Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:14 06.09.2018
"დღგ-ს დაბრუნების რეფორმით წელს ქართულ ეკონომიკაში ნახევარ მილიარდ ლარამდე თანხის დაბრუნებას ვგეგმავთ" - მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქართველ მეწარმეებს დღგ-ს დაბრუნების სისტემაში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს, - როგორც მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, აღნიშნული რეფორმით წელს ქართული ბიზნესისთვის ნახევარ მილიარდ ლარამდე ოდენობის თანხის დაბრუნება იგეგმება.

პრემიერის ინფორმაციით, იმ ძალიან მტკივნეულ თემასთან დაკავშირებით, როგორიცაა დღგ-ს დაბრუნების სისტემა, მთავრობის მიერ 1-ლი იანვრიდან დაწყებული მნიშნელოვანი რეფორმით, დღემდე კერძო სექტორისთვის დაახლოებით 280 მილიონი ლარია დაბრუნებული.

„მაგრამ აქაც არსებობს გარკვეული სტერეოტიპები. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებში ქართულ ბიზნესს ძალიან მტკივნეული გამოცდილება აქვს  დღგ-ს დაბრუნების პროცედურებთან დაკავშირებით, რადგან დღგ-ს დაბრუნება პირდაპირ კავშირში იყო საწარმოში ან საგადასახადო ორგანოების, უმრავლეს შემთხვევაში კი - ფინანსური პოლიციის შესვლასთან. ეს იყო ძალიან მავნე პრაქტიკა, რომელმაც ქართული ბიზნესი ძალიან დააზარალა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ქართველ მეწარმეებს მეტი აქტიურობისა და განაცხადების შევსებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დღგ-ს დაბრუნების პროცესი ძალიან მარტივი, კომფორტული და მეგობრულია.

„მესმის, რომ წარსულის გამოცდილება ამ ნაწილში ძალიან მძიმეა, მაგრამ ჩვენ ერთობლივად უნდა ჩამოვაყალიბოთ თანამედროვე, ახალი, სამართლიანი თამაშის წესები. ასე, რომ მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ქართულ ბიზნესს, მაქსიმალურად ჩაერთოს აღნიშნულ პროექტში. ჩვენი ამოცანაა, წელს ნახევარ მილიარდ ლარამდე დავაბრუნოთ ქართულ ეკონომიკაში", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge