Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

20:38 05.09.2018
საწვავის ფასი რამდენიმე დღეში კვლავ მოიმატებს და 2,60 ლარამდე გაძვირდება

საწვავის ფასი რამდენიმე დღეში კვლავ მოიმატებს. მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ღირებულების ზრდაა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ბოლო მონაცემებით, 1 ბარელი ნავთობის ღირებულება 79 აშშ დოლარია, ხოლო ლარის კურსი 2,58-ს გადასცდა. სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ ეს მოცემულობა შენარჩუნდება, საქართველოში ბრენდირებულ სადგურებზე საწვავი 2,60 ლარამდე გაძვირდება.



ბოლო პერიოდში მსოფლიო ბაზარზე როგორც ნედლი ნავთობის, ასევე ნავთობპროდუქტების ფასი იზრდება. ერთი ბარელი „ბრენტის" ტიპის ნავთობის ღირებულება 79 აშშ დოლარია. გაძვირება ჯერჯერობით არ დაწყებულა საქართველოში მსხვილ ბენზინგასამართ სადგურებზე, თუმცა მცირე აგს-ების ნაწილმა ფასის მატება უკვე დაიწყო.

 


ღირებულების უცვლელად შენარჩუნების მიზეზი, სავარაუდოდ, მარაგია, რომელიც ჯერ არ ამოწურულა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ისიც რამდენიმე დღეში ამოიწურება და ფასის მატებაც დაიწყება. ლარის კურსი ახლო სამეზობლოში განვითარებული მოვლენების გამო გაუფასურდა და მოლოდინი არასაიმედოა. მსოფლიო ბაზარზე დოლარი მყარდება, თურქეთში სავალუტო კრიზისი გრძელდება და ამას ემატება შემოდგომისა და ზამთრის პერიოდის მოახლოება, როცა ლარი ბოლო წლების განმავლობაში ისედაც მუდმივად შოკურ პროცესშია. ვალუტის კურსისა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის გათვალისწინებით, საქართველოში ცხელი ფასების შემოდგომა-ზამთრის მოლოდინია.

საწვავის ფასის მატების ტენდენციას ეხმაურება ეკონომისტი ნიკა შენგელია და აღნიშნავს, რომ ქართველმა  იმპორტიორებმა ამ ფასის პირობებში არ უნდა შეავსონ მარაგი, რადგან 10-13 სექტემბრიდან, დიდი ალბათობით, 20-22 დეკემბრამდე მსოფლიო ბაზარზე ფასის მკვეთრი კლებაა მოსალოდნელი.


„გთხოვთ, გაითვალისწინოთ მსოფლიო სასაქონლო ბირჟებზე შექმნილი სიტუაციებიდან მომდინარე მოლოდინი. კერძოდ ის, რომ 10-13 სექტემბრიდან, დიდი ალბათობით, 20-22 დეკემბრამდე მოსალოდნელია ნავთობპროდუქტებზე ფასების მნიშვნელოვანი დაწევა და, აქედან გამომდინარე, ნუ მოახდენთ დღევანდელი მაღალი ფასებით მარაგის შევსებას. დიდი შანსია, ხელში შეგრჩეთ ძვირად ღირებული ნავთობპროდუქტები და თუ გაითვალისწინებთ იმასაც, რომ ლარს დოლართან მიმართებით აღმავალი ტრენდი აქვს, წლის ბოლოსათვის მოსახლეობას გაძვირებული საწვავი ნამდვილად არ წაადგება. მოკლედ, გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი ანალიტიკური სამსახურის ანალიტიკური ინფორმაცია, რომ საწვავზე ფასების დავარდნის დასაწყისი ახლოვდება 10-12 სექტემბრიდან და დიდი მარაგის შეძენისაგან თავი შეიკავოთ. ამ ჯერზე ინფორმაცია და რეკომენდაცია უფასოდაა. თქვენ, როგორც კომერციულ სტრუქტურებს, ნუ დაგემართებათ ისე, როგორც ეკონომიკური მართვის გუნდს - „თავიანთთვის არ იცოდეს და არც სხვისი ესმოდეთო", - წერს შენგელია სოციალურ ქსელში.



იმავე პროგნოზს აკეთებს ამერიკის საავტომობილო ასოციაციაც. ზაფხულის სეზონის დასასრულის მოახლოებასთან ერთად, ამერიკის საავტომობილო ასოციაცია აშშ-ის ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინის ფასის მნიშვნელოვან დაცემას ელოდება. შემოდგომით, სავარაუდოდ, ბენზინზე მოთხოვნა მცირდება, მომხმარებელთა უმრავლესობას უმთავრდება საზაფხულო შვებულება, რომელიც ხანგრძლივ მგზავრობას უკავშირდება. 



ჯერჯერობით სულ სხვა ვითარებაა საქართველოში. კომპანია „ტრანს ლოგისტიკის" დირექტორი ჯაბა თარიმანიშვილი ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასი აღმავალია და ყველა ობიექტური ფაქტორი აჩვენებს, რომ ასე გაგრძელდება. საბოლოო ჯამში, ფასის მატება საქართველოშიც აისახება.

„ბოლო პერიოდის დინამიკა აღმავალია. ბოლო დათვლით, თვითღირებულება უფრო მეტი გამოდის, ვიდრე ის ფასი, რაც დღეს ადგილობრივ ბაზარზეა. როგორც ჩანს, ქართველ იმპორტიორებს შემორჩენილი ჰქონდათ იაფი მარაგი და ამ ეტაპზე შეინარჩუნეს ღირებულება, მაგრამ მაქსიმუმ ერთ კვირაში და უფრო სავარაუდოა, რომ რამდენიმე დღეში ამას ვეღარ მოახერხებენ და ფასი საკმაოდ მოიმატებს.

მე არ ვიცი, რას ეფუძნება მოსაზრება, რომ მსოფლო ბაზარზე ფასის კლება დაიწყება, რადგან ღირებულების განმსაზღვრელი ბევრი ფაქტორია და ამ ყველაფრის პროგნოზირება ძალიან რთულია. ეკონომიკური მდგომარეობის გარდა, ექსპორტიორ ქვეყნებში ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია სანქციები, რომლებიც ამერიკამ ირანს დაუწესა და ნოემბრიდან ამოქმედდება, ვენესუელის ეკონომიკური კრიზისი და ა. შ. ერთი კონკრეტული ფაქტორი, რომ ტურისტული სეზონი დამთავრდა და მოხმარება შემცირდება, ვერაფერს ცვლის გლობალურ საფასო პოლიტიკაში", - განუცხადა თარიმანაშვილმა „რეზონანსს".

მისივე თქმით, თუკი მსოფლიო ბაზარზე ეს ფასი შენარჩუნდა, ხოლო ლარიც ამ ნიშნულზე დარჩა, საქართველოში ყველაზე იაფი საწვავის ღირებულება ბრენდირებულ სადგურებზე 2.50-2.60 ლარს მიაღწევს.

„უცხოელი ექსპერტების ვარაუდიც ასეთი იყო და პრინციპში იმ რადიუსშია ფასები - დაახლოებით 80 დოლარის ფარგლებში. თუ ამ ნიშნულს გასცდა, რა თქმა უნდა, იქნება მკვეთრი ნახტომი და ქართულ ბაზარზე საწვავი 3 ლარამდე მოიმატებს. დღეს კი რეალური თვითღირებულება იმგვარია, რომ საცალო ქსელში 2,50-2,60 უნდა იყოს.

ქართველ იმპორტიორებს საწვავის დიდი მარაგი არ გააჩნიათ. საქართველოში 5-7 ათას ტონამდე მოცულობის გემებით შემოდის საწვავი. თვეში დაახლოებით მთლიანად 100 000 ტონა საწვავის იმპორტი ხორციელდება. ეს რომ გავყოთ შემომტანების რაოდენობაზე, მივიღებთ, რომ თითოეულს 10 დღეზე მეტი მარაგის გაკეთება არ შეუძლია. ამიტომ ახლა რომც დაიმარაგონ, შემდეგი შევსებისას სხვაობა მაინც მალე გამოჩნდება, თუკი ტენდენცია კლებისაკენ წავა, თუმცა ახლა შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ამის არავითარი ობიექტური ნიშანწყალი არ ჩანს და ნავთობპროდუქტების გაძვირება ჩვენთანაც უახლოეს დღეებში მოხდება", - აცხადებს თარიმანიშვილი.

„ლუკოილ-ჯორჯიას" წარმომადგენელი შავლეგ მიშველაძე ამბობს, რომ ფასის მატება თავად კომპანიებისთვისაც არასასურველია და ამ პროცესის გადავადებას ცდილობენ, თუმცა მსოფლიო ბაზარზე არსებული ტენდენციიდან გამომდინარე, გაძვირება ქართულ ბაზარზეც დაწყებულია.



„იმ ტიპის კომპანიებისათვის რომლებიც საქართველოში მუშაობენ, ფასის მატება არის ყველაზე არასასურველი მოვლენა. ძალზე ნეგატიურად აისახება ეს ჩვენს ბიზნესზე. როგორც კი ძვირდება ფასი, მომენტალურად მცირდება მომხმარებელთა რაოდენობა. ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ, არ გავაძვიროთ საწვავი. რასაკვირველია, მარაგის ხარჯზე ხდება ფასის მატების რაც შეიძლება გადავადება. დღემდე ჩვენ ამის რესურსი გვქონდა, რამდენ ხანს გვექნება კიდევ, ეს უცნობია და რასაკვირველია, იმპორტიორთა ნაბიჯებიც იქნება იმის ადეკვატური, როგორც განვითარდება მსოფლიოში ბაზარზე ტენდენცია და ვალუტის გაცვლითი კურსი. ფაქტია, ტრენდი უკვე შეინიშნება ბაზარზე, 2-3 თეთრით გაძვირების პროცესი უკვე მიმდინარეობს", - აცხადებს მიშველაძე „რეზონანსთან". 

 

 


გაზეთი „რეზონანსი"

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge