Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

15:23 17.08.2018
7 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ ჩატარდება

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრისა და დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, 7 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, 26-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ ჩატარდება.

 

ფესტივალის პროგრამა, დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვახტანგ კახიძემ დღეს გამართულ პრესკონფრენციაზე წარადგინეს.

 

სოფიო ხუნწარიას განცხადებით, წლევანდელ ფესტივალზე განსაკუთრებული პროგრამა იქნება წარმოდგენილი.

 

„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ უკვე 26 წელს ითვლის. მუსიკის მოყვარულები მის დაწყებას ყოველწლიურად ელოდებიან. წელს განსაკუთრებული პროგრამა გვაქვს, ბევრი საიუბილეო თარიღი - ანსამბლ „რუსთავს“ 50 წელი უსრულდება, თავად ორკესტრი 25 წლის ხდება. ასევე, წელს მოწვეული იქნება ხატია ბუნიათიშვილი, რომელიც 10-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩვენს ორკესტრთან ერთად დაუკრავს. ეს ძალიან დიდი საჩუქარია, როგორც მუსიკის მოყვარულებისთვის, ასევე თბილისის სტუმრებისთვის და ზოგადად, დედაქალაქისთვის. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კახიძის მუსიკალურ ცენტრთან, რომ მომავალ წელს ფესტივალი კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს და ფორმატი შეიცვალოს“, - აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

 

ფესტივალის ფარგლებში, თბილისში ათი კონცერტი გაიმართება. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე გერმანიიდან, იტალიიდან, იაპონიიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან და ესპანეთიდან მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები წარსდგებიან.

 

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 1993 წელს კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნდა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge