუხედავად გარკვეული სისუსტისა, „ქართულ ოცნებას“ დღევანდელ საქართველოში სერიოზული პოლიტიკური კონკურენტი არ ჰყავს.

 

პოლიტოლოგის აზრით, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება თვით მილიარდერისთვის სერიოზული რისკს წარმოადგენს: მისგან ძალიან ბევრს ელოდებიან, მაგალითად, იმ ნეგატიური შედეგების აღმოფხვრას, რომლებიც ეკონომიკაში „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს დაგროვდა, ასევე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაშიც. მაგრამ საეჭვოა, რომ ოლიგარქმა ისეთ სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს, როგორიც 2012 წელს იყო. შესაბამისად, საზოგადოება იმედგაცრუებული დარჩება, რაც ბიძინა ივანიშვილისათვის უარყოფით როლს შეასრულებს, - ასე თვლის ხათუნა ლაგაზიძე.

 

ამასთან, ექსპერტების აზრით, საეჭვოა, რომ ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრის ან პრეზიდენტის სავარძლის დაკავება უნდოდეს, ამ „მეორედ მოსვლის“ შედეგად იგი რაიმე რადიკალურ ცვლილებებს მოახდენს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი ამოცანა იმაში გამოიხატება, რომ მან თავის კანდიდატს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაამარჯვებინოს.

ავტორ(ებ)ი : newspress.ge