Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

23:50 15.08.2018
„ მას უნდა, რომ ბიჭები არაჯანსაღი კონკურენციით, ტატამს გარეთ დაგვაპირისპიროს ერთმანეთს, რასაც, არ დავუშვებთ, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ“

ცნობილი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი მომავალ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

 

მივესალმები ჩემს გულშემატკივარს და მსურს გავაკეთო განცხადება ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ბაქოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე -90კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტთა დაყენებას შეეხება. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მე, ავთანდილ ჭრიკიშვილმა, მონაწილეობა მივიღე ხორვატიაში გამართულ გრან პრიზე, იმ მიზნით, რომ ჩავრთულიყავი ჯანსაღ კონკურენციაში იმ სპორტსმენებთან, რომლებიც მოიაზრებოდნენ მსოფლიოზე დასაყენებელ კანდიდატებს შორის. ვინაიდან ევროპის ჩემპიონატზე არ გაკეთებულა არანაირი შედეგი, წესების თანახმად, ყველას თანაბარი შანსი გვეძლეოდა დავმდგადიყავით მსოფლიო ჩემპიონატზე ტურნირებზე გაკეთებული შედეგებიდან გამომდინარე (რაც შეთანხმებული იყო ტრენერებთან).

 

მას შემდეგ, რაც დავიკავე პირველი ადგილი, მე, როგორც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ერთადერთ ოქროს მედალოსანს, მეკუთნის ბაქოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა. 
ამის შემდეგ, შევუთვალე ჩემს კონკურენტს, ბექა ღვინიაშვილს, რომ მასაც უნდა ეჭიდავა უნგრეთში გასამართ გრან პრიზე, სადაც ასევე მონაწილეობას ღებულობდა უშანგი მარგიანი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მოქმედი პრიზიორია, თავადაც ჩაერთო კონკურენციაში და თქვა, რომ ვინც ძლიერია ის უნდა წასულიყო მსოფლიოზე. ბექამ კი, როგორც ხედავთ, არ იასპარეზა არც ერთ შეჯიბრზე და თავად მოიკლა შანსი იმისა, რომ მსოფლიოზე დამდგარიყო. 


როგორც მოგეხსენებათ, მე და მარგიანმა, ორივემ გავაკეთეთ შედეგი და მოვიპოვეთ უფლება ვიასპარეზოთ ჩემპიონატზე, რაზედაც, მწვრთნელებმა, რომლებიც ირაკლი ცორეკიძესთან ერთად, დავით ქევხიშვილმა საჯაროდ დაითხოვა დაკავებული პოსტებიდან, განმიცხადეს, რომ ბექა ყოველგვარი კონკურენციისა და შეჯიბრის გარეშე მაინც დადგება მსოფლიო ჩემპიონატზე. 
მე მათ ვუთხარი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეკუთვნის მსოფლიოზე დაყენება გაკეთებული შედეგიდან გამომდინარე, მზად ვიყავი, ბექასთან ერთად მეასპარეზა ბელორუსიაში გასამართ ჩემპიონატზე. მათ საპასუხოდ განმიცხადეს, რომ ბექა ვერ იჭიდავებს დაუსაბუთებელი მიზეზების გამო და ფაქტიურად, მისპობენ შანსს გავემგზავრო მსოფლიო ჩემპიონატზე.
მე, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვაცხადებ, რომ მზად ვარ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ შეჯიბრზე ტატამზე დავუპირისპირდე ბექა ღვინიაშვილს ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში და ობიექტურმა შემფასებლებმა გამოარკვიონ ჩვენში საუკეთესო. 


მე დღეს ვიჩაგრები იმის გამო, რომ დავუპირისპირდი დავით ქევხიშვილს და მის გუნდს. მას უნდა, რომ ბიჭები არაჯანსაღი კონკურენციით, ტატამს გარეთ დაგვაპირისპიროს ერთმანეთს, რასაც, არ დავუშვებთ, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ. დღეს ძიუდოს ფედერაცია იმართება კვლავ დავით ქევხიშვილის მიერ და ის, მიკერძოებულად ცდილობს ჩემი ბედის გადაწყვეტას. მსოფლიო ჩემპიონატზე დაყენება არ ხდება ნაჩუქრობით, არამედ კონკურენციითა და გაკეთებული შედეგებიდან გამომდინარე, რაც მე უკვე გავაკეთე. კიდევ აღვნიშნავ, რომ მე მზად ვარ, ბექა ღვინიაშვილთან ერთად ტატამზე გავარკვიო ჩვენში საუკეთესო და ვითხოვ, გაიმართოს შიდა შეჯიბრი ოფიციალური მსაჯისა და შემფასებლების თანდასწრებით, ვინაიდან, მწვრთნელები უარს აცხადებენ მის საზღვარგარეთ ასპარეზობაზე.


ძიუდოს ისტორიაში არ არსებობს შემთხვევა, რომ გუნდი დადგეს პირადი სიმპატიების საფუძველზე. გუნდი უნდა შედგეს შედეგებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში, ბოლო და საუკეთესო შედეგი მაქვს მე და ის შედეგები, რაც ჰქონდა ბექას, დაეხმარა მას ეასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მან შედეგი ვერ გააკეთა. შესაბამისად, 3-ჯერ ძლიერ ტურნირზე მას არ ეკუთვნის უკონკურენციოდ და უჭიდავებლად დაყენება. ყველას, ვისაც ხელეწიფება ამ პროცესებში ჩართვა, ვთხოვ, დამეხმარონ ჩემი უფლებების დაცვაში. მე ვითხოვ ჭიდაობას და ჯანსაღ კონკურენციას ტატამზე

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge