Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

17:21 10.09.2018
"ქართული ოცნება" ტელეკომპანია "იბერიას" წართმევას ცდილობს!" - არჩილ გამზარდია

ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას," გონს მოეგოს, აღძრას სისხლის სამართლის საქმე "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის მიმართ, ასევე გამოიძიოს სხვა მაღალჩინოსნების ჩართულობა "იბერიის" ხელისუფლების მხრიდან დატაცების საკითხზე.


მოვუწოდებ მთავრობას, დაუბრუნდეს კანონის ფარგლებს და შეასრულოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება როგორც "იბერიის", ასევე მთლიანად "ომეგა ჯგუფის" მიმართ.


ის, რაც ამჟამად ხდება, ახალი "სიმღერა" არაა პოლიტიკური წნეხისა და ტერორისა. 2002 წელს ეს მეთოდი გამოიყენა შევარდნაძის ხელისუფლებამ და შევარდა "რუსთავი 2"-ში, ოფიციალურ მიზეზად კი ფინანსური პრობლემები დაასახელა; ანალოგიური მოხდა მიხეილ სააკაშვილის დროს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ბანკი" დააყადაღეს და მეცხრე არხს შეუქმნეს პრობლემები და იქაც ოფიციალურ მიზეზებად ხელისუფლებამ ფინანსები დაასახელა და იგივე ხდება დღეს, როდესაც "ქართული ოცნება" "იბერიის" დატერორებას ცდილობს და შევარდნაძისეულ-სააკაშვილისეული მეთოდებით ებრძვის.


"ომეგა ჯგუფი" პრაქტიკულად პარალიზებულია და პარალიზების რეჟიმში, ბუნებრივია, შეუძლებელია ვალის გადახდა, რომელიც ასევე "ქართული ოცნების" მიერაა ხელოვნურად შექმნილი და ითხოვს ვალის გადანაწილებას, რაზეც ხელისუფლება უარს აცხადებს. "ომეგა ჯგუფმა" ამ წლის ბოლომდე შესთავაზა ვალის 20%-ის გადახდა და დანარჩენის გადანაწილება, თუმცა, "ქართული ოცნება" უარს აცხადებს და სანაცვლოდ ტელეკომპანია "იბერიას" წართმევას ცდილობს.


"ქართული ოცნება" იქცევა როგორც კრიმინალური დაჯგუფება.

არც მე და არც თქვენ გვიგულშემატკივრია დღევანდელი ხელისუფლებისათვის იმისთვის, რომ წარსული ხელისუფლებების მანკიერებით ემოქმედა და კიდევ უფრო მეტ კრიმინალად ქცეულიყო.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", მოეგოს გონს და ბანდიტურ-ყაჩაღური ქმედების ნაცვლად კანონის შესაბამისად იმოქმედოს." - წერს გამზარდია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge