Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:23 12.06.2018
"ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე, ქულების დაკარგვის რისკის წინაშე დგას

აზერბაიჯანული გამოცემის, «Каспий»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემული და განხილულია თბილისში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციები, რომელიც ორი მოზარდის მკვლელობის საქმის გამოძიების დროს დაშვებული შეცდომების გამო დაიწყო.

 


„სისტემა უნდა დაინგრეს“ - ასეთია მომიტინგეთა მთავარი ლოზუნგი, რომელიც საქართველოში ამჟამად არსებული სამართალდაცვისა და მართლმსაჯულების სისტემის შეცვლა-რეფორმირებას ითვალისწინებს. აქციის მონაწილეებმა ქვეყნის ხელისუფლებას მკვლელობის ობიექტური გამოძიებისათვის ვადა მისცეს. მართალია, გამოვლინდა საქმის ზოგიერთი ახალი ფიგურანტი, ისინი დააკავეს, მაგრამ, როგორც ჩანს, აქციის მონაწილეები და განსაკუთრებით მოკლული მოზარდის ზაზა სარალიძე პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობამ არ დააკმაყოფილა (მისი თქმით, „დასაჭერი კიდევ ბევრია, განსაკუთრებით უშუალო მკვლელების მფარველები“) და ამიტომ აქციები ისევ განახლდა, ამჯერად იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების გადადგომის მოთხოვნით.



სხვათა შორის, გამოძიების მიმართ ბევრი კითხვა გაუჩნდა სახალხო დამცველს, ომბუდსმენ ნინო ლომჯარიასაც, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ანტისამთავრობო მიტინგის ფონზე, საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სამართალდამცველი ორგანოების მუშაობას დადებითად აფასებენ.



„ისე გამოდის, რომ მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს, საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები მმართველ გუნდს სპეციალურად უმზადებენ არსასიამოვნო „საჩუქრებს“. რამდენად შეიძლება, რომ ასეთ სიტუაციაში ჩრდილოვანმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა იუსტიციისა და შს მინისტრების ფიგურები გაწიროს, ანუ თანამდებობიდან გადააყენოს. ასეთი ნაბიჯის გადადგმა სრულიად შესაძლებელია“, - ასკვნის ავტორი პუბლიკაციის დასასრულს.

ავტორ(ებ)ი : newspress.ge