Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:02 23.07.2018
ცხელი ზაფხულის ომი, რომელმაც რუსეთი ცივ ომში დააბრუნა

ბრიტანული გამოცემის, «The New European» -ის მიერ გამოქვეყნებული სტატია ეძღვნება საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის მე-10 წლისთავს. მასში საუბარია საინფორმაციო ომის მიმდინარეობაზე, დასავლელი პოლიტიკოსებისა მსოფლიო მასმედიის რეაგირებაზე, რუსეთის ჯარების გაყვანაზე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიღმა დაკავებული ტერიტორიდან, ქართული მხარის შეცდომებზე და ა.შ. 

 


პუბლიკაციის ავტორი, ჯეიმს როჯერსი, თვითონ არის ათი წლის წინ მომხდარი ომის თვითმხილველი. 

 

2008 წლის ზაფხულამდე სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო ახალი ამბების ნაკადში იშვიათად თუ ფიქსირდებოდა - მანამ, სანამ რამდენიმეკვირიანი გამწვავებული სიტუაციის შემდეგ, 7-8 აგვისტოს ღამით, საქართველოს არმიამ სამხრეთ ოსეთის მთავარ ქალაქ ცხინვალზე შეტევა არ დაიწყო.



საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთს და მასთან ერთად კიდევ ერთ რეგიონს, აფხაზეთს, 1990-იანი წლების დასაწყისიდან, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ვერ აკონტროლებდა. ორივე რეგიონი რუსეთთან იყო დაახლოებული და მოსკოვისგან ფინანსურ დახმარებას იღებდა. ეს ვითარება მიუღებელი იყო იმდროინდელი საქართველოს ენერგიული, პროდასავლური პოზიციის მქონე და მკვეთრად პროვაშინგტონური მთავრობისათვის. 2003 წლის ბოლოს მომხდარი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პრეზიდენტად არჩეული და ხელისუფლებაში მოსული მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა მთელი ქვეყანა გაეკონტროლებინა და საქართველო გაეერთიანებინა. 2008 წლის ზაფხულისათვის მისმა ასეთმა სწრაფვმა ქართულ სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტებს შორის დაპირისპირება გაამწვავა, დაიწყო სროლები. იმ ხანებში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფიც იყო დისლოცირებული, ოფიციალურად, სამშვიდობო ძალების სახით. ოსი სეპარატისტები რუსების იქ ყოფნას იწონებდნენ, ქართველები კი რუს სამხედროებს უფრო მეტად ოკუპანტებად განიხილავდნენ.



2008 წლის ზაფხულის მძიმე დღეებში კავკასიის მთებში შეყუჟულ ამ პატარა რეგიონში შექმნილი სიტუაცია თითქოსდა საერთაშორისო საზოგადოებისათვის მაინცდამაინც დიდად სადარდებელი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ სინამდვილეში ცხინვალის ამბები მსოფლიოს გლობალური მნიშვნელობის პრობლემებს უქადდა: პირველად 21-ე საუკუნეში, თანამედროვე ევროპისათვის კონფრონტაციული აღმოსავლეთი ფლანგი ყალიბდებოდა.

საქართველოს რეფორმისტულმა მთავრობამ არმია საკუთარი გეგმების რეალიზაციის იარაღად გამოიყენა, რათა მსოფლიოში თავისი ადგილი მოეპოვებინა. ქართველი ჯარისკაცები, ბრიტანელ და ამერიკელ სამხედროებთან ერთად, ერაყში მსახურობდნენ, სადაც ამერიკა 2003 წელს შეიჭრა. საინტერესოა, რომ თბილისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრისაკენ მიმავალ გზას აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ-უმცროსის სახელი დაერქვა („ამ მხრივ საქართველო მსოფლიოს იშვიათ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებმაც მსგავსი რამ გააკეთესო“, მითხრა ერთ-ერთმა დასავლელმა დიპლომატმა 2006 წელს, თბილისში ყოფნისას). 



იმ დროს საქართველოს [მთავარ საგარეოპოლიტიკურ] მიზანს ნატოში გაწევრიანება წარმოადგენდა. ჩრდილოელი მეზობლისათვის - რუსეთისათვის კი საქართველოს სწრაფვა ალიანსისაკენ ერთგვარი წითელი ხაზის გადაკვეთის მცდელობას ნიშნავდა. დასავლელი პოლიტიკოსები კი მოსკოვის მიერ გამოხატულ შეშფოთებას ყურადღებას არ აქცევდნენ და ნატოს ბლოკის აღმოსავლეთით გაფართოების კურსს აგრძელებდნენ, რომელიც „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ დაიწყო. ნატოში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიც გაწევრიანდნენ. რუსეთი თავს ალყაში გრძნობდა. 2008 წელს კი რუსეთი ომში იმიტომ ჩაება, რომ ნატოს [აღმოსავლეთით] გაფართოების პროცესი შეეჩერებინა. იმ პერიოდში რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იყო, თუმცა ქვეყნის ნამდვილი ლიდერის, უზენაესი ხელმძღვანელის როლს მაინც ვლადიმერ პუტინი ასრულებდა, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტი სამი თვით ადრე დაიკავა.



საქართველოს არმიის შეტევა ცხინვალზე თავდაპირველად წარმატებული იყო, მაგრამ რუსეთის სწრაფმა ჩარევამ გამანადგურებელი ეფექტი გამოიღო. ქართული ჯარისკაცები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ და პოზიციები რუსეთის არმიის ქვედანაყოფებისათვის დაეთმოთ. იყო ისეთი ვარაუდებიც, რომ მოსკოვის ჯარებს შეეძლოთ თბილისის მთლიანად დაკავება და მიხეილ სააკაშვილის დამხობა.



დასავლელი პოლიტიკოსები სიტუაციაზე გავლენის მოხდენას შეეცადნენ. ამის გამო დიდი ბრიტანეთის მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ მილიბენდს რუსი კოლეგა სერგეი ლავროვისაგან საქართველოს პრეზიდენტის მისამართით წარმოთქმული საკმაოდ არადიპლომატური და უტაქტო შეფასების (ოთხასოიანი სკარბეზული სიტყვის - Fuck) მოსმენა მოუწია. რამდენიმე დღის შემდეგ კი ძალაში შევიდა ფრანგული სამშვიდობო გეგმა (იმ დროს საფრანგეთი ევროკავშირის თავმჯდომარე იყო) და სამხედრო მოქმედებები დამთავრდა.



ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო რუსეთის ჯარების დაბრუნება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრებში. სწორედ ამ ფაქტის მოწმე გავხდი ოქტომბრის ერთ დილას.



მოსკოვს ეგონა, რომ რუსული მძიმე ტექნიკის გამოჩენა ბრძოლის ველზე ქართული ჯარების დაუყონებლივ უკანდახევას გამოიწვევდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა - ქართულმა არმიამ უფრო მეტ ხანს იბრძოლა, ვიდრე ამას დიდი მტერი ვარაუდობდა.



თავის მხრივ, რუსეთმა ამ კონფლიქტით უდიდესი გამოცდილება მიიღო. რუსეთის მოქმედებით ჩამოყალიბდა მოსკოვის ისეთი სახე, რომელსაც საერთაშორისო მასმედია დღემდე იყენებს. რუსეთის მაშინდელმა ნაბიჯებმა ჩამოაყალიბა ევროპული პოზიციაც, რომელიც დღესაც არ შეცვლილა. ახლა ჩვენ სწორედ ასეთ ევროპაში ვცხოვრობთ.



როგორც ყველა თანამედროვე ომში, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროსაც მასმედიას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თავისუფლად ფლობს ინგლისურ ენას, თითქმის მთელ დროს ტელეეთერში ატარებდა იმ დროს, როცა ქვეყანა ომის მდგომარეობაში იმყოფებოდა. იგი საერთაშორისო ახალი ამბების მთავარი გმირი იყო: ინტერვიუებს შეუსვენებლივ არიგებდა და ქვეყნის ინტერესებს იცავდა. თუმცა მან მაინც ვერ გათვალა - ალბათ, იმ იმედით, რომ აშშ-ის ადმინისტრაციასთან ახლო კავშირები მას რაიმეში დაეხმარებოდა და მხარდაჭერას მოუტანდა. მაგრამ ასე არ მოხდა, იგი შეცდა: ვაშინგტონმა ვერ გარისკა კვლავ კონფრონტაცია დაეწყო რუსეთთან, რომელიც ცივი ომის დროს მტრად მიაჩნდა.



არადა, მტერი ბევრად ჩამოუვარდებოდა საქართველოს, საინფორმაციო მეტოქეობის თვალსაზრისით: იმ დროს ორივე მხარეს პიარისათვის დასავლური კომპანიები ჰყავდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსებმა საინფორმაციო ომი ნაკლებად წარმატებულად წარმართეს. დღევანდელ კარგად ცნობილ საერთაშორისო ტელეარხ „რაშა თუდეი“-ს (RT - „რუსეთი დღეს“), იმ დროს კრემლი სერიოზულად არ მიიჩნევდა. მაგალითად, „რაშა თუდეი“ იძულებული გახდა იმით დაკმაყოფილებულიყო, რომ „ბი-ბი-სი“-ში სერგეი ლავროვთან ჩემი ინტერვიუს რეტრანსლირება მოეხდინა.



ექვსი წლის შემდეგ სიტუაცია ბევრად შეიცვალა რუსეთის სასარგებლოდ: როცა უკრაინაში, ყირიმში, „პატარა მწვანე კაცუნების“ ტელეპიარი დაიწყო, შემდეგ თვით ყირიმის ანექსია მოხდა, ე.წ. რეფერენდუმის საფუძველზე. ამ დროს განსაკუთრებით დიდი როლი შეასრულა სწორედ „რაშა თუდეის“ მეშვეობით განხორციალებულმა პროპაგანდამ.


დღეს, სამხრეთ ოსეთში მომხდარი ომიდან ათი წლის შემდეგ, საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა პრაქტიკულად არ არსებობს. ვერცერთი იმ ორი ქვეყნიდან (საქართველო და უკრაინა), რომლებსაც იმ დროს ალიანსში გაწევრიანება აღუთქვეს, რუსეთის „წყალობით“, თავიანთ ტერიტორიას სრულად ვერ აკონტროლებს.

 


ევროკავშირში რუსეთს „თაყვანისმცემლები“ ჰყავს: მაგალითად, იტალიის ახალი მთავრობის სახით, რომლის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინმა ამ ცოტა ხნის წინათ ვლადიმერ პუტინის მოქმედება ასე შეაფასა: „ვფიქრობ, რუსეთის პრეზიდენტი ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს საკუთარი ხალხისათვის“.



იმ დღეს, როცა ჟურნალისტების ჯგუფი რუსეთის ჯარების გაყვანას თვალს ადევნებდა, ისინი ერთი ასეთი სცენის მოწმენი გახდნენ: რუსმა ოფიცერმა ერთ-ერთ რეპორტიორს მობილური ტელეფონი სთხოვა დასარეკად იმ მიზეზით, რომ მას ანგარიშზე საკმარისი თანხა არ გააჩნდა. დღეს მსგავს შემთხვევას ვერც კი წარმოიდგენ. 



ავტომანქანა, რომელშიც ჩვენ ვისხედით, [ბრეზენტით] იყო დახურული და მხოლოდ უკანა, ზურგის მხარე ჰქონდა ღია იმ ადგილების ვიზუალურად ხედვისათვის, სადაც ის-ის იყო საბრძოლო მოქმედებები დასრულდა. არასასიამოვნო სუნი იდგა, ალბათ, გვამების. აქ ადამიანები „ცივი ომის“ შემდეგ იმ დროს დაიხოცნენ, როცა დასავლეთი და რუსეთი ერთმანეთთან დამეგობრებას ცდილობდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge