Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:15 03.09.2018
კონსტანტინე გვარჯალაძის შეხვედრა ჩერჩილთან (დიალოგის ჩანაწერი)

1921 წლის თებერვალ-მარტის მოვლენების შემდეგ, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა დევნილობაში, ძირითადად საფრანგეთში გაგრძელდა. ევროპაში მყოფი მთავრობის წევრები მაქსიმალურად ცდილობდნენ ხმა მიეწვდინათ პოლიტიკური ლიდერებისთვის იმაზე, თუ როგორ მოექცა ბოლშევიკური რუსეთი საქართველოს და ამისთვის ყველა არსებულ რესურსს იყენებდნენ. ერთ-ერთი ასეთი მცდელობის შესახებ ისტორიას ინახავს საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტი (საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი N2114, საქმე N67), რომელიც წარმოადგენს დიალოგს კონსტანტინე გვარჯალაძესა და უინსტონ ჩერჩილს შორის.

 

კონსტანტინე გვარჯალაძე (1884-1969) - ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი, სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტიის წევრი. 1919 წელს ის აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების შემადგენლობაში. მცირე ხანში მან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლა და საგარეო საქმეთა მინისტრის ამხანაგი (მოადგილე) გახდა. 1921 წელს, ისევე როგორც მთავრობის წევრების დიდ ნაწილს, გვარჯალაძეს ემიგრაციაში წასვლა მოუხდა. იგი ჯერ კონსტანტინოპოლში, ხოლო შემდეგ ლონდონში მოღვაწეობდა. 1925-1930 წლებში გვარჯალაძე იყო დევნილი მთავრობის არაოფიციალური დიპლომატიური წარმომადგენელი დიდ ბრიტანეთში. სწორედ ამ თანამდებობაზე ყოფნისას შეხვდა ქართველ დიპლომატი ინგლისის ახლადდანიშნულ ფინანსთა მინისტრს, უინსტონ ჩერჩილს.

 

1926 წელს უინსტონ ჩერჩილი ახალი დანიშნული იყო ფინანსთა მინისტრად. ამავე პერიოდში, ლენინის სიკვდილის შემდეგ საბჭოთა კავშირში ახალი ლიდერები, იოსებ სტალინი და ლევ ტროცკი გამოჩნდნენ. ჩერჩილი, რომელსაც საბჭოთა კავშირთან მიმართებაში შორსმიმავალი პოლიტიკური გეგმები ამოძრავებდა აქტიურად ინტერესდებოდა სტალინის პერსონით და აგროვებდა ინფორმაციას ადამიანზე, რომელიც ფაქტობრივად არსაიდან მოვიდა და ერთბაშად უზარმაზარი ქვეყნის მმართველობის სადავეებთან აღმოჩნდა. შესაბამისად მან არ გაუშვა ხელიდან შანსი გასაუბრებოდა სტალინის თანამემამულეს, რომელიც პირადად იცნობდა საბჭოელ ლიდერს.

 

„დიახ, სტალინი საუბედუროთ ქართველია. მე მას პირადათაც ვიცნობ.“ - ამბობს კონსტანტინე გვარჯალაძე ჩერჩილთან საუბარში. გვარჯალაძე ამას გარდა საუბრობს 1916-1922 წლებში ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, დევიდ ლოიდ ჯორჯის არასაკმარისად ხისტ პოლიტიკაზე ბოლშევიკების მიმართ - დიპლომატის აზრით ამან ბოლშევიკების რუსეთის ხელისუფლების სათავეში აღმოჩენაში დიდი როლი ითამაშა. ამაზე ჩერჩილი გვარჯალაძეს პასუხობს, რომ ეს ერთადერთი სისულელე არ იყო რაც ლოიდ ჯორჯმა ჩაიდინა.

 

ზემოხსენებული დოკუმენტი ასახავს საქართველოს დევნილი მთავრობის მცდელობებს ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით. ქვეყნის განსათავისუფლებლად მთავრობის წევრები მართავდნენ უამრავ შეხვედრას ევროპის უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებთან. ხშირად თვით ამ პოლიტიკოსებს საკუთარი ქვეყნის თუ ვიწრო პოლიტიკური ინტერესი ამოძრავებდათ და ამას ქართული ემიგრანტული მთავრობა ხვდებოდა, თუმცა ისინი მცდელობას არ აკლებდნენ და კომუნიკაციის ყველა საშუალებას იყენებდნენ. თავდაუზოგავი მუშაობა შედეგიანიც იყო: ევროპულ პრესაში აქტიურად შუქდებოდა საქართველოს საკითხი, საბჭოთა კავშირი კი ერთა ლიგამ მხოლოდ 1934 წელს აღიარა, რადგან საქართველოს და სხვა მცირე ერების მომავალი ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი.

