Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:07 05.09.2018
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ქრობისას პარკის დაცვის უფროსი ივანე კუპრაძე დაიღუპა

დღეს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსი 43 წლის ივანე კუპრაძე დაიღუპა. იგი ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა.

ივანე კუპრაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2003 წლიდან მუშაობდა. გამორჩეული და თავდადებული შრომისთვის არაერთხელ აქვს მიღებული მადლობის სიგელი. იგი გამოირჩეოდა ბრაკონიერებთან შეუპოვარი ბრძოლით და ხშირად ჩაუგდია თავი საფრთხეში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge