Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:22 19.06.2018
„ქართული ოცნების“ კრიზისი გრძელდება-შეძლებს თუ არა ახალგაზრდა პრემიერი სიტუაციის გამოსწორებას?

სომხური გამოცემა, «Голос Армении» საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ივან გრიგოროვის ავტორობით სტატიას აქვეყნებს.



საქართველოში მიმდინარე კრიზისის ფონზე პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ იგი „განტევების ვაცად“ აქცია და მოსახლეობის ვნებათა ღელვის ჩაცხრომას ამ გზით შეეცადა. გამოსათხოვარი ტელეგამოსვლის დროს გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა იმ უთანხმოებაზე, რომელიც მას პარტიის დამაარსებელთან და ჩრდილოვან ლიდერთან - მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა. (...) 

 


პოლიტიკური სიტუაციის განვითარების ლოგიკა მიგვანიშნებს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილს უნდა აეღო პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე, გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი, რითაც იგი შეწყვეტდა მითქმა-მოთქმას ხელისუფლების დასუსტებაზე და საკუთარი ელექტორატის მობილიზებას მოახდენდა. მაგრამ იგი კიდევ ერთხელ შეჩერდა ნახევარზომებზე: პარტიაში ოფიციალური ლიდერობა კი დაიბრუნა, მაგრამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად 36 წლის მამუკა ბახტაძე წარადგინა, რომელიც ადრე ფინანსთა მინისტრად და საქართველოს რკინიგზის დირექტორად მუშაობდა.

 


მოკლედ, ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ ბანალური როქირება მოახდინა და ისევ ჩრდილში ყოფნა (ამჯერად ნაწილობრივ) არჩია. ამას მოჰყვა უკვე ტრადიციად ქცეული დაპირებები და მომავალი საქმიანობის „ოთხი პრინციპი“, რომელიც ახალმა პრემიერმა გააჟღერა: ევროატლანტიკური მიზნის მიღწევა, ფუნდამენტური რეფორმების გატარება ახალი ეკონომიკური მოდელის შესაქმნელად, კორუფციასთან ბრძოლა და განათლების სისტემის გარდაქმნა.

 


საქართველოს მთავრობის ახალი ხელმძღვანელის მიერ გაცხადებული პრინციპები სხვა არაფერზე მიუთითებს, თუარა ხელისუფლების კრიზისზე. მმართველი პარტიის მიდგომა - „ძველი წავშალოთ და ახლიდან დავიწყოთ“ კარგად არის ცნობილი არამარტო საქართველოს, არამედ სომხეთის მოსახლეობისთვისაც. სადამდე მიიყვანა სომხეთი ასეთმა დამოკიდებულებამ, როცა მმართველი რესპუბლიკური პარტიაც იგივეს იძახდა ყოველი არჩევნების დროს, უკვე ვიცით. ჰოდა, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის სასტარტო დაპირებებიც არადამარწმუნებლად მოჩანს. 


დასავლური კურსის განმტკიცების საკითხში სიტუაცია მეტ-ნაკლებად გასაგებია: რუსეთმა საქართველოს სხვა გზა არ დაუტოვა, მაგრამ რაც შეეხება მამუკა ბახტაძის დაპირებას ახალი ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბების თაობაზე, აი, ეს კი მიხეილ სააკაშვილისა და მისი დამქაშებისთვის ნამდვილი საჩუქარი გამოდგა: „ქართული ოცნება“ ხომ უკვე ექვსი წელია რაც ქვეყანას მართავს და მხოლოდ დღეს პირდება მოსახლეობას - ეკონომიკას ახლებურად განვავითარებო! აბა, რას აკეთებდა ის წინა წლებში? რა უშლიდა ხელს? ეს სრულიად გაუგებარია. გამოდის, რომ ახალგაზრდა პრემიერმა თავისი დაპირებებით უკვე მიანიშნა, რომ მისი წარმდგენი პოლიტიკური პარტია უსასოოა: თუ ქვეყნის ხელისუფლება ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს მხოლოდ ახლა იწყებს, ვერ ყოფილა კარგად მისი საქმე...

 


საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა უახლოეს დღეებში დამტკიცდება. პარლამენტში მისი პროგრამის განხილვაც მალე მოხდება. ალბათ, სწორედ მაშინ გვეცოდინება საბოლოოდ, განზრახული აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილის პარტიას (თუნდაც დიდი დაგვიანებით!) გადადგას რეალური ნაბიჯები ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გამოსასწორებლად, წესრიგის დასამყარებლად... ან იმასაც გავიგებთ, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლების მიერ გატარებული „კოსმეტიკური რემონტია“, რომელმაც საეჭვოა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს პასუხი გასცეს.

ავტორ(ებ)ი : newspress.ge