Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:27 28.08.2018
ხვალიდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება

ხვალიდან საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება. პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით.


"წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა. პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას." - წერია საარჩევნო კოდექსში.

 

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.

 

აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. აღნიშნული ქმედება ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად.

 

მასობრივი საარჩევნო ღონისძიებების გასამართად სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამგებლობაში არსებული შენობები უსასყიდლოდ ეთმობა საარჩევნო კომისიებს.

 

28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

 

აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო არჩვენები იქნება როცა საქართველოს პრეზიდენტს ხალხი პირდაპირი წესით აირჩევს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge