Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:05 14.08.2018
"საქართველოში შეჭრის გამო, რუსეთზე სანქციები უნდა დაგვეწესებინა"–მეთიუ ბრაიზა

რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე "ამერიკის ხმა" მეთიუ ბრაიზას, წარსულში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს ესაუბრა, რომელიც ამჟამად სტამბულშია დაფუძნებული.

 

როგორ აფასებთ ომიდან 10 წლის თავზე, საქართველოს მდგომარეობას?

საქართველოდან ცოტა ხნის წინ ჩამოვედი. ვიტყოდი, რომ ქვეყანა დღეს ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ამას ომის შემდეგ ვიფიქრებდი. საქართველო ევროპელი ტურისტებისთვის კარგი ადგილია. ეს იმიტომ, რომ საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა არაჩვეულებრივი ხალხით. ინვესტიციებმა თბილისი და მთელი ქვეყანა კიდევ უფრო გაალამაზა, თუმცა იქ დღესაც არის ინვესტორებისთვის საფრთხე რუსული სამხედრო ძალების განლაგებიდან და ოკუპაციიდან გამომდინარე. აღსანიშნავია, რომ ტრანსატლანტიკურმა საზოგადოებამ რუსეთს კარგად აუხსნა, რომ ცენტრალური მაგისტრალის და ასევე ეკონომიკური არტერიის მოშლას მათი მხრიდან, სერიოზული შედეგები ექნება. კიდევ ერთხელ შევაჯამებ, რომ საქართველომ საკმაოდ კარგად დააღწია თავი ომის შედეგებს და ახლა განვითარების საკმაოდ კარგ ტაპზეა.

 

რა გავლენა მოახდინა ამ ომმა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე?

რუსეთის შეჭრამ საქართველოში დრამატული გავლენა იქონია ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, მაგრამ მოგვიანებით. მე სრულად ვეთანხმებოდი პრეზიდენტ სააკაშვილის აღქმას, რომ დასავლეთის რეაქცია რბილი იყო. თუმცა, მე როგორც ვხედავ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ რუსეთს საკმარისად დიდი ფასი არ გადავახდევინეთ. ამ რბილმა რეაქციამ რუსეთს, პუტინის ხელმძღვანელობით, გადააწყვეტინა, რომ უსაფრთხო იქნებოდა უკრაინაში შეჭრა, ყირიმის ანექსია და დონბასის დაკავება.

თუმცა ამას დიდი საზღაური მოჰყვა რუსეთის მხრიდანაც. ერთი რამ ფაქტია - საქართველოში განხორციელებულმა აგრესიამ ნატო გამოაღვიძა და დააფიქრა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში, პოლონეთში ჯარები უნდა განათავსოს და გააკეთოს მეტი მომავალი აგრესიის აღსაკვეთად.

 

და მაინც, რამდენად წააქეზა საქართველოში შეჭრამ რუსეთი, გაეკეთებინა ის, რაც უკრაინაში მოხდა?

დიახ, ეს ასეა. ამერიკის და ევროპის რეაქციამ რუსეთი წააქეზა უკრაინაში შესულიყო. არც ევროპა და არც ამერიკა არ იყო მონდომებული საქართველოს ან უკრაინისთვის თავის დასაცავად ლეტალური იარაღი გადაეცათ. ის, რა ზომის გატარებაც მოხდა საქართველოში განხორციელებული აგრესიის გამო, დაგვიანებული იყო, რამაც რუსეთის მოქმედებებს უკრაინაში ხელი შეუწყო. რუსეთი ამ რისკზე ადვილად წავიდა.

 

იყო, თუ არა პირდაპირი კომუნიკაცია ამერიკელ და რუს ლიდერებს შორის მდგომარეობის სიმწვავეზე? დაანახა ამერიკამ რუსეთს სიტუაციის აფეთქების რისკები?

კარგი კითხვაა და საკმაოდ მტკივნეულიც. პასუხი უარყოფითია. სანამ რუსეთი საქართველოში შეიჭრებოდა, აშშ-მ არასაკმარისად ღიად უთხრა რუსეთს, რომ მოსკოვის არჩევანი და შედეგი, მიუღებელი იქნებოდა და გამოხმაურებაც, შესაბამისად, ბევრისმთქმელი. მოკლედ, ეს უდიდესი შეცდომა იყო ჩვენგან. ამან პირდაპირ მიიყვანა რუსეთი უკრაინის ანექსიამდე, შემდეგ სირიამში განხორციელებულ მოვლენებამდე.

ჩემთვის ეს იყო დიდი იმედგაცრუება: რამდენიმე წელი, ჩემი ხელმძღვანელების მითითებით, ვცდილობდი დამემშვიდებინა პრეზიდენტი სააკაშვილი არ ებრძოლა ქვეყნის გასაერთიანებლად. მე ეს ძალიან მაღიზიანებდა, რამეთუ რუსეთი ეთნიკურ დავას ახშობდა გროზნოში, ამერიკელებმა კი მკაცრად არც ჩეჩნეთში მიმდინარე ამბები დაგმეს და არც ის თქვეს, რომ საქართველოს ჰქონდა ქვეყნის გაერთიანების უფლება.

მე ამ პოლიტიკის წინააღმდეგ გავილაშქრე და ბოლოს ეს შევცვალეთ, რამაც თავდაჯერებულობა შემმატა, მაგრამ უკვე გვიანი იყო - რუსები როკის გვირაბს უახლოვდებოდნენ.

 

რუსეთ-საქართველოს ომის ფონზე, როგორ გესახებათ ამერიკა-რუსეთის ან ევროპა-ამერიკის სამომავლო ურთიერთობები?

ცუდია თუ კარგია, დასავლეთმა ნაწილობრივ ვერ გააცნობიერა რა გააკეთა რუსეთმა საქართველოში იმ თვალსაზრისით, რომ სანქციების დაწესება მაშინ არ მოხდა. ეს არ იყო კარგი. პირიქით დიდი შეცდომა იყო. კარგი ის იყო, რომ როცა პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთზე სანქციები მოეხსნა, ეს ჩვენმა კონგრესმა შეუძლებელი გახადა. ევროპაში კი მერკელის და მაკრონის მთავრობებმა უარი თქვეს სანქციების მოხხსნაზე, სანამ რუსეთი დონბასს არ დატოვებდა და ყირიმს უკრაინაში დაბრუნების უფლება არ მიეცემოდა. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ გვიანაა, რადგან დიდი ზიანი უკვე მიადგა ამ ქვეყნებს!

 

კიდევ ერთხელ დაგვიზუსტეთ - რატომ ვერ მოერხდა სანქციების დაწესება რუსეთზე საქართველოში განხორციელებული აგრესიის წინააღმდეგ?

მაშინ ასე არ ვფიქრობდით. როგორც სახელმწიფო მდივანმა რაისმა ცოტა ხნის წინ ვაშინგტონ პოსტში გაიხსენა, ის გბრაზდა, როცა სერგეი ლავროვმა მოსკოვის ნამდვილი ზრახვების შესახებ აუწყა, და თქვა, რომ მთავარი იყო რეჟიმის შეცვლა და სააკაშვილის მთავრობის დამხობა. იმ დროს ჩვენ განვიხილეთ სერიოზული მკაცრი ზომები, მაგრამ ისინი არ გატარდა. ამის ნაცვლად, შევიმუშავეთ ეკონომიკური დახმარების დიდი პროგრამები. ამერიკამ 1 მილიარდი დოლარის, ევროპამ კი 1 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარება გამოყო.

მაგრამ ჩვენ საკმარისად აგრესიულები არ ვიყავით. გვქონდა გულუბრყვილო იმედი, რომ პუტინის რუსეთი შეიცვლებოდა, ნაკლებად აგრესიული იქნებოდა და ვფიქრობდით, გულუბრყვილოდ, რომ შესაძლოა სააკაშვილის მთავრობა ზედმეტად აგრესიულიც კი იყო ქვეყნის გაერთიანების გზაზე. შესაძლოა, ვფიქრობდით, რომ საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდება იყო გამოსავალი, თუმცა ძალიან შორს წასვლა არ გვინდოდა.

ეხლა ეს ყველაფერი წარსულია, თუმცა ცვლილება მოხდა დასავლეთის შემეცნებაში. სანქციები მაშინ რომ დაგვეწესებინა, შესაძლოა უკრაინის სცენარი არც მომხდარიყო.

 

როგორი იქნება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები მომავალში, მაშინ როცა მოსკოვი აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას?

ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა. საქართველომ უნდა გააგრძელოს სტრატეგიული მოთმინების კურსი. რეკომენდაცია მექნებოდა, რომ საქართველომ გააგრძელოს დემოკრატიის გაძლიერება, იმის ჩვენება, რომ ის ნატოს ძლიერი მოკავშირე და სანდო პარტნიორია, იაროს ნატოსკენ და იზრუნოს იმაზე, რომ ქვეყნის მთლიანობის აღდგენა მისი საგარეო პოლიტიკის ცენტრალური პრინციპი გახდეს.

ავტორ(ებ)ი : www.amerikiskhma.com