Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

00:55 01.06.2018
„ნაციონალურ მოძრაობაში სრული მობილიზაცია გამოაცხადეს, ყურადღებით, არ მისცეთ უფლება ამ ნაძირალებს, რომ დაბრუნდნენ!“

ბლოგერი ლევან გობრონიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

“უპირველეს ყოვლისა, ჩემი მხარდაჭერა ზაზა სარალიძეს იმ საქმეში, რასაც სიმართლის დადგენა და მკვლელების დასჯა ჰქვია. დღეს ეს კაცი გამწარებულია და მისთვის სულ ერთია, ვინ იდგება მის გვერდით და არც ვიტყვი ამის შესახებ არაფერს. მე იმ პოლიტიკოსებზე მინდა ვისაუბრო, ვინც ამ სიტუაციით სარგებლობს და მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ცდილობს, იმ ნაძირალა ადამიანებზე, ვინც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, ვისთვისაც ადამიანის სიკვდილი ცხოვრებისეული ნორმა იყო და ვინც მინიმუმ არც კი აპროტესტებდა იმ საძაგლობას, რაც ხდებოდა.

 

დღეს ეს ადამიანები, უტიფრად და უსინდისოდ გამოდიან აქციაზე, ცრემლებს აღვარღვარებენ და ბოლო ხმაზე ხავიან გადადგეს ეს ხელისუფლებაო. დავუშვათ და გადადგა, ვის ისურვებდით ძალოვან უწყებაში? ფსიქიკაშერყეულ ზვიად კუპრავას? რომელიც ისტერიულად ხავის და ღრიალებს? ვის ისურვებთ ციხეების მინისტრად, ბაჩო ახალაიას? თუ ვანო მერაბიშვილს ან ნიკა მელიას? ვის  ისურვებდით ქვეყნის პრემიერად ან პრეზიდენტად – მიხეილ სააკაშვილს? დარწმუნებულები ხართ რომ ის დრო გენატრებათ? ნუთუ ვერ ხვდებით, რომ თქვენი ემოციებით თამაშობენ ეს ნაძირლები და თუ ესენი დაბრუნდებიან წარსულს ჩაბარდება თქვენი ხმამაღალი პროტესტი, მეტიც, ასეთი გამოსვლა და თქვენი სისხლიანი დარბევა ერთი იქნება. ჩამოიშორეთ გვერდიდან ეს მწამებელი ცინიკოსები, რომელთათვისაც უმთავრესია ხელისუფლებაში დაბრუნება და შურისძიება. მათი მოსვლიდან მეორე დღესვე სანატრელი გაგიხდებათ ყველაფერი ის, რაც ამ წლების განმავლობაში ასე თუ ისე მივიპოვეთ.

სად გინახავთ ჩვენ ისტორიაში, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი აქციის მონაწილეებს ხვდებოდეს, ბოდიშის მოხდაზე აღარაფერს ვამბობ. წარმოგიდგენიათ ყოფილი ხელისუფლება რომ ყოფილიყო, ვანო მერაბიშვილი გამოსულიყო და ბოდიში მოეხადა. ვის გახსენდებათ ხალხის მოთხოვნის შემდეგ გადამდგარი მთავარი პროკურორი? ნუთუ დაგავიწყდათ როგორ გაიპარა პროკურორი ადეიშვილი, როგორ გაიპარა პრეზიდენტი სააკაშვილი და ძალოვანი უწყების ის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს პოლიტიკური დევნილის სტატუსს არიან ამოფარებულები. დაფიქრდით, მოიშორეთ ეს ნაძირალა პოლიტიკოსები, რომლებიც მხოლოდ სარგებლობენ და ხარობენ ამ უბედურებით, დარწმუნებულები ხართ, რომ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება გსურთ? – დაფიქრდით, დიდი გნიასია ნაციონალურ მოძრაობაში, ხელებს იკაპიწებენ და გეგმებს აწყობენ მათ ლიდერთან ერთად, თუ როგორ დაბრუნდნენ უკან, გაფაციცებულები სხედან და ერთი სული აქვთ სასურველი მომენტი დაიჭირონ, ნაციონალურ მოძრაობაში სრული მობილიზაცია გამოაცხადეს, ასე რომ, ყურადღებით, არ მისცეთ უფლება ამ ნაძირალებს, რომ დაბრუნდნენ!!!” – წერს ლევან გობრონიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge