Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:10 13.06.2018
არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, მარნეულის მერი დააკავეს

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს.  არსებული ინფორმაციით, მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. 
შეგახსენებთ, გუშინ სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. 



როგორც სტუდია "მონიტორის" სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პიროვნებაზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.



როგორც აღნიშნულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 



„2018 წლის 11 ივნისს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, ქ. მარნეულში, ე.ა-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. საქმეზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, შედეგების შესახებ საქართველოს პროკურატურა საზოგადოებას მიაწვდის დამატებით ინფორმაციას“, - აცხადებენ პროკურატურაში. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge