Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:37 05.09.2018
„ეს პირდაპირი ჩარევაა სასამართლოში და ის არის, რაც საკანონმდებლო ორგანომ არასოდეს უნდა დაწეროს“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ოპოზიციონერმა წევრებმა, რომლებსაც კომისიაში უმრავლესობამ შესაძლებლობა და შანსი მისცა, რომ საგამოძიებო კომისიის მანდატის ფარგლებში კვალიფიციური და ობიექტური დასკვნა მოემზადებინათ, ეს შანსი არ გამოიყენეს. როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, დასკვნა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ უმრავლესობით მიიღო, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

 

„სამწუხაროდ, ისეთი დასკვნა მიიღეს, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მართლმსაჯულების სფეროში იჭრება, ეს პირდაპირი ჩარევაა სასამართლოში და ის არის, რაც საკანონმდებლო ორგანომ არასოდეს უნდა დაწეროს. ჩვენ დოკუმენტი წარმოვადგინეთ, რომელიც აბსოლუტურად შესაბამისობაშია ფაქტებთან და მანდატთან, რაც კომისიას აქვს. პასუხისმგებლობითაა მომზადებული. ამიტომ, დასკვნა სესიაზე იქნება წარდგენილი, მაგრამ კენჭი დადგენილებას ეყრება და არა დადგენილების პროექტს“, - განაცხადა ბესელიამ. მისი თქმით, დადგენილების პროექტსა და რეკომენდაციებს მოამზადებენ, რომელსაც პარლამენტს გადაუგზავნიან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge