Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:11 13.06.2018
რას საქმიანობდა თემურ აბაზოვი სანამ მარნეულის მერი გახდებოდა?

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, არსებული ინფორმაციით, მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. 



გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სტუდია "მონიტორმა" ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.



საინტერესოა, რას საქმიანობდა თემურ აბაზოვი, სანამ 2017 წლის ოქტომბერში მარნეულის მერი გახდებოდა და რა განათლება აქვს მას?



"ქართული ოცნების" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, თემურ აბაზოვი 1981 წლის 2 დეკემბერს დაიბადა, 2003 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

 

პოლიციის აკადემია დაუსწრებლად დაამთავრა. ამავე წელს დაამთავრა თურქეთის რესპუბლიკის უშიშროების მეცნიერებათა აკადემია ქ. ანკარაში.



2004 წელს თემურ აბაზოვი მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა ინსპექტორად.



2005 წელს მან მუშაობა სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მესამე განყოფილების ინსპექტორად გააგრძელა. ამავე წელს თემურ აბაზოვი იყო შპს JTI-ში საქართველოს წარმომადგენელი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.



2006 წელს თემურ აბაზოვი საქართველოს პარლამენტის საკადრო საკითხთა დეპარტამენტის თანამშრომელი იყო, ამ და მომდევნო წელს კი საქართველოში თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოში ANADOLU-ს წარმომადგენელი იყო.


2007-2011 წლებში აბაზოვი ასევე შპს "ელიტა ბურჯში" მარკეტინგის სამსახურის მენეჯერად მუშაობდა, შემდეგ კი – ამავე კომპანიაში მარკეტინგის სამსახურის უფროსად. 



2013 წელს კი კოალიცია "ქართული ოცნების" მარნეულის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე გახდა. 2015 წელს კი შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სპეციალური ღონისძიებების უზრუნველყოფის სამმართველოს განყოფილების მთავარ სპეციალისტად მუშაობდა.

 


2015-2017 წლებში თემურ აბაზოვი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრის სამმართველოს უფროსი და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პოლიციის ატაშე იყო.



როგორც მმართველი გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, თემურ აბაზოვი ფლობს აზერბაიჯანულ, ქართულ, თურქულ, რუსულ და ინგლისურ ენებს და ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.



აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 8 ივნისს, მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი გახდა, ამის სურვილი მან თავად გამოთქვა.

 

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი.

 

მაგალითად, გასული წლის ნოემბერში თემურ აბაზოვმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, რომელსაც მხოლოდ მამაკაცები ესწრებოდნენ, ამის შესახებ სიუჟეტი რადიო "მარნეულმა" მოამზადა. აღნიშნულ სიუჟეტში მოსახლეობის ნაწილი საუბრობს, რომ ქალებისთვის სოფლის ცენტრში მისვლა არ შეიძლება. რეგიონული მედიის ცნობით, აბაზოვმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქალებს სახლში სადილი ჰქონდათ მოსამზადებელი.


მოგვიანებით კი მერმა განმარტა, რომ მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ ქალები ალბათ საკვებს ამზადებდნენ და შეხვედრაზე მისვლა ვერ მოახერხეს, მხოლოდ მისი ვარაუდია და მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალები მსგავს აქტივობებში აქტიურად არიან ჩართულნი.

 


მარნეულის მერთან დაკავშირებით რეგიონული მედია მიმდინარე წელსაც კრიტიკული იყო. კერძოდ, როგორც Reginfo-ს მიერ 2018 წლის აპრილში გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, თემურ აბაზოვმა ქონებრივი დეკლარაცია არ შეავსო, მაშინ, როცა 
"საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის შესაბამისად, თანამდებობის პირი ვალდებულია, დანიშვნიდან და არჩევიდან 2 თვის დავაში საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი 1000 ლარით დაჯარიმდება და თუ აღნიშნულის შემდეგ 2 კვირის ვადაში ის კვლავ არ წარადგენს დეკლარაციას, მაშინ მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება.



როგორც Allnews.ge-მ გადაამოწმა, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე თემურ აბაზოვის ქონებრივი დეკლარაცია ახლაც არ იძებნება.

 

ავტორ(ებ)ი : allnews.ge