Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:52 11.08.2018
"თურქეთის წინააღმდეგ აშშ-ს ქმედებები ანკარას აიძულებს ახალი მოკავშირეები ეძებოს"-რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის წინააღმდეგ აშშ-ს ცალმხრივი ქმედებები ანკარას აიძულებს ახალი მოკავშირეები ეძებოს, - ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სტატიაში, რომელიც გაზეთ The New York Times-ში გამოქვეყნდა. 



„მაშინ, როდესაც მსოფლიოს მაშშტაბით ბოროტება მძვინვარებს, აშშ-ს, ათწლეულების განმავლობაში ჩვენი მოკავშირის, ცალმხრივი ქმედებები თურქეთთან მიმართებაში ძირს უთხრის ამერიკის ინტერესებსა და უსაფრთხოებას. ვიდრე გვიან არ არის, ვაშინგტონმა უარი უნდა თქვას მცდარ მსჯელობაზე და გაიაზრონ ის, რომ თურქეთს ალტერნატივებიც აქვს. ცალმხრივი ქმედებები და უპატივცემულობა ჩვენგან ახალი მეგობრებისა და მხარდამჭერების ძებნას მოითხოვს“, - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის სტატიაში. 



რეჯეფ თაიფ ერდოღანი ასევე აღნიშნავს, რომ „ამგვარი ტენდენციის შეცვლის მცდელობის მიუხედავად, თურქეთის ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა“.

 


„თუ აშშ არ დაიწყებს თურქეთის სუვერენიტეტის პატივისცემას და არ დაამტკიცებს, რომ გააზრებული აქვთ ის გამოწვევები, რომელიც ჩვენი ხალხის წინაშე დგას, ჩვენი პარტნიორობა შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს“, - წერს თურქეთის ლიდერი. 



ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ანკარასთან დიპლომატიური კონფლიქტის ფონზე, რამაც ქვეყნის ეროვნული ვალუტის - ლირას გაუფასურება გამოიწვია, თურქულ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფის გაორმაგების შესახებ განაცხადა.



„სულ ახლახან დავრთე ნება გაორმაგებულიყო ტარიფები ფოლადსა და ალუმინზე თურქეთის პატივისცემის გამო, რადგან მისი ვალუტა, თურქული ლირა ეცემა ჩვენს ძალიან ძლიერ დოლართან მიმართებაში! ალუმინი ამიერიდან იქნება 20 %, ფოლადი - 50%. ამ დროისთვის ჩვენი ურთიერთობა თურქეთთან არც თუ ძალიან კარგია!“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.



ცნობილია, რომ მანამდე აშშ-მა საბაჟო ტარიფები შემოიღო თურქულ ფოლადსა და ალუმინზე, რის გამოც თურქეთმა გადასახადი დააწესა ამერიკიდან შეტანილ საქონელზე 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge