Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:59 18.05.2018
მამა რაფაელი სულიერი ცხოვრების შესახებ

კითხვა: მამაო, მე და ჩემი მეუღლე ცოტა ხნის წინ მოვექეცით. ძალიან გვინდა ეკლესიაში სიარული, თუმცა სერგიანელობის, ეკუმენიზმის მიმართ არანაირი ნდობა არა გვაქვს. აღსარება, ზიარება და საერთოდ ეკლესიური ცხოვრება აუცილებელია, მაგრამ განდგომილთა და ერეტიკოსთა ეკლესიაში სიარულის გვეშინია. როგორ მოვიქცეთ?

 

პასუხი: ეკლესია, როგორც ქრისტეს სხეული, წმინდა და სრულყოფილია, ხოლო ადამიანური ელემენტი, რომელიც ეკლესიაში უნდა განიწმინდოს და გარდაისახოს, კაცობრიობის მომწყვლელი პირველშობილი ცოდვის გამო სრულყოფილი არასდროს ყოფილა და არ შეიძლებოდა ყოფილიყო. წმინდანებიც კი თავიანთ ცოდვებს სიკვდილამდე ინანიებდნენ. წმინდა იოანე ოქროპირი წერს, რომ მღვდლობა – ეს უფლის ძღვენია ადამიანებისადმი და იმდენად დიდია, რომ უფალმა არ ქმნა ის დამოკიდებული ადამიანური უღირსობებისაგან. მიუხედავად იმისა, რომ სამღვდელო ხარისხის მქონე რომელიმე ადამიანის მიმართ პიროვნული ნდობა არ გაქვთ, მაინც აუცილებელია იცხოვროთ ეკლესიურად. ეკლესიის ყველა საიდუმლოს უხილავად აღასრულებს – ქრისტე, ამიტომაც არ დარჩებით მადლის გარეშე. მღვდლებს, როგორც ხარისხით მოსილებს, პატივი უნდა სცეთ, თუმცა ყოველ მათგანთან პირად ურთიერთობას არავინ გაიძულებთ. დამრიგებლებად შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი მღვდელი, ვისთვისაც თქვენი გული გაიღება. ქრისტიანს არჩევნის თავისუფლება აქაც აქვს. მაგრამ მხედველობაში გქონდეთ, რომ დემონი ცდილობს მრევლის თვალში გააზვიადოს მღვდლის ადამიანური ნაკლოვანებები. ამის შესახებ ჯერ კიდევ იოანე ოქროპირი წერდა. ამიტომაც თქვენს კრიტიკას სავსებით ნუ მიენდობით.

 

კითხვა: გვითხარით მამაო, ღვთის რომელი მცნებით დავიწყოთ ცხოვრება და როგორ შევასრულოთ ის?

 

პასუხი: აუცილებლად უნდა შესრულდეს ღვთის ყველა მცნება, რადგან ისინი ერთმანეთთან უწყვეტად არიან დაკავშირებულნი. ესენია: ძველი აღთქმის ათი, ახალი აღთქმის ცხრა და ორი მცნება, რომლებსაც უფალმა დიადი მცნებები უწოდა. რადგან სვამთ კითხვას – როგორ წარმართოთ სულიერი ცხოვრება, გირჩევთ ისარგებლოთ ნიკოდიმოს მთაწმინდელის წიგნით "უხილავი ბრძოლა".

 

კითხვა: პერიოდულად უძლიერეს ენერგეტიკულ (ღვთაებრივ) ცეცხლს ვგრძნობ. ეს ხან სამსახურში მემართება, ხან ლოცვის, ხანაც მეუფის კურთხევის შემდეგ, ზოგჯერ კი ძილში.  ეს ყოველივე იმდენად რეალურია, რომ გულისცემა და ტემპერატურაც კი მეცვლება. ხანდახან ვხედავ სიზმრებს: წინასწარმეტყველურს, გამაფრთხილებელს, ასევე მომავლის შესახებ. როგორია ამაზე თქვენი აზრი?

 

პასუხი: თქვენს შეკითხვას უკეთ ის მღვდელი უპასუხებს, რომელიც თქვენს აღსარებას იბარებს, რომელმაც თქვენი ცხოვრება და სულიერი მდგომარეობა იცის. ასეთ სერიოზულ საკითხებზე ლაპარაკი არ შეიძლება, თუ ადამიანს ახლოს არ იცნობ. ათონზე არსებობდა წესი: ამგვარი მოვლენები არც მიეღოთ, არც უარეყოთ, არ ჩაეთვალათ ისინი ცხონებისათვის არსებითად და მნიშვნელოვნად, მათთვის როგორღაც გვერდი აევლოთ. ჩვენი მამები გვირჩევდნენ ასეთ მოვლენებს სიფრთხილით მოვკიდებოდით და ამბობდნენ, რომ ყველაზე საუკეთესო ხილვა ჩვენთვის – ეს საკუთარი ცოდვებისა და უძლურების დანახვაა. ვფიქრობ, მთელი ჩვენი ყურადღება სახარების მცნებებისაკენ უნდა მივმართოთ რომლებითაც განვისჯებით და რომლებზეც ჩვენი სიცოცხლე და სიკვდილია დამოკიდებული. 

 

კითხვა: მამაო, უკვე კარგა ხანია ჯადოს მიკეთებენ, ძალიან ცუდად ვარ, შესაძლოა ჭკუიდანაც შევიშალო. ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ ჩემზე ბევრი აღარაფერია დამოკიდებული, ხოლო თუ მოვკვდი, ეს ნიშნავს, რომ ვერ ვცხონდები. მამაო ევედრეთ უფალს ჩემთვის.

 

პასუხი: ყოველდღე 150-ჯერ წაიკითხეთ ლოცვა - `ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ~ და რამდენიმეჯერ მთავარანგელოზ მიქაელის ტროპარი. თუ გაქვთ ზეთი წმინდა ადგილებიდან, ყოველ დილა-საღამოს შუბლზე ჯვარი გამოისახეთ. ზოგი წყალში აწყობს წმინდა ადგილებიდან წამოღებულ ქვებს შემდეგ კი ამ წყალს სვამს და პირს იბანს. ძლიერი შემოტევის დროს იკითხეთ ფსალმუნის პირველი სიტყვები: `აღდეგინ ღმერთი და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი და ივლტოდნენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან~. კარგი იქნება თუ იპოვით მოძღვარს, რომელსაც მთლიანად დაემორჩილებით. ღირს სერაფიმ საროველს ჰყავდა მორჩილი – თავადი ნიკოლოზ მოტოვილოვი, რომელიც ღვთის დაშვებით დემონისაგან იყო შეპყრობილი, მაგრამ ის ითმენდა და ღირსი სერაფიმეს ლოცვებით მთლიანად განიკურნა. თუ საშუალება მოგეცემათ, მამა სერაფიმეს წმინდა ნაწილების მოსანახულებლად გაემგზავრეთ. თუ არა, თქვენთან ახლოს მდებარე წმინდა ადგილები ინახულეთ, განსაკუთრებით – წყაროები; მღვდელს ბავშვობიდან მოყოლებული მთელი თქვენი ცხოვრების აღსარება უთხარით; ღირსი ილარიონ ოპტინელი გამოლოცვის წინ ასეთ აღსარებას აკურთხებდა; წმინდა მოწამეების - კვიპრიანეს და იუსტინეს წინაშე ფსკვნილზე ილოცეთ (დღეში 50-ჯერ) ღვთის წყალობას გისურვებთ, გთხოვთ ილოცოთ ჩემთვის. 

 

კითხვა: მამაო, წარსულში ეროვნულ მოძრაობაში ვმონაწილეობდი. შემდეგ მოვექეცი და ახლა ვცდილობ ქრისტიანული ღირებულებებით ვიცხოვრო, მაგრამ პატრიოტიზმის გრძნობა, ჩემს ხალხზე და მამულზე გულისტკივილი, პატრიოტულ მოძრაობაში მონაწილეობის სურვილი დღემდე მაქვს და ისევ მტანჯავს არჩევანი: ჩემს ქალაქში ხომ არ წამომეწყო მართლმადიდებლურ-პატრიოტული მოძრაობა? თუ სასოწარკვეთას მივეცე და საშინელ მოვლენებს თვალი ვადევნო?

 

პასუხი: სიტყვაში "პატრიოტიზმი" ადამიანები სხვადასხვა შინაარსსა და აზრს დებენ. ბუნებრივია გიყვარდეს მშობლები, მშობლიური სახლი, მამული, მაგრამ მთავარია გიყვარდეს ქრისტიანულად. შენი ხალხისადმი სიყვარული არ უნდა იყოს ზღუდე იმ სიყვარულისთვის, რომელიც უფალმა ყოველი ადამიანისადმი, როგორც მოყვასისადმი, დაგვიწესა მიუხედავად ეროვნული განსხვავებისა.  ყოველი ერი კაცობრიობის პირველმამის – ადამის საერთო ოჯახში შედის, ამიტომ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები სისხლით ნათესავები არიან. ჰუმანიზმი კაცობრიობისადმი აბსტრაქტულ სიყვარულზე საუბრობს, როცა ადამიანები რაღაც ამორფულ ლაქად ერთდებიან და ამ აბსტრაქციისთვის თავიანთ თავს რეალურ ადამიანზე ძალადობისა და სისასტიკის უფლებას აძლევენ. ლიბერალიზმი საერთოდაც სპეკულანტობს სიტყვით `სიყვარული~. მათთვის სიყვარული – ეს საერთო ცოდვაში სოლიდარობაა. 

 

როგორია ქრისტიანული სიყვარულის თავისებურებანი? – ის კონკრეტულია. ის იმათგან იწყება, ვინც ჩვენს გვერდითაა, ადამიანებისაგან, ვისთანაც კონტაქტი გვაქვს. ეს ჩვენი სიყვარულის სკოლაა; ქრისტიანული სიყვარული სამართლიანია, ის საყვარელ ადამიანებს პრივილეგიების მიხედვით არ ყოფს. ამიტომ ქრისტიანისთვის სიყვარული არ შეიძლება ზნეობას ეწინააღმდეგებოდეს, პირიქით, ის ზნეობის მწვერვალად გვევლინება. აქ კი უნდა გავფრთხილდეთ, რათა ბუნებითი პატრიოტიზმი ხისტ ნაციონალიზმში და თვითმარქვია მესიანობაში არ გადავიდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენები – ეს არა მხოლოდ ცალკეული პიროვნებების ნებაა, არამედ ხორცშესხმა და რეალიზებაა კაცობრიობის მიერ დაგროვებული სიკეთისა და ბოროტებისა, ანუ დედამიწაზე ერთგვარი სულიერი პლანის ასახვაა. ამიტომ ქრისტიანული პატრიოტიზმი არის ბრძოლა ადამიანთა ზნეობრიობისა და სულიერებისათვის. სხვა სიტყვებით, პატრიოტიზმი – ეს ეკლესიურობაა, რომლის მეშვეობითაც იწყება სახეცვლილება ადამიანისა, ხოლო ადამიანის მეშვეობით სახეცვლილება ისტორიისა. ზნეობრიობა არის ისტორიის ციხე-სიმაგრის გასაღები, სიმაგრისა, რომელსაც ვერ დაარღვევ. სიყვარული კი, თუ ის სწორია და არ არის დამორჩილებული ვნებებს, თავად უკარნახებს ადამიანს, თუ როგორ მოიქცეს კონკრეტულ შემთხვევაში.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge