Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

11:47 14.06.2018
"ჩვენ ვიმყოფებით არა ჭარბვალიანობის, არამედ ირაციონალობის ჭაობში"-გიორგი ცუცქირიძე
ჭარბვალიანობის ზეგავლენაზე, ეკონომიკაზე, ახალ სამთავრობო ინიციატივებზე, გთავაზობთ  „ბანკები და ფინანსების“ ექსკლუზიურ ინტერვიუს საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორთან, პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან:


 საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით ყალიბდება ფინანსური პრობლემების მქონე მოსახლეობის მზარდი მასა, რომელსაც უმცირდება ეკონომიკური აქტივობის მოტივაცია, რაც ნეგატიურად აისახება მათ კეთილდღეობაზე და ეკონომიკურ ზრდაზე ზოგადად, რადგან  ბანკები გასცემენ იმაზე მეტ სესხებს, მათ შორის მაღალ შემოსავლიან პირებზე, ვიდრე კლიენტს შეუძლია მოემსახუროს?


– ფართოდ აღიარებული მოსაზრების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას გააჩნია სასესხო ვალდებულება ფინანსური ინსტიტუტების – კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სხვა კერძო მსესხებლების მიმართ. მართალია, ტერმინოლოგიურად ჭარბი დავალიანება არის ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის უუნარობა გრძელვადიან პერიოდში და არ შეეხება თუნდაც სესხის ერთჯერად გადაუხდელობას, მაგრამ როდესაც განკარგვადი შემოსავლის მნიშნელოვანი ნაწილი სესხების მომსახურებაზე მიდის, ჭარბი დავალიანება რეალურად ვალაუვალობაში გადადის და  სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს ეკონომიკის ვარდნის ან შენელებისას ან თუნდაც გარე შოკებისას,  ვალუტის მკვეთრი გაუფასურებით, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც დიდია სესხების დოლარიზაცია.

 

უნდა განვმარტო, რომ ჭარვალიანობის ქცევის შესაფასელად საინტერესო სურათს იძლევა ისეთი მაკროეკონომიკური ინდიკატორების შეფასება როგორიც არის შინამეურნეობების ვალის მშპ-სთან თანაფარდობა და შინამეურნობების დავალიანება განკარგვად შემოსავლებთან მიმართებაში.

 

პირველ შემთხვევაში მისი საშუალო მაჩვენებელი ევროზონის ქვეყნებში არის 58%, ხოლო მთელ რიგ ქვეყნებში გაცილებით მაღალია. შვეიცარიაში -127%, დანიაში-117 %, ნიდერლანდებში-106 %, დიდ ბრიტანეთში-87 %. გაცილებით ნაკლებია ირლანდიაში-48 % და იტალიაში-41%. რაც შეეხებათ განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებს აქ სურათი ასეთია. პოლონეთში-35%, ჩეხეთში-31%, ლიტვაში-23%. საქართველოში ეს მაჩვენებელი ღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონეზეა და39 %-ს შეადგენს. ამ მონაცემებსაც თავისი ახსნა აქვს. შედარებით განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში, სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 38 ათას აშშ დოლარზე მაღალია, ბუნებრივია გაცილებით მაღალი საკრედიტო დაბანდებებით ხასიათდებიან. მაგალათისათვის საქართველოს შემოსავლების დონე ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე 10 000 აშშ დოლარამდეა, მაშინ როცა შვეიცარიაში 58 ათასი აშშ დოლარის, დანიაში – 45,6 ათასი აშშ  დოლარის, ნიდერლანდებში-47 ათასი აშშ დოლარის, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 25-30 ათასი აშშ დოლარის ფარგლებშია, ანუ ჩვენზე 3 ჯერ მეტია. აქვე ავღნიშნავ, რომ შინამეურნეობებში შედის როგორც საცალო დაკრედიტება სამომხმარებლო სესხების და განვადებების სახით, ასევე იპოთეკური სესხები და მიკროსესხები მეწარმე ფიზიკურ პირებზე.

 

ახლა ვნახოთ თუ როგორია შინამეურნობების დავალიანება განკარგვად შემოსავლებთან მიმართებაში. ევროზონის ქვეყნებში მისი საშუალო მაჩვენებელი 2017 წლის მიხედვით არის 93%, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე შედარებით მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში კიდევ უფრო მაღალია. კანადაში -173 %, დანიაში-246%, ნიდერლანებში-208 %, შვედეთში-156%, გერმანიაში 107 %-ს, ფინეთში-114 %-ს, ხოლო შვეიცარიაში-182%-ს შეადგენს.

 

ფინანსებზე გაუმჯობესებული წვდომა და სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტში სესხის მქონე ზრდასრული მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა, ასევე, ასახულია სხვადასხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებელში, რომლითაც მოსახლეობის ვალის გაზომვა ხდება. მაგალითად, 2008 წლის კრიზისამდე ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, საოჯახო მეურნეობის ვალის მშპ-სთან თანაფარდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 11%-ს შეადგენდა, 2012 წელს -15 % იყო, ხოლო 2017 წლის ბოლოს 3.5 ჯერ გაიზარდა – 53 %-ს მიაღწია, ხოლო ცალკეული კვლევების მიხედვით, შედარებით მაღალი შემოსალების მქონე პირების შემთხვევაში, სულაც 200 %-ს შეადგენს.

 

ამ მონაცემებიდანაც ჩანს, რომ მაკრო დონეზე სესხის დაგროვების ტემპი გაცილებით აღემატება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპს, რომელიც ამავე პერიოდში მიმდინარე ფასებში 26 მლრდ ლარიდან 38 მლრდ ლარამდე ანუ მხოლოდ 45 %-ით  გაიზარდა.

 

ევროპის საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში საოჯახო მეურნეობის ვალის მშპ-სთან თანაფარდობის მაჩვენებელი 35-75 %-ის ფარგლებშია(სლოვაკეთში-63%, პოლონეთში-60 %, ხორვატიაში-57 %, ჩეხეთში-59 %, ესტონეთში-75 %, ლატვაში-35 %, ლატვიაში-37%, უნგრეთში-39 % სლოვენიაში-45%), ხოლო უფრო დაბალი შემოსავლების ან თუნდაც ჩვენი დონის ქვეყნებში კიდევ უფრო  დაბალია-13-25 %.

 

სსფ-ის მოხსენების თანახმად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ფინანსებზე წვდომის შესახებ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არის, სადაც საკმაოდ მაღალია კომერციული ბანკების მსესხებელთა რაოდენობა. აღმოჩნდა, რომ 2015 წლის მონაცემების მიხედვით, 1000 ზრდასრულ მოსახლეზე უკვე 680 მსესხებელი მოდიოდა, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორე მაჩვენებელია თურქეთის შემდეგ (2015 წლის კვლევა ფინანსებზე წვდომის შესახებ),,თუმცა  იგივე თურქეთში შინამეურნეობების ვალის შეფარდება მშპ-სთან არის მხოლოდ 18%.

 

 განვმარტავ, რომ  ვალის შეფარდება განკარგვად შემოსავალთან ერთმანეთს ადარებს სესხების ჯამურ მოცულობას და განკარგვადი შემოსავლების წლიურ მაჩვენებელთან და არა გადასახდელი მიმდინარე ვალის შემოსავლების პროპორციასთან, ანუ პირს შეიძლება ჰქონდეს 3 წლიანი ჯამური საკრედიტო დავალიანება 10000 ლარის, წლიური განკარგვადი შემოსავლი კი 5000 ლარი იყოს და შესაბამისად, მიმდინარე ვალის მომსახურებაში იხდიდეს თუნდაც 2000 ლარს. გარდა ამისა, სესხის განკარგვად შემოსავალთან ფარდობა ზომავს იმ ადამიანების ვალებს, ვინც ფული ისესხა და ადარებს მას იმ ადამიანების შემოსავლებს, ვისაც შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს სესხი.

 

არსებული სიტუაციის ანალიზი აჩვენებს, რომ ჩვენი მოსახლეობა საკრედიტო რესურების მოხმარებით ევროპის წამყვანი ქვეყნების დონეზეა, მაშინ როდესაც რეალური შემოსავლები 3-5 ჯერ უფრო ნაკლებია. ეს ფაქტები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საცალო დაკრედიტებისას საკრედიტო რესურსებზე დაბალი ხელმისაწვდომობის არგუმენტირება თითიდან გამოწოვილი მიზეზია, რასაც ადასტურებს თუნდაც ბოლო 5 წელიწადში საპროცენტო განაკვეთების კლების დინამიკა. რეალურად ვალაუვალობის რისკი ადამიანების მიერ სესხების ირაციონალურად აღებას უკავშირდება, რაც განპირობებულია ერთის მხრივ იმით, რომ მოსახლეობას არ აქვს ფინანსური განათლება და ფინანსების მართვის უნარი, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის წმინდა მომხმარებლის ფსიქოლოგიაზე მიუთითებს.

 

ამის შედეგია, რომ მოვიხმართ იმაზე გაცილებით მეტს, რასაც ვაწარმოებთ ან ვქმნით და ეს არის ვალების ეკონომიკის ბუნება. მართალია, საცალო პროდუქტებზე მოთხოვნილება გარკვეულწილად მომდინარეობს ქვეყანაში უმუშევრობის და დაბალანაზღაურებადი სამსახურების გამო, მაგრამ ამის გადაბრალება განათლების და მით უმეტეს ჯანდაცვის საჭიროებებზე, ვფიქრობ გაზვიადებულია. ჩვენთან საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპის კუთხითაც კი.

 

-ექსპერტთა  ნაწილი თვლის, რომ დაკრედიტების ტემპების შენელება შეამცირებს მოხმარებას, რაც ისევ ეკონომიკაზე აისახება უარყოფითად, არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც, თქვენი პოზიცია როგორია ამ საკითხთან მიმართებაში?

– რეალური მოთხოვნა არის ფული, რომელიც თქვენ გაქვთ და არა სურვილი, რომლითაც საქონელს ან მომსახურებას შეიძენ და შესაბამისად არა სესხი თუ ის განკარგვადი შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს და გადადის ვალაუვალობაში, როდესაც მსესხებელს  უძნელდება ან არ შეუძლია მოემსახუროს მას ფინანსური პრობლემების გარეშე. ბუნებრივია, უიმედო ვალების დაბალი დონე, რომელიც ბოლო წლებში  3%-ის ფარგლებშია საბანკო სექტორის მდგრადობას უსვამს ხაზს, მაგრამ მეორეს მხრივ მომავალში მან მაკროდონეზე სერიოზული პრობლემები შეიძლება წარმოშვას.

 

არა თუ ვალაუვალობა ზემოქმედებს ნეგატიურად ეკონომიკის ზრდაზე, არამედ ზოგადად  დაკრედიტების მაღალი ტემპებისას, სამომხმარებლო კრედიტის დონის ზრდა ამცირებს მოხმარებასდა მშპის ზრდის ტემპსრაც კიდევ უფრო ზრდის ჭარბი დავალიანების რისკს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ლიკვიდობის რისკს,  რომელიც ეგზისტენციალური რისკის კატეგორიას განეკუთვნება.

თუ ზოგადად მოთხოვნის სტიმულირებაზეა საუბარი, არსებობს მოხმარების ზრდის უფრო რეალური საშუალებები, მაგალითად სახელმწიფო ინვესტიციები, მათ შორის სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამები მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებისათვის, ან მოთხოვნის სტიმულირება საგადასახადო ლიბერალიზაციით ან ხელფასებისა და პენსიების ზრდის შედეგად. ეკონომიკის რეალური სექტორის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები, „აწარმოე საქართველოში“, “დანერგე მომავალი“, იგივე „იაფი აგროკრედიტის“  პროგრამები, ასევე უკვე დაანონსებული საკრედიტო საგარანტიო ინსტრუმენტების დანერგვა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

 

განვითარებული ეკონომიკების მაგალითზე კარგად ვნახეთ ვალებზე დაფუძნებული ეკონომიკის ზრდის (ხელფასებზე დაფუძნებული ზრდის საპირისპიროდ)  სავალალო შედეგები, 2008 წელს ფინანსური კრიზისის და ცალკეული ქვეყნების(საბერძნეთი, იტალია) სახით.

 

მიმაჩნია, რომ ჩვენ ვიმყოფებით არა იმდენად ჭარბვალიანობის ან თუნდაც ვალაუვალობის, არამედ ირაციონალობის ჭაობში. ეს არის მთავარი დილემა, რაც ხელს უშლის ეკონომიკის ზრდას რეალურად და ნაკლებად ის თუ რატომ გასცემენ ბანკები სესხებს ამ ტიპის მოქალაქეებზე.


კომერციული ბანკები განსხვავებით სახელმწიფო ან სპეციალიზირებული ბანკებისაგან,  არიან კერძო კაპიტალით შექმნილი ბანკები. შესაბამისად, ბანკი როგორც კერძო სტრუქტურა ეცდება  მაქსიმალური მოგება მიიღოს იქ სადაც ამის საშუალება და მოთხოვნა იქნება, იქნება ეს იპოთეკური თუ საცალო დაკრედიტება. სოციალური პასუხისმგებლიანობის ელემენტიც უფრო ინდივიდუალურია, ვიდრე საზოგადო. ჭარვალიანობის პრობლემაც ნაკლებად არის ბანკების პრობლემა. ჭარბვალიანობის რისკი წარმოადგენს მაკრო რისკს, რომელსაც ეკონომიკაზე და საფინანსო სექტორზე  სერიოზული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, და აქედან გამომდინარე, ეს არის ზედამხედველის, ჩვენ შემთხვევაში ეროვნული ბანკის, პრეორეგატივა და პასუხისმგებლობა მთლიანად.

 

ეროვნული ბანკის მიერ, საბანკო და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებებისათვის, შემოღებული ახალი გამკაცრებული რეგულაციები, საზედამხედველო ველის განვრცობა ერთიან საკრედიტო სეგმენტზე და ფინანსური სისტემის რეფორმაც, მათ შორის საგადასახადო და ადმინისტრირების კუთხით, მთლიანად ამ საკითხს უკავშირდება. ვალაუვალობა და მსყიდველობითუნარიანობის შემცირება ატარებს როგორც მიკრო, ასევე მაკრო რისკების ნეგატიურ  ეფექტს, განსაკუთრებით საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში.

 

მიმაჩნია, რომ დღეს ამ რეფორმას, რამდენად მტკივნეულც არ უნდა იყოს ცალკეული საკრედიტო დაწესებულებისათვის, სჭირდება გაცილებით გლობალური გააზრება. ჩვენ ეს მოგვწონს თუ არა, ევროკავშირის დირექტივების მიხედვით, მივდივართ ევროპული მოდელისკენ, სადაც კერძო და სახელმწიფო ინტერესების თავსებადობის თვალსაზრისით, პრიორიტეტები მომხმარებელთა უფლებების მხარეს არის გადასული. საკრედიტო დაწესებულებების ნაწილს, ალბათ მოუწევს თავისი საქმიანობის კორექტირება ან შეწყვეტა, ეს განსაკუთრებით მისო-ებს და ლომბარდების ეხებათ, რომლებიც მაღალი საპროცენტო მარჟით ფუნქციონირებენ.

 

ბუნებრივია, ნებისმიერი რეგულაცის შემოღებას, გარკვეულ პერიოდში აქვს ზრდის შემაკავებელი ეფექტი. შესაბამისად, რეფორმის საწყის ეტაპზე დაკრედიტების ტემპების დაცემა მოსალოდნელიც არის, მაგრამ უახლოეს მომავალში როდესაც ფისკალური ნაწილის რეფორმა ძალაში შევა, და თვითდასაქმებულებს  საშუალება მიეცემათ მოახდინონ შემოსავლების ლეგალიზაცია, რაც მოხსნის შემოსავლების დადასტურების პრობლემებს, საცალო პროდუქტებზე ზრდის ტემპები გაიზრდება, მაგრამ ბუნებრივია, არა იმ მასშტაბით როგორიც ბოლო წლებში იყო.

 

საბანკო სექტორი დღეს დგას ახალი სერიოზული გამოწვევების წინაშე, ვიდრე ეს თუნდაც ახალი რეგულაციების დროში აპრობაცია შეიძლება იყოს. ბანკებს მოუწევთ დღემდე აპრობირებული ბიზნეს მოდელის მთლიანად გადაწყობა, არა მხოლოდ ამ ახალი რეგულაციების გამო. ეკონომიკაში  შემოდის ციფროვიზაციის  ეპოქა, რაც ახალი მომსახურების სერვისების დანერგვას მოითხოვს და მთლიანად შეცვლის არც თუ შორეულ მომავალში ბანკის, როგორც მომსახურების სფეროს არა თუ სტრუქტურას და საქმიანობის პრიორიტეტებს, არამედ დიზაინსაც კი.

ავტორ(ებ)ი : http://bfm.ge