Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:12 06.09.2018
„ბიძინა ივანიშვილის სასამართლომ მე დამაჯარიმა 2500 ლარით მხოლოდ იმიტომ, რომ მხარს ვუჭერდი სარალიძესა და მაჩალიკაშვილს“

სასამართლომ საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე 2500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ ლაშა თავართქილაძემ გამოაცხადა. ირაკლი ნადირაძის თქმით, ის ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს დაუხოცეს შვილები, ხელი დააფარეს დამნაშავეებს, დღემდე ვერ პოულობენ ისინი სამართალს და ამ დროს ბიძინა ივანიშვილის სასამართლომ მე დამაჯარიმა 2500 ლარით მხოლოდ იმიტომ, რომ მხარს ვუჭერდი ამ ადამიანებს. მე არანაირი კანონი არ დამირღვევია, მაგრამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს. მე ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავაპროტესტებ სააპელაციო სასამართლოში“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

შეგახსენებთ, 11 ივნისს, ქაშვეთის ეკლესიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრი და აქციის მონაწილე რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებულებიდან საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ნადირაძე ხელწერილით გაუშვეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge