Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

00:08 08.09.2018
„ომეგა ჯგუფი“ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც 50 მილიონზე მეტი ვალი ერიცხება ბიუჯეტის წინაშე“

ფინანსთა სამინისტრო „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ-ის“ საგადასახადო დავალიანების სახით, დღეის მდგომარეობით, ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. აღნიშნული დავალიანება დეკლარირებულია გადამხდელის მიერ 2015-2018 წლებში. 

„ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც 50 მილიონზე მეტი ვალი ერიცხება ბიუჯეტის წინაშე. თანხის გადაუხდელობის გამო, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები - ინკასო და ყადაღა. 

აღსანიშნავია, რომ ამ წლების განმავლობაში, კომპანიამ 2-ჯერ მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დავალიანების გადანაწილებისთვის (გრაფიკისთვის), რომელიც მათი მოთხოვნის შესაბამისად გაფორმდა, თუმცა გადამხდელის მიერ გადახდის პირობების დარღვევის გამო, ორივე გრაფიკი გაუქმდა კანონმდებლობის შესაბამისად. 

გარდა ამისა, კომპანიამ 11-ჯერ, წერილობით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, იძულებითი ღონისძიებების არ გამოყენების/გაუქმების თხოვნით, რომელიც გათვალისწინებული იყო შემოსავლების სამსახურის მხრიდან, რათა არ შეფერებულიყო საწარმოს ფუნქციონირება. 

იძულებითი ღონისძიებების გადავადების მიუხედავად, კომპანიამ საგადასახადო დავალიანების შემცირების ნაცვლად, განაგრძო დავალიანების ზრდა, რის გამოც შემოსვლების სამსახური იძულებული გახდა გამოეყენებინა მისთვის კანონით მინიჭებული ღონისძიებები 

ფინანსთა სამინისტროს დეკლარირებული პოლიტიკაა, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ჯანსაღი და კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნას, მაქსიმალურად გაითვალისწინოს ბიზნესის ინტერესები, გადასახადების გადახდისას წარმოქმნილი სირთულეების დაძლევის მიზნით, ამავდროულად, ვინარჩუნებთ მკაცრი კონტროლის პოლიტიკას, იმ გადამხდელების მიმართ, რომლებიც ცდილობენ თავი აარიდონ საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას, რითაც არაკონკურენტულ პირობებში აყენებენ კეთილსინდისიერ გადამხდელებს”,- ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთავრობის განუხრელი პრიორიტეტია, ბიზნესისთვის სამართლიანი და ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფა, არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ახლის შექმნა. 

„ასევე, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მედია პლურალიზმის და თავისუფალი მედია გარემოს უზრუნველყოფა”,- ნათქვამია განცახდებაში. 

ტელეკომპანია “იბერიის” განცხადებით, არხის მუშაობა საფრთხის ქვეშაა. ამის შესახებ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, “იბერია” მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ხუზმიაშვილის თქმით, კომპანია ომეგა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც “იბერია” შედის, პარალიზებულია. მისი თქმით, ეს ხელისუფლების მხრიდან მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge