Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:19 30.08.2018
"ყველაზე არაპროგნოზირებადი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში"-«КоммерсантЪ»

"საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიამ სტარტი აიღო. პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, რომლის საფუძველზე საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო რესპუბლიკად გადაიქცა, პრეზიდენტი უკანასკნელად იქნება არჩეული საყოველთაო ხმის მიცემით. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ახალი ძირითადი კანონით პრეზიდენტს მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუქციები აქვს, 28 ოქტომბრის არჩევნებით გამოჩნდება, თუ რამდენად უჭერს მხარს მოსახლეობა ოპოზიციას, განსაკუთრებით კი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ლიდერს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამჟამად ამსტერდამში ცხოვრობს და იქიდან „ქართულ ოცნებას“ და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს დამხობით ემუქრება“, - ნათქვამია რუსული გამოცემის, «КоммерсантЪ»-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის დასაწყისში.



„საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) უკვე გააფრთხილა პარტიები და პრეზიდენტობის კანდიდატები, რომ არ დაუშვან ამომრჩეველთა მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ამ დროს ხაზი გაუსვა, რომ ეს ყველაზე მეტად ეხება ხელისუფლებას - მმართველ პარტიას. თუმცა, ოპოზიციისათვის ასეთი გაფრთხილებას „სპექტაკლად“ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ცესკო ხელისუფლებასთან ერთად არჩევნების შედეგებს თვითონ გააყალბებს: „არჩევნები ყალბდება არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდშიც. ხელისუფლებამ უკვე დაიწყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება“, - ამბობს „კომერსანტ“-თან საუბარში ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი.



პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ მმართველი პარტია საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის წამოყენებაზე უარს ამბობს. მასალაში ყურადღება ეთმობა პრეზიდენტობის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატს (ამ ეტაპზე), საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს სალომე ზურაბიშვილს: გადმოცემულია მისი მოკლე ბიოგრაფია, წარსული საქმიანობა და აღნიშნულია, რომ იგი მოსახლეობაში გარკვეული პოპულარობით სარგებლობს. ამასთან, ავტორი აღნიშნავს, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აზრით, სალომე ზურაბიშვილს გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს და მას პარტიათაშორისო გაერთიანების („ძალა ერთობაშია“, რომელშიც „ნაციონალებიც“ შედიან) კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აუცილებლად დაამარცხებს. „ექს-პრეზიდენტს ძალიან სურს სამშობლოში დაბრუნება, მაგრამ მას დაუსწრებლად აქვს მისჯილი ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა. მიხეილ სააკაშვილს ჰაერივით ჭირდება ახალი რევოლუცია, ციხეში რომ არ აღმოჩნდეს“, - ამბობს პოლიტოლოგი ვანო გამგებელი „კომერსანტ“-თან საუბარში.

 


„შეიძლება ითქვას, რომ 28 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე უპროგნოზო არჩევნებია: ჯერ კიდევ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ მმართველ პარტიას არჩევნებში თავისი ოფიციალური კანდიდატი არ ჰყოლოდეს. არავინ არ იცის, თუ ვისკენ გადაიხრება ამომრჩეველთა სიმპათია“, - ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

ავტორ(ებ)ი : newspress.ge