Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:47 14.05.2018
თბილისში ტიციანის, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელისა და სხვა დიდოსტატების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

ხვალიდან ეროვნულ გალერეაში ტიციანის, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელისა და სხვა დიდი იტალიელი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

 

მუზეუმის ინფორმაციით, გამოიფინება შემდეგი ნამუშევრები: 

 

„ტიციანი - ფერთა ოსტატი: მადონა ყრმით“ (15.05. – 05.08.2018) - ნამუშევარი "ღვთისმშობელი ყრმით" ("მადონა ალბერტინი") ტიციანის ფერწერის განუმეორებელი სტილისა და ტექნიკის უბადლო ნიმუშია. ნახატი დაცულია ვენეციის აკადემიის გალერეაში, სადაც ვენეციური ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია ინახება.

 

„რენესანსის დიდოსტატები. გრაფიკული ნამუშევრები“ (25.05. – 26.08.2018) - ტურინის სამეფო ბიბლიოთეკის კუთვნილი 45 გრაფიკული ნამუშევრის გამოფენა.

ნამუშევრების ავტორებს შორის არიან რენესანსის ოსტატები ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, ბრამანტინო, სინიორელი, ვაზარი, პინტურიკიო და სხვები. 

 

"Evidence. A New State of Art” (25.05. – 26.08.2018) - გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV) გამოფენა, რომელიც წარმოგვიდგენს თანამედროვე იტალიურ ხელოვნებას გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან დღემდე და აერთიანებს სხვადასხვა თაობის იტალიელი მხატვრების განსხვავებულ ხედვებსა და განსხვავებული გამომსახველობითი ენით შექმნილ ნამუშევრებს.

 

„ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო“ (03.09. – 29.10.2018) - გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბაროკოს უმნიშვნელოვანესი ფიგურის, ჯან ლორენცო ბერნინისა და მე-17 საუკუნის სხვა ოსტატების ნამუშევრები რომის მახლობლად მდებარე „პალაცო კიჯი ინ არიჩაში" რომაული ბაროკოს მუზეუმიდან.

 

გამოფენები საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

 

გასული წლის ოქტომბერში ეროვნულ გალერეაში ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრები გამოიფინა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge