Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:14 14.06.2018
"ალბათ, ათჯერ მაინც დავიწყე ცხოვრება თავიდან" - გიო ხუციშვილი

56 წლის ასაკში მომღერალი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა. მომღერალს დღეს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.


გთავაზობთ მის ინტერვიუს ჟურნალ "თბილისებეთან", სადაც საკუთარ ცხოვრებაზე, განვლილ წლებზე, შვილებზე და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს.

 

გიო ხუციშვილი: ნახევარი საუკუნე გავიარე და ხშირად ვფიქრობ განვლილ წლებზე. ღამე, როცა დავწვები, მახსენდება ყველაფერი, რა ბობოქარი ცხოვრებაც გავიარე. მამა თანამდებობის პირი იყო, მანქანა გვემსახურებოდა. სკოლაში მანქანით მივყავდი, დედაც იქ ასწავლიდა და ახლა ვფიქრობ, როგორი უდარდელი, უზრუნველი ბავშვი ვიყავი. ადრეული ასაკიდან „მოვიწამლე“ კინოთი. შოთა მანაგაძე, ფილმისთვის ბავშვებს აგროვებდა. სოფიკო ჭიაურელი და თენგიზ არჩვაძე მონაწილეობდნენ. მათ გვერდით ვიდექი 4 წლის ბავშვი და ვმღეროდი. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, როგორი ადამიანების გვერდით ვიდექი, მერე კი მივხვდი. წლების მერე, სოფიკო ჩემი მეორე დედა გახდა. მასთან ხშირად მივდიოდი სახლში. გიორგი შენგელაიამ რომ გადამიღო ფილმში „სიყვარული ყველას უნდა“, პატარა როლი მქონდა, მაგრამ ჩემი ფრაზები იმ ფილმიდან: „ტაში პარი“, „რადიოზე დაიყენე თმები?“, დღესაც ბევრს ახსოვს (იცინის). 16 წლის ვიყავი, თეატრალურში რომ ჩავაბარე. კინორეჟისორობაზე ვოცნებობდი, მაგრამ რთული პერიოდი დადგა ქართული ფილმისთვის. ამიტომ, ოცნება, გადამეღო ფილმი, ვერ ავიხდინე. მაგრამ, ყველაფერი წინ არის და იმედია, ამ ოცნებასაც ავიხდენ, ისევ დავიწყებ ცხოვრებას ახლიდან. ზოგჯერ ვერც ვიჯერებ, რომ ეს გზა მე გამოვიარე. ჩემს შვილებს რომ ვუყურებ, რამხელები არიან, ასე მგონია, სხვის შვილებს ვუყურებ (იცინის). პირველი ცოლი, რომ მოვიყვანე 20 წლის ასაკში და შვილი შემეძინა, ვერ გავაცნობიერე მამობა. მერე, მეორედ დავოჯახდი – ზუკა გაჩნდა. ცხოვრებას მარტო დავეჯახე, დაიწყო პრობლემები... მამის გარდაცვალების მერე, დასრულდა ჩემი „ტკბილი“ ცხოვრება. გავაცნობიერე და მივხვდი, რომ მამა ვარ, ბოჰემურად, სიგიჟეებითა და დროსტარებით, არეული ცხოვრებით ვეღარ გავაგრძელებდი. კი არ ვნანობ, უბრალოდ, ამან მიმიყვანა გარკვეულ დონემდე – მივხვდი და გავაცნობიერე, ჩემი წილი პასუხისმგებლობა ოჯახის წევრების მიმართ. უბრალოდ, რამდენჯერმე მომიხდა ცხოვრების თავიდან დაწყება.



– ცხოვრების რამდენიმეჯერ თავიდან დაწყება, არ გაგიჭირდა?
– ალბათ, ათჯერ მაინც დავიწყე ცხოვრება თავიდან და არ გამჭირვებია. აფხაზეთისა და ოსეთის ომიც გამოვიარე, დავიჭერი, დავკარგე ბევრი მეგობარი, იყო შიში, ტკივილი, განცდა... ის სტრესი და დაძაბულობა დღემდე მომყვება. დაახლოებით, 30 კაცის ცხოვრება მაქვს გავლილი. დაძაბულ გზებზე ვიარე, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებაა და ის ისე გავიარე, როგორც მინდოდა – თავისი შეცდომებით, გადაცდომებით, უფსკრულის წინაშე დგომით... ახლახან გადმომცეს პრიზი „ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის“. ეს ჩემთვის დიდ რამეს ნიშნავს, მით უმეტეს მაშინ, როცა რთული პერიოდი მიდგას ცხოვრებაში და საკუთარ თავთან ომი მაქვს მოსაგები.



– გიო, ვხვდები, საკუთარ თავთან ომის მოგებაში იმ დაავადების დამარცხებას გულისხმობ, ახლა რომ ებრძვი. როდესაც გაიგე, საკმაოდ რთული პერიოდი დადგა შენს ცხოვრებაში, კიდევ ერთი დარტყმისთვის უნდა გაგეძლო და ეს, საკმაოდ რთული იქნებოდა, ამ ამბავს როგორ შეხვდი?


– არასდროს არაფერი არ მაწუხებდა. ფეხი ამტკივდა და მეგობარ ექიმთან, აჩიკო სიხარულიძესთან მივედი. მითხრა, არ მომწონს ეს შენი ფეხის ტკივილი და ჩავიტაროთ დამატებითი გამოკვლევებიო. გამოკვლევების მერე, მე არაფერი მითხრეს. მაიკოს, ჩემს მეუღლეს გაუმხილეს და მეგობრებს, ჩემი ავადმყოფობის შესახებ. ანუ, კვლევამ აჩვენა ყველაზე ცუდი დიაგნოზი, რაც შეიძლება არსებობდეს. დასხდნენ და მითხრეს, იქნებ თურქეთში წავიდეთ სამკურნალოდო. იმწუთას მივხვდი, რაშიც იყო საქმე და ვუთხარი: სადაც საჭიროა, წავიდეთ, ყველაგან წამოვალ-მეთქი. იმ დღიდან ომში ვარ.

 



– იმ წუთას, როცა მიხვდი, რომ შენი ცხოვრება შეიცვალა და მოგიწევდა, დაავადებასთან ხანგრძლივი ბრძოლა, რა განცდა დაგეუფლა?
– დიაგნოზის დასმის მერე, თურქეთში წავედი. ჩავიტარე მკურნალობის კურსი, ჩამოვედი საქართველოში და კონცერტი ჩავატარე. პირველად რომ გავიგე დაავადების შესახებ, რასაკვირველია, დარტყმა იყო, მაგრამ, მერე მივხვდი, იმდენი რამ მაქვს გადატანილი და განცდილი, ამასაც გადავიტან. არ ვიცი, ეს დაავადება ჩემი სასჯელია, ბედნიერების შეფერხება თუ იმის გამოცდა, რამდენად ძლიერი და მებრძოლი ვარ, მაგრამ მთავარია, ვგრძნობ, ღმერთი ჩემს გვერდითაა და მარტო არ ვარ. სხვათა შორის, თურქეთის კლინიკაში, როცა მარტო დავრჩი პალატაში, მაშინ ვიგრძენი, რომ მარტო არ ვიყავი. სწორედ, სიმარტოვეში მივხვდი, რომ მარტო არ ვარ და ვთქვი, ღმერთო, გადამარჩინე-მეთქი. უკვე ოთხჯერ ვიყავი ისრაელში და ექვს კვირაში ერთხელ, უნდა ვიარო. პირველად რომ ჩევედი, სანამ კლინიკაში წავიდოდი, წმიდა გიორგის საფლავთან მივედი. იქ დამხვდნენ ბიჭები და მომცეს, წმიდა გიორგის საფლავის ქვიდან ანათალი შრე. მერე, მაცხოვრის საფლავზეც მოვილოცე და იქაც მომცეს ანათალი. ეს ორივე საფლავის ქვის ანათალი მიკიდია გულზე, როგორც თილისმა. მჯერა, ამას დიდი ძალა აქვს, მმფარველობს და გამოჯანმრთელებაშიც დამეხმარება. დაავადების პირველი სტრესი გადავლახე. ახლა მკურნალობას გავდივარ და ზუსტად ვიცი, წინ ბევრი ბედნიერი დღე, წამი და წუთი მელის. ახლა, ზამთარს ველოდები, რომ მოთოვოს და თხილამურებზე დავდგე. ეს რომ ჩემს ექიმს ვუთხარი, გადაირია: რას მელაპარაკები, შენ გიჟი ხარ, სიარულზე გვაქვს პრობლემა და რა თხილამურებიო (იცინის).



– ზაფხულში, როცა დაავადების შესახებ გაიგე, სწორედ მაშინ გქონდა ყველაზე მეტი კონცერტი. ფაქტობრივად, სცენიდან არ ჩამოსულხარ. თუმცა, სწორედ ამ დროს იდგა შენს ცხოვრებაში ურთულესი პერიოდი და რთულ დაავადებასთან პირველი ბრძოლის დღეები.
– გეთანხმებით, საკმაოდ დატვირთული ზაფხული მქონდა და ახლაც დატვირთული სამუშაო რეჟიმი მაქვს. ჩემი ებრაელი ექიმი გიჟდება, არ მინახავს შენნაირი პაციენტიო (იცინის). ერთხელ, კინაღამ გამომაგდეს ისრაელის კლინიკიდან. სანამ პროცედურაზე შევიდოდი, მოსაცდელში ბევრი ხალხი იყო. მე რაღაცას ვიხსენებდი, მეგობრები ხმამაღლა ვიცინოდით. გამოვიდა ექიმი და შენიშვნა მოგვცა: კაცო, აქ ხალხი განცდებშია, დარდობს და თქვენ კიდევ, რა გაცინებთო. ისრაელში, ბინა რომ ვიქირავე, პირველი, რაც გავაკეთე, გავვარდი და გიტარა ვიყიდე. მას მერე, ასე, ტაშ-ფანდურით მოვდივარ და ვებრძვი დაავადებას, რომელსაც ნელ-ნელა დავამარცხებ. ყველაფერს ეშველება, მთავარია, შემართება. წამალს, რომელსაც ვიკეთებ, ზოგი რთულად იტანს და სამი დღე ვერ დგება ფეხზე, მე კი, ეგრევე ვდგები.



– გამოდის, რომ ძლიერი ორგანიზმი გაქვს.
– ძლიერი ორგანიზმი აღარ მაქვს, მაგრამ ტვინში რაღაც უნდა ჩაკეტო და ფსიქოლოგიურად გაძლიერდე. სიკვდილს ხუთჯერ ჩავხედე თვალებში – როცა ცხოვრების კადრებმა ჩამიარა თვალწინ და მივხვდი, ყველაფერი მორჩა... მაგრამ, გადავრჩი და ამის მერე, ეს დაავადება ვერ შემაშინებს. ახლა, დადგა მომენტი, როცა მეტი მინდა, ვაკეთო, მეტი ვისიყვარულო, მეტი გავცე... გულჩვილი გავხდი (იცინის). ზოგჯერ ისეთ რამეზე წამომივა ცრემლი, მაგალითად, ფილმის ყურებისას, გამცინებია, რა მატირებს-მეთქი (იცინის). იმდენი ხალხის სიყვარულს ვგრძნობ, იმდენი ადამიანი მირეკავს და წუხდება ჩემი ავადმყოფობის გამო, უკვე აღარ ვფიქრობ საკუთარ თავზე. ეს ცხოვრების კიდევ ერთი გამოცდაა, რომელიც აუცილებლად უნდა ჩავაბარო. არაერთი რთული, ცხოვრებისეული გამოცდა ჩავაბარე. ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად რთულად გავიარე, მაგრამ დღემდე მოვედი და ახლანდელი ჩემი მდგომარეობაც ასეა – უნდა ვიბრძოლო და გამოცდა ჩავაბარო, სხვა გზა არ მაქვს. იყო პერიოდი, როცა ჩემს თავში ჩავიკეტე და 1993 წლიდან, მთელი ათი წელი, ფხიზლად ვიცხოვრე. მერე ვთქვი: ფხიზელმა ჩემმა მტერმა უყურა ამ ცხოვრებას-მეთქი (იცინის). ახლა რომ ვფიქრდები, ბედნიერი ვარ, რადგან ვიცხოვრე ისე, როგორც საჭიროდ მიმაჩნდა და დღეს, სრულიად უცხო ადამიანები მკითხულობენ, გვერდში მიდგანან და მამხნევებენ. ეს ჩემთვის საპატიო ჯილდოცაა და ყველაზე დიდი ორდენიც. ისრაელში რომ მიწევს ექვს კვირაში ერთხელ ჩასვლა და სამედიცინო პროცედურების ჩატარება, დამიჯერეთ, არ წყდება ტელეფონზე ზარი. ვხვდები, ფარ-ხმლის დაყრის უფლება არ მაქვს. თავიდან, როცა ჩემი ავადმყოფობის შესახებ გაიგეს, წავიდა ჭორები – ვეღარ დგება, ვეღარ წვება, თურქეთში რომ ჩავიდა, უარით გამოისტუმრეს იქიდანო... ბევრი მითქმა-მოთქმა იყო. ბევრმა არ დაიჯერა და ამბობდა: თუ ასე ცუდადაა, აბა, როგორ დგას სცენაზეო. ფაქტია, ვმკურნალობ, მაგრამ ფეხზეც ვდგავარ. აქტიურადაც ვმუშაობ და ვმღერი. ვცდილობ, დაავადებაზე არ ვიფიქრო. სატელევიზიო გადაცემების გაკეთებაც უნდოდათ და საქველმოქმედო კონცერტის ჩატარებაც ჩემს მეგობარ, კოლეგა მომღერლებს, მაგრამ მე ამის წინააღმდეგი ვარ. პირიქით, ვცდილობ, სხვის საქველმოქმედო კონცერტებზე გამოვიდე, ვიმღერო და დავეხმარო. მე მეგობრები მიდგანან გვერდში, ბევრ დაავადებულს კი ჩემი დახმარება უფრო სჭირდება. არ დაგიმალავთ, იყო შემთხვევა, როცა წამალმა არ იმოქმედა, არ ჰქონდა ეფექტი და იმ წუთში, ცოტა შევშინდი. მაგრამ, მერე მკურნალობა შემიცვალეს და შედეგიც მომცა. ახლა წამლებსაც ვიღებ და სამედიცინო პროცედურებსაც გავდივარ. სხვათა შორის, მე და ფრიდონ თოდუას, ერთნაირი დაავადება გვქონდა და მისი სიკვდილი რომ გავიგე, ძალიან იმოქმედა. იმდენ ადამიანს უშველა და თავად, გარდაიცვალა. სამჯერ შემომითვალა, მოდი, მნახეო და სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე. ხან ისრაელში ვიყავი, ხან თავად იყო ცუდად და არ შევაწუხე. ფრიდონის სიკვდილი ჩემთვის დარტყმა იყო. ისეთი საშინელი დაავადებაა, რა დროს წამოგეწევა და დაგაგდებს, კაცმა არ იცის. ბევრი თანხაა მის დასამარცხებლად საჭირო და რომ არა მეგობრები, მათგან ზურგის გამაგრება, არც კი ვიცი, როგორ გავართმევდი თავს. ბევრჯერ მიმღერია საქველმოქმედო კონცერტზე და ახლა ვხვდები, ეს რამხელა მადლია.


– ამბობენ, ასეთ დროს გარშემო მყოფების დამოკიდებულება იცვლებაო. შენს შემთხვევაში, როგორ არის საქმე, ამას გრძნობ?
– მე არ ვაძლევ ამის უფლებას, რომ საცოდავი თვალით შემომხედოს ვინმემ. როცა დაავადებას ებრძვი, გვერდში დგომა უფრო მეტად გჭირდება. მეგობარმა მითხრა: მარტყოფში, ეკლესიაში ვიდექი, ვიღაც ბიჭი მოვიდა და მამაოს ფურცელი მისცა, სადაც ჯანმრთელობის ლოცვისთვის სახელები და გვარები ჰქონდა ჩამოწერილი და გიო ხუციშვილიც ეწერაო. არც კი ვიცი ვინ არის, მაგრამ მადლობა მას. წმიდა გიორგი ჩემი მფარველია, მის საფლავზე ვიყავი. ომიდან მოყოლებული მისი ხატი სულ თან მაქვს. ეს მიფარავს და დამიფარავს. ხატიდან მირონი რომ გადმოდის, მთელ ტანზე ვისვამდი და მჯეროდა, სასწაული მოხდებოდა. ეს შინაგანად მაძლიერებს. ახლა ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, როცა პატარა ომი მაქვს მოსაგები სიმღერითა და გიტარით და ამ ომში, ყველა გვერდში მიდგას. ისევ გიჟურად ვცხოვრობ, ისევე მიყვარს, ისევე განვიცდი, მტკივა და მიხარია. ლამაზი ქალი რომ გაივლის, იმასაც ვაყოლებ თვალს (იცინის).



– მერე, ექიმმა რომ გაგაფრთხილა – ღვინო, დუდუკი და ქალები დროებით გეკრძალებაო?
– ღვინო ამოვაგდე, ქალები და დუდუკი დავტოვე. იმდენი ვიქეიფე, დროებით მეყოფა. მერე ამასაც დავამატებ და ისევ გავასამებ (იცინის).



– ამბობენ, თუ მამაკაცს გვერდით ძლიერი ქალი უდგს, ეს მას ცხოვრებას უმარტივებსო. შენი მეუღლე, მაიკო, თუ აღმოჩნდა ძლიერი ქალი?
– ძლიერი ქალი მამაკაცის გვერდით, ბევრს ნიშნავს. რასაც მაიკომ გაუძლო, მე ვერ გავუძლებდი. ჩემი ბოჰემური სიგიჟეები, „დაკარგვები“, სახლიდან წასვლა-წამოსვლები აიტანა. მთელი ცხოვრება ასე ვანერვიულებ, მაგრამ დღემდე ერთად ვართ და გვერდში მიდგას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge