Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

20:36 11.09.2018
„მარიხუანასგან დამზადებული პრეპარატები ძალიან ბევრი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, მაგალითად, ეპილეფსიის, დიაბეტის, პარკინსონის დროს“

მარიხუანასგან დამზადებული პრეპარატები ძალიან ბევრი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, მაგალითად, ეპილეფსიის, დიაბეტის, პარკინსონის დროს და ა.შ. - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ მარიხუანას წარმოებისა და ექსპორტზე გატანის საკითხის კომენტირებისას განუცხადა. „ძალიან კარგი იდეა და ინიციატივაა. თუ საქართველოში დაინერგება ამ პრეპარატების გამოყენება, ძალიან კარგი იქნება. უკვე რამდენიმე პრეპარატი არის რეგისტრირებული, რომელიც მარიხუანასგან მზადდება. არის პრეპარატები, რომლებიც დღესდღეობით კვლევაშია და ძალიან ბევრი ქვეყანა აწარმოებს კვლევებს ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზურაბ სიხარულიძემ. მისივე თქმით, თვითონ მცენარეშიც არსებობს ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება როგორც გარეგანი მალამოები, ზეთები და ა.შ. „მარიხუანა გარდა იმისა, რომ სამკურნალოდ გამოიყენება, ასევე, მისი წარმოებაში გამოყენებაც შესაძლებელია. კანაფისგან დამზადებული ქსოვილები, ბაწრები ძალიან მაღალი ხარისხის არის“, - განაცხადა სიხარულიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის. როგორც “ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში სწორედ მარიხუანას წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge