Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

15:33 03.09.2018
ქართული კულტურა კვლავ იპყრობს გერმანული პრესის ყურადღებას

 

ეროვნული კერძები, ღვინო, მუსიკა - წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა ფრანკფურტის მდინარის ფესტივალზე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე 46 დღე დარჩა - ლიტერატურის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან ახალი გამოცემების ნახვა,  საჯარო კითხვებითა და სხვადასხვა ღონისძიებით ტკბობის საშუალება მიეცემა, საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონს საქართველო წარმოადგენს...

მანამდე კი, საქართველო მდინარის ფესტივალის ეპიცენტრშია.

ფესტივალის მთავარი სცენიდან ქართველი დიჯეების კომპოზიციების ხმა ისმის. ნაციონალურ-კულინარიულ კუთხეში სანელებლების სასიამოვნო სურნელი დგას. მწვადი და ღვინო ნაციონალურ-კულინარიული კულტურის მთავარი ელემენტია.

80 მეტრზე გაშლილ  ქართულ კუთხეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი გვაცნობს. ქართულ ღვინოზე  გერმანიაში მოღვაწე ქართველი იმპორტიორი პაატა ბოლოთაშვილი გვიყვება. მისი თქმით, ქართული ღვინო განსაკუთრებული პოპულარობით იტალიაში სარგებლობს, რაც ანგრევს მითს, თითქოს, იტალიელები მხოლოდ იტალიურ ღვინოს მიირთმევდნენ. ქართულ ღვინოს 7000 წელზე ძველი ტრადიცია აქვს, მისი წარმოების მეთოდი იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. საქართველოში დაწურულ  ყურძენს სპეციალურ  ჭურჭელში - „ქვევრში“ მიწის ქვეშ  ინახავენ, სადაც  ღვინო მწიფდება. ასეთი წარმოების შედეგად შექმნილ ღვინოს უნიკალური ქარვისფერი დაჰკრავს... - „ძალიან გემრიელია“ - მპასუხობს ჩემს გვერდით მდგომი გერმანელი ქალბატონი, ქართული ღვინის  დასაგემოვნებლად მოწყობილი კუთხიდან.

გვერდით თავბრუდამხვევი ატმოსფეროა, თუმცა არა ღვინისგან... სპეციალური ვირტუალური  რეალობის სათვალე საქართველოს ტურიზმის კუთხეში თავბრუდამხვევ ქართულ ლანდშაფტს ვირტუალურად გვაცნობს. აქ  ყველაფერია: ყვავილების მდელოები, მთები, ტაძრები, კურორტული ზონები!

ვიხსნით სათვალეს და გვერდით მოწყობილ საბავშვო კუთხეში გადავინაცვლებთ, სადაც  ვიზიტორი ბავშვები ქართულ ანბანს ხატავენ. ქართული ანბანიც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია.

„Georgia – Made by Characters“- ასეთია სტუმარი ქვეყნის სლოგანი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. აქვე, ლიტერატურულ კუთხეში, აკა მორჩილაძის „მოგზაურობა ყარაბაღში“ და ნინო ხარატიშვილის „ჯუჯა“ არის წარმოდგენილი.

უფრო მეტს ქართული კულტურის შესახებ, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე შეიტყობთ.

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge