Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

12:50 11.07.2018
ლენტეხში ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება

ლენტეხში, სოფელ ზესხოში, ხანძრის ლოკალიზებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური ავრცელებს.

 

სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ზესხოსტყეში ხანძრის ქრობის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რთული რელიეფის გამო, ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს.

 

„არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი მთის ზედა საფარზე გავრცელებულიყო, თუმცა მეხანძრე-მაშველების აქტიური რეაგირების შედეგად ცეცხლი დიდ ფართობზე არ გადასულა“, – ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე დამატებითი ტექნიკა და ცოცხალი ძალა მობილიზებული თბილისიდან და იმერეთის რეგიონიდან.

 

სამუშაოებში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი. ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

 

ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge