Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:01 11.09.2018
"სარალიძეს საქმე, ვერასდროს იქცევა გირგვლიანის საქმედ"- დავით ზარდიაშვილი

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"რასაკვირველია, სარალიძეს შეუძლია მოითხოვოს ყველაფერი, რაც მოეპრიანება და იგი ითხოვს: ხელისუფლების გადადგომას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და რაც ყველაზე "მაგარია" - მანამდე დროებითი ხელისუფლების (?!) შექმნას. დროებითი ხელისუფლება, სავარაუდოდ, შიმშილობის აქციაზე პრალამენტის წინ შეკრებილთა მიერ დაინიშნება. ფაშინიანსაც მოვიხმობთ კონსულტაციებისთვის - რა და როგორ კეთდება ამ დროს.


მოითხოვე რაც გინდა და პარლამენტის წინ იშიმშილე ამისთვის - დემოკრატიაა. მაგრამ მხოლოდ ცათა სასუფეველში, ხოლო დედამიწაზე კი - ოდენ კომუნიზმშია, როცა ყველა მოშიმშილეს მოთხოვნისდა მიხედვით ყოველი მიეცემა.


...სარალიძეს საქმე, რაც არ უნდა წრეგადასული და უკვე აბსურდულობამდე მისული მოთხოვნები იქნეს წამოყენებული, ცხადია, ვერასდროს იქცევა გირგვლიანის საქმედ.


თუმცა, ისიც ნათელია, რომ ამ საქმის რებუსების ამოხსნა, არც ისე რთული უნდა იყოს, როგორც ეს ერთი შეხედვითა ჩანს. მაგალითად, ეს რებუსი - დიდი ალბათობით ინიციალები მ.კ. - მკ-ვლელის შემოკლებული სახელი უნდა იყოს. ამავე ლოგიკით შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ მსჯავრდებული გ,ჯ. უფრო "გალახული ჯაბანია", ვიდრე მკვლელობის მცდელი. ხოლო მთავარი რებუსი: ს.ს.კ. (ე.ი. "სარალიძის საქმის კაზუსი") " სამართალდამცავი სისტემის კრიზისად" მკაფიოდ იშიფრება.

კრიზისი დემოკრატიისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა და იგი მხოლოდ მაშინ არის საშიში, თუ მისგან გამოსავალი არ არსებობს. ამ კრიზისიდან, დარწმუნებული ვარ, გამოსავალი არის და მას ხელისუფლების გადადგომისა და ქვეყნის დაქცევის გარეშეც უსათუოდ ვიპოვით." - წერს იგი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge