Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

17:32 11.09.2018
"საქართველოს ტერიტორიის ნაწილი რომ ოკუპირებულია, არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ნატო-ს წევრი არ უნდა გახდეს"

რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად, პირველი რაც საქართველომ უნდა გააკეთოს, არის ის, რომ გაძლიერდეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” უკრაინის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა განუცხადა.

 

„პოლიტიკური კუთხით საქართველოს უნდა ჰქონდეს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, ხოლო ეკონომიკური კუთხით უნდა იყოს შექმნილი შესანიშნავი გარემო ინვესტიციებისთვის, ეკონომიკური ზრდისთვის. საქართველო შეძლებისდაგვარად ძლიერი უნდა იყოს”, - განაცხადა კურტ ვოლკერმა.

 

მისივე თქმით, საჭიროა საუბარი იმაზე, რომ რუსეთს დღემდე არ შეუსრულებია თავისი ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში.

 

„ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმის ანექსიას. ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარებას”, - აღნიშნა მან.

 

კურტ ვოლკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ რუსეთის ამ პოლიტიკას იმით უნდა უპასუხოს, რომ ძლიერი იყოს.

 

„რუსეთს უნდა უპასუხოთ ძლიერი საზოგადოების მშენებლობით. საქართველო ამ ტერიტორიების რეინტეგრაციის მაგნიტად უნდა გახადოთ. ვფიქრობ, აფხაზეთში ხალხს ესმით, რომ რუსეთთან დაკავშირება, რომელიც მათ თავს მოახვიეს, დესტრუქტიულია”, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

 

კურტ ვოლკერმა ასევე ისაუბრა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციაზე.

 

„საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არ არის მიბმული ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე. მარტო საქართველოს არ შეუძლია ამ საკითხის გადაჭრა. ეს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ ეს სიტუაცია არ უნდა მივიღოთ. მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი არ უნდა გახდეს. შეგახსენებთ, რომ გერმანია ნატო-ში მიიღეს, როდესაც გაყოფილი იყო”, - დასძინა მან.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge