Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:46 16.08.2018
როგორი იქნება კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი

აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია უახლოეს მომავალში დაიწყება. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ივერთმშენი“ ეროვნული სააგენტოს კონცეფციის მიხედვით ჩაატარებს.

 


 


ოფიციალური ინფორმაციით, მუზეუმში რამდენიმე ზონა მოეწყობა. მათ შორის ვიზიტორთა მიღების, საინფორმაციო და სამუზეუმო-საექსპოზიციო. საგამოფენო დარბაზი მწერლის ისტორიას დაეთმობა, სადაც ასევე შესაძლებელი იქნება კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების და სხვა ელექტრონული მასალების ხილვა. ამავე სივრცეში სპეციალური ადგილი დაეთმობა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების თემას, სადაც ვიზიტორებს დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტირაჟირებულ ასლზე საკუთარი ხელმოწერის დატანისა და სამახსოვრო სუვენირად შეძენის შესაძლებლობა ექნებათ.

 


 


როგორც სააგენტოში აცხადებენ, საზოგადოებრივ-კულტურული აქტივობების ზონაში ღია ცის ქვეშ არსებული სცენა მოეწყობა და სამომავლოდ სპექტაკლების, კონცერტების, საიუბილეო და სხვა მასობრივი ღონისძიებებისთვის გამოიყენება.


 


ეთნოგრაფიულ ზონაში მეგრული კარ-მიდამო შესაბამისი ინტერიერებით მოეწყობა: ოდა სახლი ტიპური ჭერით, იატაკით, ბუხრით, აივნითა და კიბეებით. მოეწყობა ჯარგვალი და წყლის წისქვილი მდ. ზანაზე. რეკონსტრუქცია ჩაუტარდება მარანს, ხეში ამოთლილი საწნახელით და არსებული ნალიათი. მდ. ზანას ნაპირზე მოეწყობა თევზისა და კიბორჩხალას საჭერი ფაცერები.

 


 


კონცეფციის მიხედვით, გათვალისწინებულია კიდევ ერთი სამუზეუმო ზონა, სახელწოდებით „ევროპისაკენ - დამოუკიდებლობით“. მუზეუმის ვიზიტორები აქ კარიბჭიდან მიმავალი ცენტრალური ბილიკით კომპლექსის სიღრმეში გადაადგილდებიან. სამუზეუმო კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მემორიალური სტელა, რომელზეც ვერცხლზე ამოტვიფრული 1918 და 1991 წლების აქტები ჩამონტაჟდება. მუზეუმის თემატურ ზონებს გააერთიანებს ეზოს მცენარეული საფარი, რომელიც სპეციალური დიზაინით და ე.წ. „ინგლისური პარკის“ ელემენტებით კეთილმოეწყობა.

 


 


კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბაშაში მდებარეობს. კომპლექსი 1987 წელს დაარსდა და მასში 168 სამუზეუმო ექსპონანტია დაცული. სახლ-მუზეუმის კომპლექსი 19 018 კვ.მ. ფართობზეა გადაჭიმული და რამდენიმე ნაგებობას - ოდა სახლს, ჯარგვალს, ნალიას, ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენასა და შესასვლელ „კარიბჭეს“ აერთიანებს.

ავტორ(ებ)ი : livepress.ge