 

ჩერჩილის დამოკიდებულება საბჭოთა რუსეთში შექმნილი მდგომარეობისადმი არ ეფუძნებოდა დაპყრობილი ერებისადმი თანაგრძნობას. მისი მემუარებით და სხვა დოკუმენტებით, ასევე ინგლისის მთავრობის მოქმედებით ამ წლებში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბრიტანელ პოლიტიკოსებს უფრო მეტად ერთიანი რუსეთის აღდგენა სურდათ ყოფილი რუსეთის იმპერიის საზღვრებში, ოღონდ არა ბოლშევიკების, არამედ ე.წ. „თეთრების“ ხელმძღვანელობით.


გთავაზობთ დოკუმენტის ტრანსკრიპტს. ხელნაწერის სტილი დაცულია, ჩვენ არ გაგვისწორებია ორთოგრაფიული თუ სხვა სახის შეცდომები. აქამდე დოკუმენტი ცნობილი იყო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თემაზე მომუშავე მეცნიერების და მკვლევარების მცირე ჯგუფისთვის, მისი გამოქვეყნებით კი გვსურს ფართო საზოგადოებას გავაცნოთ ის.

 

XII

4 დეკემბერი, 1926 წ.

 

ჩ-ლთან შეხვედრის ანგარიში

 

ჩ. პოლკოვნიმა გადმომცა, რომ თქვენ გსურდათ ჩემი ნახვა. სიამოვნებით ვასრულებ მის თხოვნას. მხოლოდთ ამ შეხვედრას, სრულიათ კერძო ხასიათი აქვს.

გ. ინგლისის სახელმწიფო მოღვაწეთა შორის მე განსაკუთრებით მსურდა თქვენი ნახვა. ამის დავალებაც მქონდა ჩემი მთავრობიდგან. ჩვენ არა ერთხელ წაგვიკითხავს თქვენი სიტყვები წარმოთქმული პარლამენტში თუ სხვადასხვა კრებებზე, რომლებშიდაც თქვენ ქართველი ხალხის ბედზე სიმპატიით ლაპარაკობდით. ჩვენ განსაკუთრებით დღეს გვსურს თქვენი აზრი ვიცოდეთ საქართველოს შესახებ. ვიცით, რომ თქვენ ინგლისის პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი გავლენა გაქვთ და მით უფრო მეტი არის საინტერესო თქვენი აზრი ჩვენ შესახებ.

ჩ. მართალია, მე ქართველებს სიმპატიით ვიხსენიებდი. განსაკუთრებით ხშირათ მილაპარაკნია მე საქართველოზე ინგლისის უკანასკნელ არჩევნების დროს. მაგალითათ მომყავდა ბოლშევიკების რეპრესიების და ტერორის შესახებ საქართველოში თქვენი ნაციონალური აჯანყების (National Rising) დროს. მაგრამ ეხლა ალბათ მდგომარეობა თქვენში უკეთესია. ამბობენ, რომ სტალინი, რომელიც ეხლა გავლენიანი პირია რუსეთში ქართველი არისო. თან ის მემარჯვენე მიმართულების კაცია და ისეთი მკაცრი ალბათ აღარ იქნებაო.

გ. დიახ, სტალინი საუბედუროთ ქართველია. მე მას პირადათაც ვიცნობ.

ჩ. (გაკვირვებული) მართლა?

გ. ჩვენში რუსის ჯარების შემოყვანა სტალინის დაჟინებით და ინიციატივით მოხთა. უკანასკნელი აჯანყების დროს 4000 კაცის დახვრედას სწორეთ სტალინის კარნახით ხთებოდა.

ჩ. (გაკვირვებით) გაუგებარია. რატომ ის უნდა ყოფილიყო განსაკუთრებით ქართველების წინააღმდეგი!

გ. ალბათ მიტომ, რომ ის ქართველია და საქართველოში მეტი სიმკაცრის გამოჩენა მას მოსკოვში მეტ ნდობას მოუპოვებდა.

ჩ. აა მესმის. რა განათლების კაცია სტალინი?

გ. მას უმაღლესი განათლებაც არ აქვს მიღებული. ის სემინარიიდგან არის. ამ სასწავლებელში ის სამღვდელოთ ემზადებოდა. შემდეგ სასწავლებილიდგანაც გამორიცხეს, მერმედ კი პროპაგანდისტობა დაიწყო.

ჩ. ჩამომავლობით სტალინი მაღალი წრიდგან (High Society) მოდის?

გ. არა ის უბრალო დედმამის შვილია. ამბობენ რომ მამა ოსი სადისტი იყო და დედაც არანორმალური პიროვნებაო.

ჩ. (გაკვირვებით უსმენს)

გ. თქვენო აღმატებულებავ, არ არის მართალი ის, ვითომც სტალინი მემარჯვენე იყოს. ის არის უპრინციპო ოპორტუნისტი, რომელიც ეგუება ამა თუ იმ მდგომარეობას და მისი უპირველესი სადა ის არის, რომ ყოველ პირობებში ძალაუფლება თვითონ შეინარჩუნოს. ამ მოსაზრებით და მიზნით ის არაფერს არ ზოგავს. ამ მხრივ ის ყველა ცნობილ კომუნისტებთა შორის ყველაზე უფრო უსასტიკესი, დაუზოგველი და შეუბრალებელია. მისთვის ყოველნაირი ზომა და საშუალება მისაღებია. მასზე ხშირათ ამბობენ - ხელში კეტი, თავში რეტი -.

ჩ. (იცინის)

გ. მე ბოდიშს ვიხთი, რომ სტალინზე ამდენი შევჩერდი.

ჩ. განაგრძეთ, განაგრძეთ. ეს მე მაინტერესებს ძლიერ.

გ. სტალინი კომუნისტური პარტიის გენერალური სეკრეტარია. როგორც ცნობილია, რუსეთის კომუნისტური პარტია კონტროლს უკეთებს რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ევროპაში საპროპაგანდო ბიუჯეტსაც კომუნისტური პარტია და მისი გენ. მდივანი ამტკიცებს და უშვება კონტროლს. ზინოვიევს წინეთ საპროპაგანდოთ ფულები სტალინის მიერ ეძლეოდა და უმტკიცდებოდა. დღეს ზინოვიევის მაგიერ სტალინის მეგობარი - ბუხარინია და ამ უკანასკნელს ალბათ კიდევ უფრო ადვილათ შეეძლება ბიუჯეტის გადიდება. ბუხარის სიტყვებიდგან გასულ კვირაში მე15ტე კონფერენციაზე მოსკოვში ნათლათ გამოირკვა, რომ ბოლშევიკები დღეს კიდევ უფრო ვიდრე გუშინ ხსნას ინგლისის და ჩინეთის რევოლუციებიდგან მოელიან.

ჩ. სად ილაპარაკა ამაებს შესახებ ბუხარინმა?

გ. კომუნისტურ პარტიის მე15ტე კონფერენციაზე მოსკოვში ამ ნოემბრის უკანასკნელ რიცხვებში ბუხარინმა იქ გააკეთა ვეებერთელა მოხსენება საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ, სადაც მთელი მათი საგარეო პოლიტიკაა გადაშლილი. იქ არის ინგლისის და ჩინეთის შესახებაც ყველაფერი. გარდა ამისა ცნობილია, რომ სტლაინი ლენინის დროსაც და ეხლადაც ჩინეთის რევოლუციის მოსაწყობათ დიდ როლს თამაშობდა და თამაშობს. ამ ბოლო ხანებში ის ერთი დიდი ნაბიჯის გადადგმას შეეცადა. მან პოლიტბიურო დაუკითხავათ პერსონალურათ უბრძანა რუსის ჯარების ერთ ნაწილს ჩანხალინის წინააღმდეგ ზომები მიეღოთ, მანჯურიაში მოქმედი ეს გენერალი დაემარცხებია და მით კანტონის რაიონში მოქმედ რევოლუციონურ ჯარებისათვისაც ერთნაირი დახმარება გაეწია. მაგრამ შემდეგ ეს შეიტყო პოლიტბიურომ და სტალინს ეს თავისი ბრძანება უკან წააღებია.

ჩ. საიდან გაქვთ თქვენ ეს ცნობა?

გ. ეს გამოირკვა ტროცკის, კამენევის და პარტიის სხვა ლიდერების სტალინის წინააღმდეგ გამოსვლებიდგან. ეს იყო მათ პრესაშიდაც. თუ ნებას მომცემთ ყველა ამ მასალას მე გადავცემ თქვენ მდივანს.

ჩ. ამით თქვენ მეტათ დამავალებთ (I shall be very obliged).

გ. მე ძლიერ მეშინია რომ თქვენი ძვირფასი დროთი მეტათ არ ვისარგებლო.

ჩ. (უყურებს საათს) არა, არა. მე კიდევ მაქვს 10-15 წუთი. შემდეგ კი კრება მაქვს. განაგრძეთ.

გ. იმ ფაქტს, რომ დღეს ბოლშევიკები გაბატონებული არიან საქართველოში და კავკასიის სხვა ქვეყნებში საერთოთ დიდი მნიშვნელობა აქვს ბოლშევიკებისათვის. მათ იქ ერთნაირი სამუშაო ბაზა აქვთ. იქიდგან კი სულ ადვილათ იჭერენ კავშირს ოსმალეთთან, სპარსეთთან, ავგანისტანთან და სხვა ქვეყნებთან. საქართველოში და კავკასიის სხვა ადგილებში დღეს ბოლშევიკები რომ არ იყოს და ლოიდ ჯორჯს რომ ამ დროებით ძალაუფლება ქონდეს, არ ვიცი, თუ ის დღეს კრასინის მოადგილესთან დასდებდა ხელშეკრულებას და რუსებს კავკასიაში შემოსასვლელათ წაახალისებდა.

ჩ. ეს ლოიდ ჯორჯის ერთი იმ მრავალ სისულელეთაგანი იყო, რაც მას ასე ხშირად ჩაუდენია.

გ. ყოველ შემთხვევაში, თქვენ აღმატებულებავ, ჩვენ ჩვენი ქვეყნის კარგი მომავალი ღრმად გვრწამს და ამ მომავლისათვის ვმუშაობთ. მაგრამ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ სასტიკ რეჟიმის ქვეშ და მეტი ენერგიის და ნაყოფიერი მუშაობის გამორჩენათ გვეჭირვება დიდი ქვეყნის მორალური და მატერიალური დახმარება.

ჩ. ქართველების მიგრაცია დიდია ევროპაში?

გ. დაახლოვებით იქნება 1500 კაცამდე. ესენი თითქმის ყველა მოწყობილნი არიან სხვადასხვა სამუშაოებზე და თავს ირჩენენ. მე არა მათ დახმარებაზე ვლაპარაკობ. მე მაინტერესებს თვით საქართველოში მუშაობა და იქიდგან ბოლშევიკების გაძევება.

ჩ. კი მაგრამ საქართველოში როგორ შეგვიძლია მუშაობა როცა იქ ბოლშევიკური რეჟიმია.

გ. ჩვენ მუშაობას ვაწარმოებდით წინანდელი რეჟიმის დროს. მუშაობა სწარმოებდა ჩვენი ერის უკანასკნელ აჯანყებამდე. სწორეთ ამ მუშაობამ ააჯანყა ჩვენი ხალხი. მუშაობა სწარმოებს ეხლადაც. ეს მუშაობა ჩუმი, არალეგალურია. იქ ვბეჭდავთ გაზეთებს...

ჩ. კი მაგრამ, სხვა გაზეთები რომ აკრძალულია.

გ. დიახ, ყველაფერი იქ აკრძალულია.

დ. დიახ, ყველაფერი იქ აკრძალულია. მაგრამ გაზეთები არალეგალურათ იბეჭდება ტყეებში, მთებში, აგრეთვე ბევრი ხალხი გადამალულია...

ჩ. (გაკვირვებით) საკვირველია!

გ. ყველაფერი ეს მოითხოვს მათ დახმარებას. ჩვენ კი ამის საშუალება არა გვაქვს. ნებას ვაძლევ ჩემ თავს მოგმართო თხოვნით, თუ რამე ფორმით კი შეიძლება, თქვენივე კონტროლის ქვეშ გაგვიწიოს სათანადო დახმარება. თქვენი მთავრობის და საქართველოს ნაციონალური მთავრობის შორის წინა წლებში იყო ლაპარაკი ერთი თანხის შესახებ, რომელიც ჩვენი მთავრობის აზრით თქვენ მთავრობას უნდა აენაზღაურებია მისთვის. მაგრამ ეს საკითხი ვერ მოგვარდა მაშინ.

ჩ. მე ამის შესახებ არაფერი ვიცი.

გ. თუ ნებას მომცემთ, მე ვთხოვ პოლკოვნიკს, როცა თქვენ თავისუფალი დრო გექნებათ, ეს საკითხი მოგაგონოთ და მოგახსენოთ. ჩვენთვის დღეს მეტად საშური არის დახმარება, რომ ჩვენი ერის ორგანიზაციული მუშაობა ვაწარმოვოთ. დახმარების ფორმას ჩვენთვის არ აქვს ისეთი მნიშვნელობა. თუ საერთოთ თქვენგან გვექნება რაიმე დახმარება. შეიძლება თქვენ დახმარების სხვადასხვა წყაროები ქონდეთ. აღმოსავლეთში მდგომარეობა დღეს თვალსაჩინოთ რთულდება. ჩვენ გვსურს, რომ ყველაფრისათვის მზათ ვიყოთ. ვფიქრობ, საჭიროების დროს, ქართველები შესაფერ როლს ვითამაშებთ კავკასიის ერების მოძრაობაში. საჭიროა მხოლოთ ვხედავდეთ, რომ ჩვენ ზურგს გვიმაგრებს დიდი და ძლიერი სახელმწიფო.

ჩ. მადლობას გიცხადებთ თქვენი მეტათ საინტერესო ცნობებისათვის.

ავტორ(ებ)ი : damoukidebloba.ge