Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

19:38 09.09.2018
„საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია 2008 წლის ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიციას შეესაბამება“

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია 2008 წლის ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიციას შეესაბამება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის ყველაზე ღირსეული დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია, პრეზიდენტის უფლებამოსილებები სათანადოდ განახორციელოს.

 

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ყველაზე ღირსეული დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია, პრეზიდენტის უფლებამოსილებები სათანადოდ განახორციელოს. მას აქვს სათანადო დამოკიდებულება ყველა საკითხთან დაკავშირებით. თქვენ ახსენეთ ომის საკითხი. ჩვენ მოვისმინეთ მისი განმარტება თავის განცხადებებთან დაკავშირებით და მისი განმარტება შეესაბამება „ქართული ოცნების“ პოზიციას. შეგახსენებთ, ეს განმარტება რა იყო: ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ 2008 წელს აგრესორი იყო რუსეთი, ის იყო შესაბამისად, ომის ინიციატორი, მისი სცენარით წარიმართა პროცესები 2008 წლის აგვისტოში საქართველოში, თუმცა ამ სცენარის განხორციელების აუცილებელი პირობა იყო ის მოქმედებები, რომელიც სამწუხაროდ, მაშინ განახორციელა სააკაშვილის ხელისუფლებამ, რომ არა ავანტურისტული მიდგომა, რომ არა უგუნურება, ვერ შეძლებდა რუსეთის ფედერაცია თავისი ამ სცენარის განხორციელებას. ეს იყო მისი დაზუსტება, დაკონკრეტება და ეს სრულად შეესაბამება, რა თქმა უნდა, ჩვენს პოზიციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ საზოგადოებას მოუწოდა, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მხარი დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge