Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

14:19 28.08.2018
„საბანკო სექტორის მომგებიანობის შემცირება სისტემურ რისკებთან დაკავშირებული არ არის“

მიმდინარე 7 თვეში კომერციული ბანკების შემცირებული მოგების მიზეზებზე, „ბანკები და ფინანსები“ გთავაზობთ ინტერვიუს წამყვან საბანკო და საფინანსო ექსპერტთან პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან.

 

-ბანკების მოგება მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბანკების მოგება შემცირებულია ყოვეთვიური მაჩვენებლების მიხედვითაც, ხოლო ივნისში  ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო, რაც გასული წლის ივნისთან შედარებით თითქმის ორჯერ არის შემცირებული, რამ განაპირობა ბანკების მომგებიანობის ასეთი შემცირება?


გიორგი ცუცქირიძე: გეთანხმებით, კომერციული ბანკების წმინდა  მოგების ყველაზე დაბალი თვიური მაჩვენებელი მიმდინარე წლის ივნისში დაფიქსირდა-47,9 მლნ ლარი, რაც იანვარ-ივლისის თვის მიხედვით ყველაზე დაბალი თვიური წმინდა მოგების მაჩვენებელია და გაცილებით ნაკლებია როგორც თებერვლის თვის მოგების მაჩვენებელზე-90 მლნ ლარი, ასევე საშუალო თვიურ წმინდა მოგებაზე -66,3 მლნ ლარი.  მიუხედავად წმინდა მოგების შემცირებისა, მოგება გადასახადის გადახდამდე და სხვა გაუთვალიწინებელ ხარჯებამდე, მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში ყველაზე მაღალი იყო-109 მლნ ლარი და მნიშვნელოვნად აღემატება როგორც საშუალო თვიურ მომგებიანობას-85 მლნ ლარი, ისე თუნდაც თებერვლის მაჩვენებელს-101 მლნ ლარი, როდესაც წმინდა მოგება ყველაზე მაღალი 90 მლნ ლარი იყო.

უფრო გასაგები რომ იყოს განვმარტავ, წმინდა მოგების, როგორც ბანკების საბალანსო მოგების საბოლოო შედეგის მაჩვენებელზე ზეგავლენას ახდენს ერთის მხრივ, წმინდა საპროცენტო მოგება დარეზერვებამდე, რომელიც იანგარიშება წმინდა საპროცენტო შემოსავლისა და წმინდა არასაპროცენტო შემოსავლის მიხედვით, და წარმოადგენს სისტემის მომგებიანობის მთავარ ინდიკატორს, მეორეს მხრივ, წმინდა მოგების კალკულაციისას მნიშვნელოვან როლს თამაშობს,  ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით, რომელიც აკლდება წმინდა მოგებას დარეზერვებამდე და სხვა გაუთვალსწინებელი შემოსავალ/ხარჯების მუხლები, რომლებიც ასევე  აკლდება ან ემატება  მოგებას გადასახადის გადახდის შემდეგ, რომლებსაც მნიშვნელოვანი კორექტივის შეტანა შეუძლიათ მოგების საბოლოო მაჩვენებელში.

ივნისის თვის წმინდა მოგების შემცირება გამოიწვია სწორედ გაუთვალისწინებელი ხარჯების ნაწილში, რომელიც წარმოადგენს ბანკების არაძირითადი საქმიანობიდან მიღებულ ხარჯს, აგრეთვე გასული წლების საქმიანობიდან წარმოქმნილ ხარჯებს,  დაფიქსირებულმა მაღალმა უარყოფითმა მაჩვენებელმა, რომელმაც -48,8 მლნ ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ივლისის თვის მონაცემებს, წმინდა მოგება ივნისის თვესთან  შედარებით  გაზრდილია 47,9 მლნ ლარიდან 54 მლნ ლარამდე, ივლისში ასევე გაზრდილია საპროცენტო შემოსავლები ივნისთან შედარებით 274,7 მლნ ლარიდან 277,2 მლნ ლარამდე, მათ შორის სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლები გაზრდილია 240,8 მლნ ლარიდან 243,6 მლნ ლარამდე. ნიშანდობლივია, რომ ფიზიკური პირების სესხებიდან მიღებული შემოსავლები ივლისში გაზრდილია 157,3 მლნ ლარიდან 161 მლნ ლარამდე, მაშინ როდესაც ივნისში დაფიქსირდა კლება მაისთან შედარებით -161,5 მლნ ლარიდან 157,3 მლნ ლარამდე, მაგრამ ამას თავისი ახსნა აქვს. ახალი საბანკო რეგულაციების ნაწილი სწორედ მაისიდან შევიდა ძალაში, და ბუნებრივია გარკვეული შენელება პირველ ეტაპზე, მოსალოდნელიც იყო, თუმცა რაიმე სერიოზული ზეგავლენა მაინც არ მოუხდენია.

ივლისში წმინდა მოგების მაჩვენებელზე სხვა ხარჯებმა იმოქმედა ნეგატიურად. კერძოდ, ივლისში მოგების მაჩვენებლზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია ზარალმა აქტივების, მათ შორის სესხების დანაკარგების მიხედვით, რომელმაც -48 მლნ ლარი შეადგინა და მნიშვნელოვნად შეამცირა დარეზერვებამდე წმინდა მოგების მაჩვენებელი, რაც საბოლოო ჯამში აისახა კიდეც წმინდა  მოგების მაჩვენებელზე, თუმცა როგორც ავღნიშნეთ ივლისში წმინდა მოგება გაზრდილია ივნისთან შედარებით 6 მლნ ლარით.

ფინანსური კუთხით, საბალანსო მოგებაზე როგორც გაუთვალისწინებელი ხარჯები, რომელებიც შეიძლება გასული პერიოდის შედეგიც იყოს, თუ ის არ არის რაიმე არაორდინალური, მაგალითად რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების ან სტიქიური უბედურების შედეგად წარმოქმნილი, ასევე ზარალი აქტივების შესაძლო დანკარგებზე ითვლება  ნეგატიურ ფაქტორად. პირველი ასახავს დაუგეგმავ ანუ გაუთვალისწინებელ ხარჯებს, ხოლო მეორე აქტივების ხარისხის გაუარესებაზე მიუთითებს.

მაგრამ, ამადროულად სისტემური მდგრადობის შეფასების თვალსაზრისით, მისი გამომწვევი მიზეზები, მიზანშეწონილია, განვლილი პერიოდების დინამიკაში იყოს განხილული და არა კონკრეტული ფაქტიდან გამომდინარე. მაგალითისათვის გაუთვალისწინებელი ხარჯები გასულ წელსაც მაღალი იყო აგვისტოში-43 მლნ ლარი, მაგრამ შემდეგ თვეებში მნიშვნელოვნად შემცირდა და 10 მლნ ლარზე მაღალი არ ყოფილა. თუ ბოლო წლების სტატისტიკას შევაფასებთ, ეს ორივე ფაქტორი დიდწილად გამოწვეულია ბანკების გაერთიანების ან სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, რაც  ადმინისტრაციული თუ სხვა ხარჯების ზრდით მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, რომ 2015-2017 წლებში საბანკო სექტორში რამდენიმე მსხვილი ტრეიდი განხორციელდა. თი ბისი ბანკის მიერ „ბანკი რესპუბლიკას“ შეძენა უნდა აღინიშნოს, გარდა ამ ოპერაციისა ბანკმა კიდევ ერთი ბანკის -„კონსტანტა  ბანკის“ აქცივიზაცია განახორციელა, და პროგრეს ბანკის საკრედიტო პორთფელი შეიძინა. „საქართველოს ბანკმა“ აღნიშნულ პერიოდში „პრივატ ბანკი“ მიიერთა, ხოლო „პროკრედიტ ბანკისაგან“ მიკრო და მცირე სესხების პორთფელი შეიძინა. გარდა ამისა საქართველოს ბანკმა მნიშვნელოვანი შიდა სტრუქტურული ცვლილება განახორციელა, მიმდინარე წლის მაისის ბოლოს საქართველოს ბანკი და  საინვესტიციო ჯგუფი − BGEO  2 დამოუკიდებელ კომპანიად გაიყო. ნებისმიერი ამ სახის სტრუქტურული რეორგანიზაცია, მნიშვნელოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული, მათ შორის სესხების ნაწილის ჩამოწერასთან.

 

-მართალია, ივლისში წინა თვესთან შედარებით წმიდა მოგება გაიზარდა, მაგრამ ივლისის წმინდა მოგების მაჩვენებლიც საშუალო თვიურ მაჩვენებელს ჩამორჩება- 54 მლნ ლარი, ხოლო პირველი შვიდი თვის მიხედვით,გასული ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სულაც 55 მლნ ლარით ნაკლებია


გიორგი ცუცქირიძე: თუ საბანკო სისტემის მომგებიანობას წლის დასაწყისიდან ავითვლით და გასული წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ ვნახავთ, რომ იანვარ-ივლისის მიხედვით წმინდა მოგებამ 464.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -519 მლნ ლარი, შემცირებულია 10 %-ით.

მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში, საბანკო სექტორის წმინდა საპროცენტო შემოსავალმა 1,035,011 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით( 853,274 ლარი) 21%-ით მეტია, მართალია, საპროცენტო ხარჯი გაიზარდა 690,895 დან 821,222 მდე ანუ 18.8 %-ით, მაგრამ ამავდროულად საპროცენტო შემოსავლები გაიზარდა 1,544,170 დან 1,856,233 ანუ 20.2 %-ით.

მიმდინარე წლის ამავე პერიოდში წმინდა არასაპროცენტო შემოსავალმა -365,272 ლარი შეადგინა და გასული წლის პირველი შვიდი თვის მაჩვენებელზე -245,296 მთელი 120 მლნ ლარით მეტია, ოღონდ მინუს ნიშნით ანუ არასაპროცენტო ხარჯების ზრდის ტენდენციას აჩვენებს არასაპროცენტო შემოსავლებთან შედარებით. მართალია, არასაპროცენტო შემოსავლები გაზრდილია 445 მლნ ლარიდან 455 მლნ ლარამდე, მათ შორის საკომისიო შემოსავლები 200 მლნ ლარიდან 208 მლნ ლარამდე, თუმცა შემცირებულია საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლები- 125მლნ ლარიდან 122 მლნ ლარამდე, მაგრამ სამაგიეროდ კიდევ უფრო გაზრდილია არასაპროცენტო ხარჯები 621 მლნ ლარიდან 668 მლნ ლარამდე. აპარატის შენახვის ხარჯები გაზრდილია 354 მლნ ლარიდან 382 მლნ ლარამდე, ხოლო სხვა არასაპროცენტო ხარჯები, სადაც შედის რეკლამის და ბანკის განვითარების ხარჯებიც 189 მლნ ლარიდან 205 მლნ ლარამდე. ზოგადად ეს არ არის ცალსახად ნეგატიური ტრენდი, პირიქით პოზიტიური უფროა, როდესაც ბანკების მოგების ზრდა აისახება დასაქმების სტიმულირებასა და განვითარებაში.

შემოსავლების არასაპროცენტო ნაწილის შეფასებისათვის გამოიყენება საინტერესო ინდიკატორი, რომელიც აჩვენებს არასაპროცენტო შემოსავლების თანაფარდობას მთლიან შემოსავლებთან. საქართველოს საბანკო სისტემაში ეს ინდიკატორი 27.7 %-ით არის შეფასებული და ამ მაჩვენებლით გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ევროპაში. შედარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ბალტიის სახელმწიფოებში არასაპროცენტო შემოსავლების თანაფარდობა მთლიან შემოსავლებში 40-45 %-ის ფარგლებშია, განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში კიდევ უფრო მაღალია. შვეიცარიაში-65 %-ია, ლუქსმბურგში-51 %, ავსტრიაში-44 %, რაც ასევე ნიშნავს, რომ საქართველოში ბანკების შემოსავლების დიდი ნაწილი, ფაქტიურად 2/3 საპროცენტო შემოსავლების გზით მიიღება, და სწორედ ეს ფაქტორი მიგვაჩნია ერთ-ერთ მორიგ გამოწვევად საბანკო სექტორისათვის. არსებული დისპროპორცია საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავლებს შორის, მიუთითებს მოგებაში მაღალი სპრედის ფაქტორზეც.

 აქედან გამომდინარე, ბევრი რამე იქნება იმაზე დამოკიდებული თუ რამდენად შეძლებს საბანკო სექტორი ფინტეჩ ტექნოლოგიურ პლათფორმაზე გადასვლას.დღეს რეალურად მთავარ პრობლემად ტრადიციული ფინანსური ინდუსტრიისათვის შეიძლება იქცეს კლიენტების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნა მომსახურების უნივერსალურ სერვისებზე. მათ სულ უფრო სჭირდებათ ისეთი სერვისები, რომლებიც დისტანციური და უკონტაქტო მომსახურების პლათფორმაზე იქნება აგებული, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს მიიღონ ინფორმაცია  ერთი ფანჯრის პრინციპით, სმარტ ფონის მეშვეობით ნებისმიერ ადგილზე.

ეს ტენდენცია ბუნებრივია, ბანკებს აიძულებს აქცენტები მთლიანად კლიენტების მომსახურების მხარეს გააკეთონ, სხვა შემთხვვაში,მათ გაუჭიდებათ არსებული მრავალფილიალიანი ქსელებით გაყიდვების წარმოება. შესაბამისად, ქართულ ბანკებსაც მოუწევთ, არსებული საპროცენტო შემოსავლების მოდელიდან გადაერთონ საკონსულტაციო მომსახურების ციფრულ პლათფორმაზე.

ნიშანდობლივია, რომ მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში წმინდა მოგება დარეზერვებამდე 789,7 მლნ ლარია და 182 მლნ ლარით ანუ მთელი 30 %-ით, მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებულ დარეზერვებამდე წმინდა მოგების ანალოგიურ მაჩვენებელზე-607,9 მლნ ლარი რაც წმინდა საპროცენტო შემოსავლის ზრდის პოზიტიურ დინამიკაზე მიუთითებს წმინდა არასაპროცენტო შემოსავალთან შედარებით და რამაც გადაფარა წმინდა არასაპროცენტო შემოსავლის, როგორც თავისებური ფინანსური ტვირთის უარყოფითი ეფექტი. ამ მონაცემებიდანაც ჩანს, რომ ახალი საბანკო რეგულაციების გავლენა საპროცენტო შემოსავალზე მიზერულია.

 

-ბუნებრივია, აქ  ჩნდება კითხვა, მაშინ რამ გამოიწვია ამ პერიოდში წმინდა მოგების შემცირება?


გიორგი ცუცქირიძე: ეს კითხვაც ლოგიკურია და ასახავს ფინანსური ანგარიშგების თავისებურებებს. როგორც ავღნიშნეთ, მოგების საბოლოო შედეგის ანუ წმინდა მოგების კალკულაციისას მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით, და სხვა გაუთვალსწინებელი ხარჯების მუხლები, რომლებიც ასევე  აკლდება მოგებას გადასახადის გადახდის შემდეგ.

მართალია, გასული წლის დასაწყისთან  შედარებით პირველ 7 თვეში წმინდა მოგება შემცირებულია 10 %-ით, მაგრამ მისი შემცირების ძირითადი მიზეზი არის არა იმდენად დაკრედიტების ტემპების შენელება და ვადაგადაცილებული სესხების ზრდა, არამედ მეორე ფაქტორი, რაც აქტივების შესაძლო დანაკარგების ზრდასთან არის დაკავშირებული, და ბოლო წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, ძირითადად გამოწვეულია კონკრეტულ პერიოდებში, რამდენიმე შედარებით მსხვილი სესხის ჩამოწერის შედეგად. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგებზე გაზრდილია 89,5 მლნ ლარიდან 231,3 მლნ ლარამდე, მათ შორის სესხებზე 60 მლნ ლარიდან 218,6 მლნ ლარამდე.

სწორედ ამის შედეგია, რომ მიუხედავად დარეზერვებამდე წმინდა მოგების 30 %-იანი ზრდისა, მანაც ვერ გადაფარა აქტივებზე შესაძლო დანაკარგების ზარალი. თუმცა სისტემური თვალსაზრისით, არც ეს გარემოებაა გაზრდილი რისკების მანიშნებელი. აქტივებზე შესაძლო დანაკარგები 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში, მიმდინარე წლის მაჩვენებელთან  შედარებითაც კი მეტი იყო და 243 მლნ ლარს შეადგენდა. შედეგად, 2016 წლის პირველ ნახევარში აქტივების შესაძლო დანაკარგებზე ზარალის მნიშვნელოვანი შემცირებაც  89,5 მლნ ლარამდე, დიდწილად სწორედ 2015 წელს ბანკების ნაწილის გაერთიანების შედეგად, რამდენიმე მსხვილი სესხის ჩამოწერის და შესაბამისად ამ პერიოდში აქტივებზე დანაკარგების ზრდის ზეგავლენის შედეგი იყო და არა სხვა წმიდა სისტემური გარემოებებიდან გამომდინარე.

ავტორ(ებ)ი : „ბანკები და ფინანსები“