Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:28 17.05.2018
დღეს, საავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება

17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, დღეს, 08:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება პავლე ინგოროყვას და პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩებზე. დღის განმავლობაში, მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება შემდეგ ქუჩებსა და მოედნებზე: ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე; ასევე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვარდების მოედანზე, ოპერის, პარლამენტისა და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე.



დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 13:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება: კოსტავას ქუჩაზე - მეტროს სადგურ "რუსთაველამდე", ვარდების მოედანზე, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე, გალაკტიონის ხიდის მარჯვენა პანდუსზე, რუსთაველის გამზირზე, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე ამსვლელ ყველა ქუჩაზე, ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე ჩამომსვლელ ყველა ქუჩაზე, თავისუფლების მოედანზე, შალვა დადიანის, კოტე აფხაზის, ალექსანდრე პუშკინის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩებზე, ბარათაშვილის ხიდის მარჯვენა და მარცხენა პანდუსებზე, ავლაბრის მოედანსა და მესხიშვილის ქუჩაზე.



შს სამინისტრო 17 მაისს, თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების გაშუქების მსურველ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს მოუწოდებს, რომ თან იქონიონ თავისი მედიასაშუალების წარმომადგენლობითი ბარათები (ე.წ. „პრესკარტა“), წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაიშვებიან იმ ტერიტორიებზე, სადაც მოძრაობა აკრძალული ან შეზღუდული იქნება. საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ასასვლელად, მედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ მეტროს სადგურ თავისუფლების მოედანთან არსებული კიბის საშუალებით. ჟურნალისტებმა შეკითხვების შემთხვევაში უნდა მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge